Paenibacillus polymyxa

Paenibacillus polymyxa (ლათ.) – Paenibacillus-ის გვარის ტიპური სახეობა, გრამდადებითი, სპორაწარმომქნელი ჩხირისებრი ბაქტერია. წარმოადგენს ანტიბიოტიკ პოლიმიქსინის პროდუცენტს. ბინადრობს მცენარის რიზოსფეროში და იცავს მცენარეებს ფიტოპათოგენებისაგან. წარმომქნის თერმოსტაბილურ ოვალურ ენდოსპორას, რომელიც აჭარბებს უჯრედის ზომას (უჯრედს ლიმონის ფორმა აქვს). შეუძლია წარმოქმნას ლორწოვანი კაფსულა. ქეომოორგანოჰეტეროტროფია, აერობი, ფაკულტატური ანაერობი (აქვს ნიტრატრედუქციის უნარი). იზრდება მარტივ საკულტივაციო არეებზე. აგარიზებულ საკვებ არეზე წარმოქმნის უფერო, ბრტყელ ან წანაზარდების მქონე, გლუვ და ლორწოვან კოლონიებს, ხერხისებრი კიდეებით. ასინთეზებს კატალაზას. ზოგიერთ შტამს შეუძლია ცელულოზას ჰიდროლიზი. მჟავას და აირის წარმოქმნით ახდენს L-არაბინოზის, D-გლუკოზის, D-მანიტოლის და D-ქსილოზის უტილიზაციას. არ იზრდება 5 % NaCl-ის თანაობისას. არ წარმოქმნის ინდოლს. Paenibacillus polymyxa ანტიბიოტიკ პოლიმიქსინის და სხვა ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური თვისებების მქონე ანტიბიოტიკების პროდუცენტია. Paenibacillus polymyxa-ს ეგზოპოლისაქარიდი შეიძლება გამოყენებული იყოს მძიმე მეტალების ბიოსორბციის მიზნით, რაც საშუალებას იძლევა გაიწმინდოს საწარმოო წყლები მძიმე მეტალების ნარჩენებისგან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.