Rickettsia rickettsi

Rickettsia rickettsi (ლათ.) – რისკეტსიების გვარის სახეობა. კლასი ალფა-პროტეობაქტერიები. იწვევს დაავადებას – კლდოვანი მთების ლაქოვან ცხელებას. Rickettsia rickettsi – ჩხირისებრი, უმოძრაო, გრამუარყოფითი ბაქტერიაა. რომანოვსკი-გიმზას მეთოდით იღებება ცისფრად. უჯრედები ფორმა იცვლება, ზრდის ფაზის და პირობების მიხედვით. არ წარმოქმნის ენდოსპორებს. R. rickettsi აქვს მიკროკაფსულა და მემბრანის უჯრედული კედლის ზედაპირზე ლორწოვანი საფარველი, რომელიც ლიპოპოლისაქარიდებისაგან, მურეინის და ცილა-ანტიგენებისაგან შედგება. ნუკლეოიდი რგოლოვანი ქრომოსომით არის წარმოდგენილი. R. rickettsi  ისევე, როგორც ვირუსები, შიდაუჯრედული პარაზიტებია. მოცემულ ბაქტერიას ჰყავს ორი მასპინძელი: შუალედური მასპინძელია ტკიპები, ძირითადი კი ძუძუმწოვრები, მათ შორის ადამიანი. ტკიპის კბენის შემდეგ ადამიანის, სისხლის მიმოქცევის წრეში მოხვედრისას, რისკეტსიები პირველ რიგში აინფიცირებენ ენდოთელის უჯრედებს. უჯრედში შეღწევა შემდეგნაირად მიმდინარეობს: რისკეტსია ემაგრება მემბრანას და ფაგოციტირდება უჯრედებში. უჯრედში მოხვედრის შემდეგ თავისუფლდება ფაგოსომიდან და გადაადგილდება შოლტების საშუალებით. უჯრედი დატოვების შემდეგ R. rickettsi  არ შლის მას. ადამიანს რისკეტსია გადაეცემა ორი სახეობის ტკიპებით: Dermacentor andersoni-ით და Dermacentor variabilis-ით. კლინიკური სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 3-12 დღის შემდეგ. ვითარდება ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, უეცარი შეცივება და კანკალი. თითქმის ყოველთვის 2-6 დღეს ჩნდება გამონაყარი – ვარდისფერი ლაქები თითებზე, მუხლის და ტერფის სახსრების მიდამოში, ხელის და ფეხის გულებზე, წინამხარზე. სიკვდილიანობა 7%-ს შეადგენს. R. rickettsi მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების ფართო სპექტრის, განსაკუთრებით ტეტრაციკლინების ჯგუფის მიმართ. რისკეტსიები არ იზრდება ხელოვნურ საკვებ არეებზე. ლაბორატორიაში მისი კულტივირება ხდება ქათმის ემბრიონზე ან ქსოვილურ კულტურებზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share this...Share on Facebook
Facebook