ბიფიდობაქტერია

ბიფიდობაქტერია (ლათ. Bifidobacterium: bifidus – ორად გაყოფილი და bacteria – ბაქტერია). გრამდადებითი, ანაერობული ბაქტერიების გვარი. ფორმით ოდნავ მოღუნული ჩხირებია (სიგრძე 2-5 მკმ). ზოგჯერ ბოლოებში ორად გაყოფილი. არ წარმოქმნიან სპორებს. ბიფიდობაქტერიებს ზრდისათვის ესაჭიროებათ პარა-ამინო ბენზოის და პანთოტენის მჟავები. დიფერენციალური ნიადაგია ბრაუროკის არე. მიკრობების რაოდენობა ნორმაში შეადგენს 109—1010 რაოდენობრივ ერთეულს/გრ.
ძუძუთი მკვებავ ბავშვებში ბიფიდობაქტერიები, ნაწლავური ფლორის 80-90%-ს შეადგენს. ასევეა პატარა ძუძუმწოვარა ცხოველების შემთხვევებშიც. ბიფიდობაქტერიები თრგუნავენ ნაწლავებში მოხვედრილი სხვადასხვა ლპობის და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, განაპირობებენ ნახშირწყლების მონელებას. ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ, ბიფიდოფლორა იცვლება მოზრდილი ადამიანისათვის დამახასიათებელი, ნაწლავური მიკროფლორით.
ადამიანის ორგანიზმში ბიფიდობაქტერიების ფუნქციებია:
ნაწლავის ლორწოვან გარსთან ასოცირებით, წარმოიქმნება ნაწლავის ფიზიოლოგიური ბარიერი, რაც ხელს უშლის ორგანიზმში, არასასურველი მიკრობების და ტოქსინების შეღწევას;
ბიფიდობაქტერიებს გააჩნია, მაღალი ანტაგონისტური აქტიურობა პათოგენურ და პირობით მიკროორგანიზმებთან მიმართებაში, რადგან გამოიმუშავებს ორგანულ ცხიმოვან მჟავებს;
ბიფიდობაქტერიები მონაწილეობს საკვები სუბსტრატების და კედლისმიერი საჭმლის მონელების აქტივაციის პროცესში;
ბიფიდობაქტერიები ასინთეზებს ამინომჟავებს და ცილებს, ვიტამინ К-ს, В ჯგუფის ვიტამინებს: B1  – თიამინს, B2 – რიბოფლავინს, B5 – პანთოტენის მჟავას,  B3 – ნიკოტინის მჟავას, B6 – ს პირიდოქსინს,  В9 – ფოლიუმის მჟავას.
ბიფიდობაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის კედლის საშუალებით კალციუმის, რკინის, ვიტამინ D-ს შეწოვას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.