ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ენდომიტოზი – (endomitosis ბერძნ.endon – შიგნით და იხ.მიტოზი) მიტოზის სახესხვაობა, რომლის შემთხვევაში ხდება ქრომოსომების (დნმ – ის რაოდენობის) რიცხვის ბირთვშიგა ჯერადი მომატება. ენდომიტოზის დროს ბირთვშიგა პროცესები მიმდინარეობს ბირთვის გარსის მთლიანობის დაურღვევლად და აქრომატული (გაყოფის) აპარატის წარმოუქმნელად. ზოგ შემთხვევაში ბირთვების ენდომიტოზური ცვლილებები ჰგავს მიტოზს, უფრო სწორად, მის ცალკეულ გამოვლინებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, გავარჩიოთ ენდომიტოზის შემდეგი ფაზები: 1. ენდოპროფაზა, რომლის დროს ბირთვის შიგნით წარმოიქმნება ქრომოსომები, მაგრამ ბირთვის გარსი შენარჩუნებულია და აქრომატული თითისტარა სრულებით არ არის; 2. ენდომეტაფაზა, რომლის განმავლობაში ქრომოსომები მოკლდება და გრძივად იხლიჩება. ეს ხდება ბირთვის შიგნით შენარჩუნებული გარსის ქვეშ; 3. ენდოფაზა, რომელსაც ახასიათებს ბირთვის შიგნით ქრომოსომების განცალკევება ანაფაზური ვარსკვლავების ტიპის ფიგურების წარმოუქმნელად; 4. ენდოტელოფაზა, რომლის განმავლობაში ენდომიტოზით გაყოფად ბირთვში ქრომოსომები, როგორც გამოცალკევებული მორფოლოგიური განაწევრები, ქრება. ამ დროს არ გაიყოფა ბირთვი და ციტოპლაზმა, ვინაიდან მიტოზური ანუ გაყოფის აპარატი არ არის. ენდომიტოზის შედეგად გაყოფად უჯრედებში ქრომოსომული ნაკრებების რაოდენობა მატულობს. ასეთი ბირთვი პოლიპლოიდური ხდება. ენდომიტოზი მიმდინარეობს იმ უჯრედებში, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ფუნქციონირების უნარი მალული გაყოფის მთელი პროცესის მანძილზე. ენდომიტოზური პოლიპლოიდია განსაკუთრებით ხშირია სიმსივნურ უჯრედებში. ენდომიტოზი პირველად აღწერა ჰეიტლერმა (1941). მანვე შემოიღო ტერმინი „ენდომიტოზი“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა