ლალი დათეშიძე
სასქესო ორგანოების ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები – ქალებში ავთვისებიანი წარმონაქმნებიდან კიბოს ერთ – ერთი პირველი ადგილი უკავია; მისი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა საშვილოსნო.
ვულვის კიბო. სიმპტომები და მიმდინარეობა. ადრეული სიმპტომია ქავილი, შემდგომ ჩნდება ჩირქოვანი გამონადენი, სისხლდენა. გასინჯვით შეიძლება აღმოვაჩინოთ დაწყლულება ან სიმსივნური კვანძი, ინფილტრატი. მკურნალობა პროცესის საწყის სტადიაში ოპერაციულია. მოგვიანებით - კომბინირებული თერაპია: რადიორენტგენო – და ქიმიოთერაპია.
ვულვის სარკომა – იშვიათი სიმსივნე. ვულვის ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მელანომა, რომელიც ვითარდება თანდაყოლილი ლაქებიდან. სიმსივნე შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, სწრაფად წყლულდება, იძლევა მეტასტაზებს და გააჩნია ძალიან ავთვისებიანი მიმდინარეობა. მკურნალობა ოპერაციულია შემდგომში სხივური და ქიმიოთერაპიის პარალელურად.
საშოს კიბო. განარჩევენ საშოს პირველად და მეტასტაზურ კიბოს. საშოს პირველადი კიბო ვლინდება ეგზოფიტური (ე.წ. ყვავილოვანი კომბოსტო) და ენდოფიტური (ინფილტრატი, რომელიც სწრაფად აზიანებს მიმდებარე ქსოვილებს) ზრდით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თეთრად შლა, კონტაქტური სისხლდენები, მოგვიანებით ვითარდება ჩირქოვან – ჰემორაგიული გამონადენი. დიაგნოზის დასმა ხდება კოლპოსკოპიისა და ბიოფსიის საფუძველზე; შემდგომ ტარდება ჰისტოლოგიური გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პაპილომასთან, სიფილისურ და ტუბერკულოზურ წყლულთან, ენდომეტრიოზთან და საშოს კედლის ტრავმულ დაზიანებასთან. მკურნალობა – შერწყმული სხივური თერაპია.
საშოს სარკომა – იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე. აღენიშნებათ ბავშვებს და ქალებს მენოპაუზის პერიოდში. ბავშვებში საშოს სარკომა განსაკუთრებით სწრაფად და ავთვისებიანად მიმდინარეობს. მოზრდილებში ვითარდება უფრო ნელა, თუმცა მეტასტაზებს მალევე იძლევა. დიაგნოზის დასმა ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევებისა და სიმსივნის ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკვლევის საშუალებით. მკურნალობა: ოპერაცია შემდგომი სხივური თერაპიით, მოგვიანებით სტადიებში – რენტგენორადიოთერაპია.
საშვილოსნოს ყელის კიბო. არც თუ იშვიათად აღინიშნება განმეორებით მშობიარეებში, როდესაც აბორტის ან მშიბიარობის დროს არ იქნა დაცული ან შეუხორცებელი დარჩა საშვილოსნოს ყელის დაზიანებები. ვლინდება 40

წელს გადაცილებული ასაკის ქალებში, ზოგჯერ კი უფრო ადრეულ ასაკშიც. განასხვავებენ ეგზოფიტურ და ენდოფიტურ ფორმებს. ეგზოფიტური ფორმის დროს, სიმსივნეს გააჩნია ფართო ფუძე და დიდი ზომის ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმა. ენდოფიტური ფორმის დროს სიმსივნე იზრდება საშვილოსნოს ყელის სიღრმეში. საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება ხდება თანმიმდევრულად (გადასვლა საშვილოსნოს სხეულზე, საშოზე, უჯრედისზე) და მეტასტაზირების გზით მცირე მენჯის ლიმფურ კვანძებში, შემდგომ კი ფილტვებში, ღვიძლში, თავის ტვინში და სხვა ორგანოებში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. წყლიანი თეთრად შლა, ზოგჯერ ჟუჟღისებური, ხორცის ნარეცხის ფერი ლპობის სუნით, კონტაქტური სისხლდენები. ტკივილები, შარდვისა და დეფეკაციის დარღვევები, განლევა ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს მოგვიანებით სტადიებზე. საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის კიბოს დროს აღინიშნება ყელის გამკვრივება და ჰიპერტროფია. შარსაწვეთებზე ზეწოლის გამო შესაძლოა განვითარდეს ურემია, თეძოს სისხლძარღვებზე ზეწოლისას – ქვედა კიდურების შეშუპებები (ჩვეულებრივ ცალმხრივი). სიმსივნის შარდის ბუშტში ან სწორ ნაწლავში ჩაზრდის შემთხვევაში ვითარდება ბუშტ – საშოს ან სწორნაწლავ – საშოს ფისტულები. გასინჯვით საშვილოსნოს ყელის დაზიანებულ ნაწილს გააჩნია ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმა, ენდოფიტური ზრდის დროს ვლინდება კრატერის მსგავსი ჩაღრმავებები. დაავადება სწრაფად პროგრესირებს.
კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის მიზანშეწონილია გამოვიყენოთ გამოკვლევის შემდეგი მეთოდები: საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სარკეების მეშვეობით, კოლპოსკოპია, ბიოფსია (საშვილოსნოს ყელის კიბოზე უმნიშვნელო ეჭვის დროსაც კი), საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან გამოყოფილი ნაცხების ციტოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა. საწყის სტადიაში ნაჩვენებია ოპერაცია სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. გავრცელების მოგვიანებით სტადიებში ტარდება რადიორენტგენოთერაპია და სიმპტომატური მკურნალობა.
საშვილოსნოს სხეულის კიბო. უხშირესად აღენიშნებათ 50 წელს გადაცილებულ ქალებს, თუმცა ზოგჯერ გვხვდება უფრო ახალგაზრდებშიც. წარმოადგენს ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნეს, ვითარდება ქალის ორგანიზმში ჰორმონული დარღვევების შედეგად. ზრდის პარალელურად

ხდება პროცესის გავრცელება საშვილოსნოს კუნთოვან გარსზე, პერიტონეუმზე, მენჯის ქსოვილებსა და მეზობელ ორგანოებზე. შემდგომ ვითარდება სიმსივნის დაშლა და წარმოიქმნება წყლულები და ღრუები. სიმპტომები, მიმდინარეობა. საშვილოსნოს სხეულის კიბოს ყველაზე ადრეულ სიმპტომს მიეკუთვნება წყლიანი თეთრად შლა, შემდგომ – ჟუჟღისებრი ხასიათის. მენოპაუზის პერიოდში საშვილოსნოდან ჰემორაგიული გამონადენი – საშვილოსნოს კიბოს ერთ – ერთი ხშირი ნიშანია. მენსტრუაციის მქონე ქალებში საშვილოსნოდან აციკლურმა სისხლიანმა

გამონადენმა შესაძლოა ეჭვი დაბადოს საშვილოსნოს სხეულის კიბოს არსებობაზე. ტკივილები ვითარდება პროცესის მოგვიანებით სტადიებში, როდესაც სიმსივნით ზიანდება პერიტონეუმი და მეზობელი ორგანოები. ამავე პერიოდში შესაძლებელია მოიმატოს სხეულის ტემპერატურამაც. დაავადება ვითარდება შედარებით ნელა. საწყის სტადიებში ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, ზემოთაღნიშნული სიმპტომები შესაძლოა არ ვლინდებოდნენ. მეტასტაზირება ხდება მენჯისა და პარააორტალურ ლიმფურ კვანძებში, მოგვიანებით – ცალკეულ ორგანოებში. მენოპაუზის დროს ჰემორაგიული გამონადენისა და აციკლური სისხლდენების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია საშვილოსნოს ყელის და სხეულის ლორწოვანი გარსის (ცალ – ცალკე) დიაგნოსტიკური გამოფხეკა. დიაგნოზის დასმა ხდება გამონაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე.
