ციმბირის წყლული

ციმბირის წყლული (ჯილეხი) anthrax

ციმბირის წყლული – მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან. ადამიანთან მიმდინარეობს კანის, ფილტვების, ნაწლავისა და სეპტიკური ფორმებით.

ციმბირის წყლული – ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროა დაავადებული მსხვილი და წვრილი რქოსანი პირუტყვი, ნაწილობრივ ღორებიც. ციმბირის წყლულით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს დაავადებული ცხოველების მოვლის, პირუტყვის დაკვლის, მათი ტყავის, ბეწვის  გადამუშავების დროს. ინფექციის გადაცემის ფაქტორს აგრეთვე წარმოადგეს განადგურებული პირუტყვის სასაფლაოს ნიადაგი.  გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანიდან (გადაცემის კონტაქტური მექანიზმი), ლორწოვანი გარსებიდან (ზედა სასუნთქი გზები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტი) მეშვეობით. დასნებოვნების ჰაემტვროვანი გზა იწვევს ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის განვითარებას. ორგანიზმში შეღწევის შემდეგ სპორები გარდაიქმნებიან ძალზე  ვირულენტურ, ვეგეტატიურ ფორმებად და იწვევენ დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების განვითარებას.

ციმბირის წყლული – ეტიოლოგია. გამომწვევია ჯილეხის ბაცილა, რომელიც  წარმოადგენს გრამდადებით,  მსხვილ ჩხირს Bacillus anthracis; აერობია, წარმოქმნის სპორებს, რომლებიც წლობით ინახება ნიადაგში და უძლებს 1 საათამდე დუღილს. გამომწვევის ვეგეტატული ფორმა იღუპება ჰაერის მიუწვდომლობისას, გაცხელებით, სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედებით. გამომწვევის სპორები გარემოში მეტად მდგრადები არიან.

ციმბირის წყლული – პათოგენეზი. ორგანიზმში ინფექციიის შეღწევის ადგილას ვითარდება ქსივილების ნეკროზული ცვლილებები (კანის ფორმა) ან სეროზულ – ჰემორაგიული გამონადენი (ექსუდატი დაავადების ფილტვისმიერი ფორმის დროს).  გამომწვევი პირველადი კერიდან ხვდება სისხლის ნაკადში (ბაქტერიემია) და შეიძლება გამოიწვიოს მეორადი დაზიანებები (ჰემორაგიული მენინგიტი, ენდოკარდიტი).

ციმბირის წყლული – კლინიკური სურათი. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე საათიდან 8 დღემდეა. (ხშირად 2-3 დღე). ადამიანთან განსაკუთრებით ხშირად ციმბირის წყლული მიმდინარეობს კანის ფორმით (შემთხვევათა 95-99%) და მხოლოდ ავადმყოფთა 1-5%-ში – ფილტვისა და ნაწლავის ფორმით. ციმბირის წყლულის კანის ფორმის დროს გაავადების შეჭრის ადგილას ჩნდება წითელი, ძლიერი ქავილის მომგვრელი ლაქა, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება მკვრივ კვანძად – პაპულად. 10 – 20 საათის გასვლის შემდეგ პაპულის მწვერვალზე ვითარდება ბუშტუკი, რომელიც მალე ივსება სეროზულ – ჰემორაგიული შიგთავსით. ამ გზით წარმოქმნილი ბუშტუკი სკდება;

მის ადგილზე ვითარდება შავი, ნახშირის მსგავსი ქერქი, რომელიც შედგება ნეკროზული ქსოვილებისგან. შემდგომ ქერქი ვარდება, მის გარშემო ვითარდება 4 – 5 მეორადი, შვილისებრი ბუშტუკები, ხოლო თითოეული მათგანი შემდგომ იწვევს პატარა ნეკროზული ქერქის წარმოქმნას. ყალიბდება ე.წ. ციმბირის წყლულის კარბუნკული. ცენტრალური და პერიფერიული ქერქების პერიფერიებზე ვითარდება რბილი ქსოვილების – კანისა და კანქვეშა ქსოვილის მასიური შეშუპება და რეგიონალური ლიმფადენიტი.. შეშუპების ადგილას, კანი აბსოლუტურად უმტკივნეულოა – ნემსით ჩხვლეტითაც კი. დაავადებას თან სდევს ტემპერატურის მომატება (40 – 41 გრადუსი), საერთო სისუსტე, განწყობილების დათრგუნვა, უძილობა და მადის დაქვეითება. დაავადების ბოლოს, როგორც ცენტრალური, ასევე წვრილი პერიფერიული ქერქები სცილდება, მათ ცვლის ნაწიბუროვანი ქსოვილი ზედაპირული ქერქების განვითარებით. ციმბირის წყლულის ფილტვის ფორმა იწყება მწვავედ, მიმდინარეობს მძიმედ. ვლინდება ტკივილი გულმკერდში, ციანოზი, ტაქიკარდია, ხველა ქაფიან – სისხლიანი ნახველით. სხეულის ტემპერატურა სწრაფად აღწევს მაღალ ციფრებს. არტერიული წნევა ქვეითდება. დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია.

ციმბირის წყლულის ნაწლავური ფორმა მიმდინარეობს საერთო ინტოქსიკაცია/”>ინტოქსიკაციით, სხეულის ტემპერატურის მომატებთ, ტკივილით ეპიგასტრიუმში, ფაღარათითა და ღებინებით. მუცელი შებერილია, პალპაციით მკვეთრად მტკივნეული, ზოგჯერ ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები. პირნაღებ მასებსა და ნაწლავურ გამონაყოფებში აღინიშნება სისხლი.

ციმბირის წყლული –  გართულებები. ციმბირის წყლულის ნებისმიერი აღწერილი ფორმის დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისი, ბაქტერიული და მეორადი კერებით (ღვიძლის, ელენთის, თირკმელების, ტვინის გარსების დაზიანება).

ციმბირის წყლული – დიაგნოზი. დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებსა და კანის დამახასიათებელ ცვლილებებს. დიაგნოზს ლაბორატორიულად ადასტურებს ციმბირის  წყლულის გამომწვევის გამოყოფა.

ციმბირის წყლული –  დიფერენციალური დიაგნოზი   მკურნალობა, პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ცალკე პალატაში; გამოწერა ხდება მხოლოდ კლინიკური გამოჯანმრთელებისას წყლულების ეპითელიზაციის დროს, ხოლო ნაწლავური და ფილტვის ფორმების დროს  – მხოლოდ ორჯერადი უარყოფითი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შემდეგ. პირები, რომლებიც იყვნენ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში, 2 კვირის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ აქტიური, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

ციმბირის წყლული – პროგნოზი კანის ფორმისა და დროულად დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. ნაწლავური და ფილტვისფორმების დროს პროგნოზი საეჭვოა ადრე დაწყებული და ინტენსიური მკურნალობის ფონზეც კი.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.