კლინდამიცინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბიოტიკი ლინკოზამინების ჯგუფიდან. თერაპევტულ დოზებში მიკრობულ უჯრედზე ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს; მისი ზეგავლენით უჯრედში ცილის სინთეზი ირღვევა. გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით გრამდადებით მიკროორგანიზმებზე, როგორიცაა: აერობული კოკები -Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis – მათ შორის პენიცილინაზას პროდუცენტი შტამებიც ?Streptococcus spp., Streptococcus pneumoniae ჩათვლით (Enterococcus faecalis გარდა); აერობული არასპორწარმომქმნელი ბაქტერიები – Corynebacterium diptheriae ანაერობული სპორწარმომქმნელი ბაქტერიები – Clostridium spp; კლინდამიცინი აქტიურია ზოგიერთი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართაც, როგორიცაა: ანაერობული სპორწარმომქნელი ბაქტერიები -Bacteroides spp., Fusobacterium spp.,  და აგრეთვე Mycoplasma spp. კლინდამიცინი არ მოქმედებს სოკოებზე ვირუსებზე უმარტივესებზე (ტოქსოპლაზმების გარდა).
კლინდამიცინისადმი მდგრადობა მიკროორგანიზმებში მნიშვნელოვანი დაყოვნებით ვითარდება (სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით).

ჩვენებები
სისტემური გამოყენებისათვის: კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის –
პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, ოსტეომიელიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, პერიტონიტი;
ჩირქოვანი ინფექცია კანში, რბილ ქსოვილებსა და ჭრილობებში; პერიტონიტისა და აბსცესების პროფილაქტიკა მუცლის ღრუში ნაწლავების ტრავმისა ან პერფორაციის შემთხვევაში (ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში);
როგორც სარეზერვო ანტიბიოტიკი პენიცილინისადმი მდგრად სტაფილოკოკებისა და სხვა გრამდადებითი მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.
ადგილობრივი გამოყენებისათვის:
კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინოზები.
გარეგანი გამოყენებისათვის ჩვეულებრივი ფერიჭამია.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია. ზრდასრულებში შიგნით მისაღები დოზაა 150-450 მგ 4-ჯერ დღეღამეში.
– კუნთებში – 1.2-2.7 გ/დღეღამეში, განაწილებული 3-4 შეყვანაზე; მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4.8 გ.
– კუნთებში ინექციით ერთჯერადად 600 მგ-ზე მეტი დოზის შეყვანა არაა რეკომენდებული.
– ვენაში წვეთოვანი გადასხმით 600-900 მგ შეყავთ; ვენაში შესაყვანი მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1,2 გ, ხოლო გადასხმის სიჩქარე არაუმეტეს 30 მგ/წუთში. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.
– შიგნით მისაღები დოზა 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დღეღამეში 8-25 მგ/კგ-მდეა 3-4 მიღებაზე განაწილებული.
– ბავშვებს, რომელთა სხეულის წონა 10 კგ-მდეა, უნიშნავენ 37.5 მგ 3-ჯერ დღეღამეში.
– პარენტერალურად ახალშობილებში შეჰყავთ 15-20 მგ/კგ დღე-ღამეში; 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 20-40 მგ/კგ დღეღამეში 3-4 მიღებაზე განაწილებული.
ინტრავაგინალურად თითო დოზა შეყავთ ძილის წინ, მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე.
გარეგანი დანიშნულებით – დაზიანებული ზედაპირი იფარება პრეპარატით 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცელში, ფაღარათი. შიგნით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ეზოფაგიტის მოვლენები; იშვიათად – შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; თირკმლის ფუნქციის მოშლა, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის დროებითი მატება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღების შედეგად ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებაა მოსალოდნელი.
უიშვიათესად – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ცხელება; აღწერილია ანაფილაქსიური შოკის ერთეული შემთხვევებიც).
ვენაში მაღალ დოზებში შეყვანის შედეგად მოსალოდნელია ფლებიტის განვითარება. ვენაში სწრაფმა შეყვანამ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუ და ზოგადი სისუსტე გამოიწვიოს, ხოლო კუნთებში შეყვანამ – ინფილტრატი, აბსცესები.
ადგილობრივი ხმარების შედეგად მოსალოდნელია ცერვიციტი, ვაგინიტი ან ვულვოვაგინალური გაღიზიანება.
გარეგანმა ხმარებამ შეიძლება ადგილობრივი გაღიზიანება და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. შეზღუდული სისტემური აბსორბციის გამო შესაძლებელია სისტემური გვერდითი მოვლენებიც განვითარდეს, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

უკუჩვენებები
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებში მკვეთრი გადახრები, ორსულობა, ლაქტაცია, ჭარბი მგრძნობელობა კლინდამიცინისა ან ლინკომიცინისადმი.

განსაკუთრებული მითითებები
♦ სიფრთხილით იყენებენ ანამნეზში მითითებული კუჭ-ნაწლავის არხის დაავადებათა შემთხვევაში;
♦ ფსევდომემბრანოზული კოლიტი შეიძლება განვითარდეს როგორც კლინდამიცინით მკურნალობის პროცესში, ისე მკურნალობის დამთავრებიდან 2-3 კვირის შემდეგაც.
♦ ნაწლავის პერისტალტიკის შემაკავებული პრეპარატების მიღება დაუშვებელია.
♦ კლინდამიცინი ბენზილის სპირტს შეიცავს, რომელმაც უდღეურ ბავშვებში შეიძლება შეხუთვის სინდრომი და შედეგად – სიკვდილიც გამოიწვიოს.
♦ არაა რეკომენდებული კლინდამიცინის გამოყენება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის შემაფერხებელ პრეპარატებთან ერთდროულად.
♦ ინტრავაგინალურად სხვა ინტრავაგინალურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება არაა მიზანშეწონილი.
♦ ორსულობის პერიოდში კლინდამიცინის ვაგინალური კრემის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები.

გაფრთხილება