შავი ჭირის ჩხირი

შავი ჭირის ჩხირი (ლათ. Yersinia pestis) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. ოჯახი ენტერობაქტერიები. ბუბონური შავი ჭირის ინფექციური აგენტი, მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია და სეპტიკური ჭირი. აღნიშნული ფორმები, პასუხისმგებელია დედამიწაზე არაერთი მასიური ეპიდემიების წარმოშობაზე.
გვარი Yersinia – გრამუარყოფითი ბიპოლარული კოკობაცილაა. Yersinia pestis წარმოქმნის ანტიფაგოციტურ ლორწოს. მისი პათოგენურობა განისაზღვრება ანტიფაგოციტური ანტიგენებით: F1 და VW. აღნიშნულ ანტიგენებს ბაქტერია წარმოქმნის 37°C-ზე. შავი ჭირის ჩხირი მრავლდება მონოციტებში და სხვა სისხლის უჯრედებში, გამონაკლისია პოლიმორფულ-ბირთვული ნეიტროფილური გრანულოციტი. ვაქცინაცია არ იცავს ადამიანს ფილტვის ჭირისაგან. ადამიანის ჰაერ-წვეთოვანი ინფიცირების შემთხვევაში, ჰუმორულ იმუნიტეტს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. Yersinia pestis-ის დნმ-ი აღმოჩენილია შვეიცარიაში, დაახლოებით 4900 წლის უკან მცხოვრებ ქალის ნაშთებში. Yersinia pestis-ის დნმ, გამოვლენილია ადამიანის უფრო ძველ ნაშთებშიც.
Yersinia pestis-ის  უძველესი შტამების  და მისი სავარაუდო წინაპრის Yersinia pseudotuberculosis-ის (ფსევდოტუბერკულოზის ჩხირი) გენების შედარებისას გამოვლინდა, რომ Yersinia pestis-მა მუტაცია განიცადა შედარებით უვნებელი მიკროორგანიზმიდან დაახლოებით 10 ათასი წლის უკან. დადგინდა, რომ ნიადაგში მცხოვრები, მსუბუქი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევმა Yersinia pseudotuberculosis-მა, შეიძინა მაშინ რამდენიმე გენი, რომლებმაც მას მიანიჭა ადამიანის ფილტვებში შეღწევის უნარი. მომავალში, საკვნაძო Pla გენში შეიცვალა ერთი ამინომჟავა, რის გამოც მიკროორგანიმმა შეძლო დაეშალა ფილტვის ცილოვანი მოლეკულები და გამრავლებულიყო მთელს ორგანიზმში ლიმფური სისტემის გზით. მეცნიერების აზრით, გენი Pla შავი ჭირის ჩხირმა მიიღო, გენების ჰორიზონტალური ცვლის შედეგად სხვა მიკრობისაგან.  აღნიშნულ მონაცემებს ასევე ადასტურებს დანიელი და ბრიტანელი მეცნიერების ექსპერიმენტები, რომლებმაც გამოიკვლიეს დნმ-ის მოლეკულა, რომელიც აღებული იყო ევრაზიის ტერიტორიაზე ნაპოვნი (პოლონეთიდან ციმბირამდე) ბრინჯაოს ხანის 101 ადამიანის კბილებიდან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.