საკვერცხის სიმსივნეები

საკვერცხის სიმსივნის განსაკუთრებული ფორმები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

არენობლასტომასაკვერცხის ჰორმონომაპროდუცირებელი, დამვაჟკაცებელი სიმსივნე. ხშირად გააჩნია ავთვისებიანი მიმდინარეობა. გვხვდება 25 – 30 წლის ასაკის ახლგაზრდა ქალებში. გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს – ტესტოსტერონს, რაც განაპირობებს კიდეც მასკულინიზაციის მკვეთრად გამოხატულ სურათს: ხმის დაბოხება, ქალის სახეზე მამაკაცის ტიპის თმიანობისა და მამაკაცური ნაკვთების გაჩენა. დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე (სისხლში და შარდში ჰორმონების განსაზღვრა). მკურნალობა – ქირურგიული. აუცილებელია ოპერაციის დროს სასწრაფო ციტოდიაგნოსტიკა ოპერაციის მოცულობის განსაზღვრის მიზნით.

ერნერის სიმსივნე საკვერცხის კეთილთვისებიანი, იშვიათი სიმსივნე. ზოგჯერ შერწყმულია საკვერცხის მუცინოზურ კისტომასთან. მაკროსკოპულად წააგავს საკვერცხის ფიბრომას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჰორმონოაქტიური, ზოგჯერ იძლევა ფემინიზირებულ, ზოგჯერ კი მასკულინიზირებულ ეფექტს. ავთვისებიანი მიმდინარეობა აღინიშნება იშვიათად. დიაგნოზის დაზუსტება ხდება სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია – სიმსივნის მოცილება.

გრანულოზურუჯრედოვანი სიმსივნე (ფოლიკულომა) ახდენს ესტროგენების პროდუცირებას. შესაძლოა ჰქონდეს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი მიმდინარეობა. გვხვდება ნებისმიერ ასაკში. ჰორმონალური აქტივობის გამო, გოგონებში იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, ქალებში მენოპაუზის პერიოდში – მენსტრუაციის მსგავს სისხლდენებს. დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური მონაცემების, ენდომეტრიუმის ანაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. გინეკოლოგიური გამოკვლევით დგინდება საკვერცხის სიმსივნე და საშვილოსნოს გადიდება. მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიურ შენებაზე და ავადმყოფის ასაკზე.

დისჰერმინომასაკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება სასქესო ორგანოების ჰიპერპლაზიის ფონზე. უხშირესად ავადდებიან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალები, თუმცა

აღწერილია დისჰერმინომის შემთხვევები ხანშიშესულ და მოხუც ქალებში. უხშირესად სიმსივნე აზიანებს ერთ საკვერცხეს. კლინიკური გამოვლინებები არასპეციფიკურია, ზოგჯერ ვლინდება ამენორეა. უცვლელი მეორე საკვერცხის პირობებში შესაძლებელია დაორსულება. დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ქვემოთ. სწრაფად ვითარდება შეხორცებები მეზობელ ორგანოებთან და ჩნდება მეტასტაზები. დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სურათისა და სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა ქირურგიულია შემდგომ სხივური თერაპიის დამატებით.

თეკომა ჰორმონომაპროდუცირებელი (ხშირ შემთხვევაში კეთილთვისებიანი) სიმსივნე. კლინიკური სურათი გრანულოზურუჯრდოვანი სიმსივნის მსგავსია და განპირობებულია მის მიერ ესტროგენების გამოყოფით. დიაგნოზი ისმევა გინეკოლოგიური მონაცემების (საკვერცხის სიმსივნის არსებობა და საშვილოსნოს გადიდება) და ენდომეტრიუმის ანაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევის დახმარებით. მკურნალობა ოპერაციულია.

თერატოიდული სიმსივნეები წარმოიქმნება ემბრიონალური ჩანასახებიდან. ისინი იყოფა ორ ჯგუფად:

დერმოიდული კისტა ჭეშმარიტი კეთილთვისებიანი სიმსივნე. გვხვდება საკმაოდ ხშირად (საკვერცხის ყველა სიმსივნის 10 – 20%), ვლინდება ნებისმიერ ასაკში. ვითარდება ნელა, ზოგჯერ არ იძლევა არავითარ კლინიკურ გამოვლინებას. გააჩნია საკმაოდ გრძელი ფეხი, ამიტომაც ძლიერ მოძრავია. გართულებებიდან უნდა აღინიშნოს სიმსივნის ფეხის მოგრეხა და დაჩირქება. დიაგნოზის დასმა ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია – სიმსივნის მოცილება.

საკვერცხის თერატობლასტომა ავთვისებიანი სიმსივნე, გვხვდება იშვიათად. უხშირესად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, სწრაფად იზრდება და იძლევა მეტასტაზებს შორეულ ორგანოებში. დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ქვევით, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, ხშირად – ასციტი. დიაგნოზის დასმა ხდება გინეკოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია. კეთდება საშვილოსნოსექსტრიპაცია დანამატებთან ერთად. პოსტოპერაციულ პერიოდში ატარებენ რენტგენოთერაპიას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები