ჰემართროზი

ჰემართროზი hemarthron

ჰემართროზი – სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში. წარმოიქმნება დაჟეჟვის, ხშირად სახსარშიგა დაზიანებების დროს (სასახსრე ჩანთის, მენისკის გაგლეჯა, ქვეამოვარდნილობები, მოტეხილობები). ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი.

ჰემართროზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. სისხლი ავსებს სახსრის ღრუს, იწვევს ტკივილს; სახსარი მოცულობაში დიდდება, მასში მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეულია. ძვლის ტრავმის გამოსარიცხავად აუცილებელია სახსრის რენტგენოგრაფია.

ჰემართროზი – გართულებები: გადასვლა ქრონიკულ მიმდინარეობაში სინოვიტის განვითარებით; სახსრის შიგთავსის დაინფიცირების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი ართრიტი.

ჰემართროზი – მკურნალობა. ჰოსპიტალიზაცია და სახსრის იმობილიზაცია, სახსრის პუნქცია ასეპტიკურ პირობებში, მისგან სისხლის ამოღება, დამწოლი ნახვევი მუხლის სახსარზე, უკანა თაბაშირის ლონგეტი 2-3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია.

ჰემართროზი – პროფილაქტიკა: დამცავი საშუალებების გამოყენება ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, ჰოკეის თამაშის დროს.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.