ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა chickenpox (varicella)

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჩუტყვავილა – მწვავე ვირუსული დაავადებაა; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში და ხასიათდება ცხელებით, პაპულურ-ვეზიკულური გამონაყრით, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით.

ჩუტყვავილა – ეტიოლოგია. ჩუტყვავილას გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფის ვირუსებს, რომლებიც არამდგრადნი არიან გარემოში.

ჩუტყვავილა – ეპიდემიოლოგია. ინფექცია უპირატესად გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. ავადმყოფი დასნებოვნებულია ინკუბაციის პერიოდის ბოლოდან ქერქის სრულ მოცილებამდე. გამონარყის ადგილას, ქერქების წარმოქმნის შემდეგ, გამომწვევი გადაეცემა კონტაქტური გზითაც. დაავადება ძალიან გადამდებია, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში. ბინაში, ბაგებში ან საბავშვო ბაღებში თუნდაც ერთი ავადმყოფის გაჩენისთანავე, ყველა იქ არსებული ბავშვი უნდა ჩაითვალოს დასნებოვნებულად. საბავშვო დაწესებულებებში ცხადდება 21 დღიანი კარანტინი, ხოლო ბავშვებმა, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში, იმავე ვადით, არ უნდა იკონტაქტონ ჯანმრთელ ბავშვებთან.

ჩუტყვავილა – პათოგენეზი. გამომწვევი ორგანიზმში აღწევს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსებით. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ წარმოიქმნება ვირუსემია, ვირუსები ფიქსირდება კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელურ უჯრედებში, იწვევს დამახასიათებელ გამონაყარს. გამომწვევმა შესაძლებელია განიცადოს პერსისტირება ორგანიზმში; სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების შედეგად იგი აქტივირდება და იწვევს კანის ლოკალურ დაზიანებას – შემოსარტყვლით ლიქენს.

ჩუტყვავილა – კლინიკური სურათი. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა – 11 – დან 21 დღემდე (საშუალოდ 15 – 17) დღე. ზოგჯერ აღინიშნება ხანმოკლე პროდრომული პერიოდი, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი დღე; ამ პერიოდში კანზე ვლინდება წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც ქრება რამდენიმე საათში. უხშირესად დაავადება იწყება მწვავედ – ტემპერატურის მომატებით 38 – 39 გრადუსამდე, შემდგომ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე, უპირატესად ტანზე, ვითარდება საკმაოდ ხშირი გამონაყარი, მრგვალი ფორმის, 1 – 3 მმ დიამეტრის, მოვარდისფრო ლაქების სახით; ასეთივე გამონაყარი ვლინდება ცხვირხახის და ხახის ლორწოვანზე.

შემდგომ ეს გამონაყარი გარდაიქმნება ბუშტუკებად, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე შიგთავს; თითოეული ბუშტუკის (ვეზიკულის) გარშემო ვითარდება ვიწრო წითელი ქობა (ჰიპერემული კანის ან ლორწოვანი გარსის არშია). ზოგიერთი ბუშტუკის ცენტრში აღინიშნება ჩაღრმავება (,,ჭიპი”), რის შედეგადაც გამონაყრის ელემენტები ემსგავსება ჩვეულებრივი ყვავილის დროს განვითარებულ ელემენტებს. უკვე მე – 2 დღეს ბუშტუკები სკდება ან ავადმყოფი თვითონ იცლის ფრჩხილებით, შიგთავსი შრება კანზე და შედეგად წარმოიქმნება მშრალი, მუქი – მონაცრისფრო ქერქები. დამახასიათებელია გამონაყრის პოლიმორფიზმი: კანზე და ლორწოვანზე ბუშტუკების და ქერქების ერთდროული არსებობა. 5 – 7 დღის განმავლობაში შესაძლოა აღინიშნებოდეს ახალი ბუშტუკების წარმოქმნა. ცხვირხახის, ხორხის, ქუთუთოების კონიუნქტივის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკები ადვილად სკდება, რაც წარმოადგენს მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას. განლეულ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ალიმენტარული დისტროფია, ჩუტყვავილა მიმდინარეობს ძალიან მძიმედ, რამაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა მიგვიყვანოს ლეტალურ გამოსავლამდე. ასევე მძიმეა პროგნოზი იმ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ შორეული ინფექცია (ჩურყვავილას შერწყმა დიფტერიასთან, წითელასთან, ქუნთრუშასთან). იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ჩუტყვავილას კრუპი შეხუთვითა და სტენოზური სუნთქვით. თუმცა დიდ უმეტესობაში ჩუტყვავილას მიმდინარეობა მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.

ჩუტყვავილა – გართულებები. დასუსტებულ ბავშვებში გვხვდება ძალზე იშვიათი ფორმა – გენერალიზებული ინფექცია ვისცერული ორგანოების დაზიანებით; გართულებები იშვიათია: აბსცესები, ფლეგმონები, პნევმონიები, ენცეფალიტები.

ჩუტყვავილა – დიაგნოზი. რთული არ არის. აუცილებლობის  შემთხვევაში  გამოიყენება ლაბორატორიული მეთოდები.

ჩუტყვავილა – დიფერენციალური დიაგნოზი. თუკი წარმოიქმნება ნატურალურ ყვავილთან დიფერენცირების აუცილებლობა, საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი: ნატურალური ყვავილის დროს  საწყისი პერიოდი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით და ძლიერი ტკივილით გავაში; გამონაყრის დასაწყისში, რომელიც ემთხვევა დაავადების მე-4 დღეს, აღინიშნება ტემპერატურის დაქვეითება, და არა მომატება; გამონაყრის ელემენტები იმყოფებიან განვითარების ერთ სტადიაში (გამონაყრის მონომორფიზმი), აქვთ გარკვეული სიმკვრივე და განლაგებული არიან კანის სისქეში, ინფილტრირებულ ფუძეზე; გამონაყრის ელემენტები მრავალსაკნიანია, ამიტომ გაჩხლეტისას არ ვარდებიან, აქვთ ჭიპისებრი ჩაზნექა. დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიური ანამნეზისა და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებს.

ჩუტყვავილა – მკურნალობა. ავადმყოფის ჰიგიენური ნორმების დაცვა; მეორადი ინფექციის პროფილაქტიკა; ვეზიკულებს ამუშავებენ კალიუმის პერმანგანატის 1-2%-იანი ხსნარით, ბრილიანტის მწვანის 1%-იანი ხსნარით; გამოიყენება აგრეთვე ინდიფერენტული მაზები.

ჩუტყვავილა – პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია ბინის პირობებში; დეზინფექციაარ ტარდება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..