მკურნალობა ქირურგიულია – საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (მოცილება) დანამატებთან ერთად შემდგომში სხივური თერაპიის ჩატარებით. ოპერაციის წინააღმდეგჩვენების შემთხვევაში (კიბოს გავრცელებული ფორმები ან მძიმე თანდართული დაავადებები) ტარდება რენტგენოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სიმპტომატური მკურნალობა.
საშვილოსნოს სარკომა - ავთვისებიანი სიმსივნე, უხშირესად ვითარდება ფიბრომიომისგან. შეიძლება იყოს ლორწქვეშა კვანძის ან პოლიპის ფორმით, შესაძლებელია გააჩნდეს ინტრამურალური (კუნთოვანი გარსის სისქეში), სუბსეროზული ან ლორწქვეშა განლაგება. გინეკოლოგიური გამოკვლევით და გარეგნულად სიმსივნე არ განსხვავდება ფიბრომიომისგან.
სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმსივნის სწრაფი ზრდა, გასინჯვით მტკივნეულობა, ედს – ის მომატება. საბოლოო დიაგნოზი დაზუსტება ხდება სიმსივნის ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე (აუცილებელია ციტოდიაგნოსტიკა ოპერაციის პერიოდში).
მკურნალობა ოპერაციულია შემდგომი სხივური თერაპიით.
საკვერცხეების კიბო. განასხვავებენ საკვერცხეების პირველად, მეორად და მეტასტაზურ კიბოს. პირველადი კიბო ვითარდება საკვერცხეების ზედაპირული ეპითელიუმისგან (გვხვდება იშვიათად ვიდრე მეორადი),

საკვერცხეების მეორადი კიბო – პაპილარული ან მუცინური კისტომებისგან, ზოგჯერ საკვერცხის დერმოიდული კისტისგან. საკვერცხეების მეტასტაზირებული კიბო (კუჭიდან ან ნაწლავებიდან მეტასტაზირება) ჩვეულებრივ ორმხრივია, სიმსივნეები აღწევენ დიდ ზომებს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. საკვერცხეების კიბოს ადრეული სტადია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროცესის პროგრესირებისას უარესდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, ვლინდება ასციტი, ტკივილები, ქოშინი, კახექსია. საკვერცხის სიმსივნის არსებობა (ცალმხრივი ან ორმხრივი) ხორკლიანი ზედაპირით, მკვრივი კონსისტენციით, შეზღუდული მოძრაობით და თავისუფალ მუცლის ღრუში სითხის არსებობით (ასციტი) ეჭვს ბადებს საკვერცხის კიბოს არსებობაზე.
მკურნალობა ოპერაციულია – საშვილოსნოს მოცილება დანამატებთან ერთად. საშვილოსნოს კობოსგან განსხვავებით, ოპერაციას ატარებენ პროცესის გავრცელების III და IV სტადიაზეც კი.
პროფილაქტიკა. ქალთა მთლიანი მოსახლეობის სისტემატური სამედიცინო გამოკვლევები. კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სისხლდენებს მენოპაუზის დროს, აციკლურ სისხლდენებსა და გაურკვეველი ხასიათის ტკივილების არსებობას. რამეთუ ოპერაციამდე და ჰისტოლოგიურ გამოკვლევამდე შეუძლებელია საკვერცხეების კიბოს გამორიცხვა, საკვერცხის ნებისმიერი სიმსივნე მოცილებულ უნდა იქნას შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევით. კუჭის კიბოს გამო ოპერირებული ავადმყოფები საჭიროებენ გინეკოლოგის კონსულტაციას (საკვერცხეების მეტასტაზური კიბოს განვითარების შესაძლებლობა).
ფალოპის მილის კიბო - კიბოს იშვიათი ლოკალიზაცია. ჩვეულებრივ აღენიშნებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს. პროცესი ხშირად ცალმხრივია. დამახასიათებელია ნიშანია მნიშვნელოვანი რაოდენობით თხევადი თეთრად შლა.
დიაგნოზის დასმა ჩვეულებრივ ხდება ოპერაციის დროს.
მკურნალობა ოპერაციულია შემდგომი რენტგენოთერაპიით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 2630 times by 1486 viewers



