გონოკოკი

გონოკოკი (ლათ. Neisseria gonorrhoeae) – Neisseria-ს გვარის გრამუარყოფითი, დიპლოკოკური ბაქტერიების გვარი. იწვევს ანთროპონოზურ ვენერიულ დაავადებას – გონორეას. დაავადებას ახასიათებს შარდ-სასქესო სისტემის, ლორწოვანი გარსის ჩირქოვანი ანთება. გონოკოკი უმოძრაო, გრამუარყოფითი კოკია. დიპლოკოკები წააგავს ყავის მარცვლებს, მიმართულია ერთმანეთისაკენ ჩაზნექილი მხრიდან. ნეიტროფილებით ფაგოციტირებული გონოკოკები, ხშირად არ იღუპება და ინარჩუნებენ ცხოველმყოფელობასა და ვირულენტობას (ენდოციტობიოზი), მეტიც მრავლდებიან კიდეც.
არახელსაყრელი პირობების დადგომისას, ხშირად ანტიბაქტერიული პრეპარატების გავლენით, გონოკოკები ტრანსფორმირდებიან L-ფორმებად და იცვლიან თვისებებს. გონოკოკების ლაბორატორიულად გამრავლება, შესაძლებელია ხელოვნურ საკვებ არეებზე, კარგად იზრდებიან ადამიანის ცილების შემცველ ბულიონზე, მომატებული CO2-ის პირობეში 37 °C-ზე.
ორგანიზმის გარეთ გონოკოკები ნაკლებად მდგრადებია. გონოკოკები იღუპებიან სუბსტრატის გამოშრობისას. თითქმის მომენტალურად იღუპებიან საპნიან წყალში. დამღუპველად მოქმედებს, ვერცხლის სუსტი მარილი, ანტისეპტიკების ხსნარი და მრავალი ანტიბიოტიკი.
ადამიანის ორგანიზმში გონოკოკები შედარებით სწრაფად იძენენ მდგრადობას ანტიბიოტიკების და სულფანილამიდებისადმი; თანდათან იზრდება ისეთი შტამების რაოდენობა, რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.