სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი სიმსივნეები და კისტები

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

საშოს კეთილთვისებიანი სიმსივნეებიფიბრომიომები, ფიბრომები, მიომები და ლიპომები – სიმსივნეები, რომლებიც იშვიათად გვხვდება. აღენიშნებათ 20 – 50 წლის ასაკის ქალებს. მიმდინარეობს უსიმპტომოდ. სიმსივნის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში ვლინდება საშოში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება. შესაძლებელია სიმსივნის დაჩირქება, ნეკროზი და გაავთვისებიანობა.

პაპილომა

ერთეული ან მრავლობითი წამონაზარდები, რომლებიც მოგვაგონებენ ყვავილოვან კომბოსტოს. დიაგნოზი დადგენა ხდება საშოსმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. საშოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ოპერაციულია.

ბართოლინის ჯირკვლის კისტა

მრგვალი ან ოვალური ფორმის ელასტიკური სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ლოკალიზებულია დიდი სასქესო ბაგეების ქვედა მესამედში. ვითარდება ჯირკვლის გამომტანი სადინრის ჩაზრდის შედეგად. ზოგჯერ აღინიშნება კისტის დაჩირქება, რომელსაც თან სდევს საერთო მდგომარეობის დარღვევა, ტემპერატურის მომატება, ტკივილები. დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს. დაავადების ამოცნობა რთული არ არის. მკურნალობა ოპერაციულია.

საშოს კისტები

ხშირად ვითარდება გარტნერის ხვრელებიდან. განლაგებულნი არიან ზედაპირულად, გააჩნიათ მრგვალი ან ოვალური ფორმა, არიან მკვრივ-ელასტიკური კონსისტენციის. დიაგნოზის დასმა ხდება გინეკოლოგიური გასინჯვის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცისტო – და რექტოცელესთან, შარდსადინრის დივერტიკულთან. მკურნალობა ოპერაციულია.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საკვერცხის კისტები

რეტენციული წარმონაქმნები, რომლებიც ვითარდებიან ღრუში სეკრეტის დაგროვების და მისი გაზრდის შედეგად. კისტები არ მიეკუთვნებიან ჭეშმარიტ სიმსივნეებს, არამედ წარმოადგენენ საშვილოსნოს დანამატების ანთების ან ყვითელი სხეულისა და ფოლიკულების განვითარების პროცესის დარღვევის შედეგს.

ფოლიკულური კისტა

ერთასაკნიანი, თხელკედლიანი, 8 – 10 სმ დიამეტრის წარმონაქმნი გამჭვირვალე შიგთავსით. გვხვდება ნებისმიერი ასაკის ქალებში. დიაგნოზის დასმა ხდება გასინჯვის საფუძველზე.

ფოლიკულური კისტები, ჩვეულებრივ, განლაგებულნი არიან საშვილოსნოს გვერდით ან წინ, არიან მოძრავნი, გააჩნიათ მჭიდროდლასტიური კონსისტენცია. მკურნალობა ოპერაციულია – საკვერცხის ნაწილობრივი რეზექცია ან მისი სრული მოცილება.

პარაოვარიული კისტა

ერთსაკნიანი წარმონაქმნი, რომელიც გამოდის საკვერცხისზედა დანამატიდან, არის მკვრიველასტიკური კონსისტენციის გლუვი ზედაპირით. საკვერცხის კისტისგან განსხვავებით ნაკლებად მოძრავია, რამეთუ განლაგებულია საშვილოსნოს ფართო იოგის ფურცლებს შორის. თუმცა პარაოვარიული კისტის ზრდის პარალელურად შესაძლებელია გაიჭიმოს ფართო იოგის ერთ – ერთი ფურცელი და წამოიქმნება ,,ფეხი”, რის შედეგადაც წარმონაქმნი ხდება მოძრავი. დიაგნოზი ისმევა გინეკოლოგიური გასინჯვის საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია – კეთდება კისტის ამოკვეთა.

საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა)

კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტების კეთილთვისებიანი სიმსივნე. აღენიშნებათ 30 წლის ასაკს გადაცილებული ქალების 15 – 17% – ს, თუმცა შესაძლებელია უფრო ახალგაზრდა ასაკშიც განვითარება. მიომა – დისჰორმონალური სიმსივნე, ვითარდება ესტროგენების უპირატესი

ზემოქმედების და პროგესტერონის უკმარისობის ფონზე. სიმსივნე ჩვეულებრივ შედგება ერთეული ან მრავლობითი კვანძებისგან. ისინი შესაძლოა განლაგებულნი იყვნენ კუნთოვანი გარსის სიღრმეში (ინტერსტიციული მიომა), ლორწოვანი გარსის ქვეშ (ლორწქვეშა მიომა). იშვიათად მიომა წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელში (ყელის მიომა), საშვილოსნოს მრგვალ და ფართო იოგებში. აღინიშნება აგრეთვე სიმსივნის დიფუზური ჩაზრდა საშვილოსნოს სხეულში (სფეროსებრი მიომა). სიმპტომები, მიმდინარეობა. საშვილოსნოს მიომები ზოგჯერ უსიმპტომოდ იზრდებიან და ვლინდებიან მხოლოდ პროფილაქტიკური გამოკვლევის შედეგად. ლორწქვეშა (ზოგჯერ ინტერსტიციული) მიომები იწვევენ უხვ და ხანგრძლივ სისხლდენებს და როგორც შედეგი – ანემიას. დიდმა სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიონ შარდვისა და დეფეკაციის დარღვევა, ზოგჯერ მათ თან სდევს ტკივილები მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის შედეგად. ლორწქვეშა მიომის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს კვანძის გამოცალკევება და მისი ,,დაბადება”, რის შედეგადაც ვითარდება შეტევითი ხასიათის ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოში და სისხლდენები სასქესო გზებიდან (ზოგჯერ პროფუზული). თუკი ლორწქვეშა მიომას გააჩნია ფეხი, ეს უკანასკნელი შეიძლება მოიკეცოს, რასაც მივყავართ შეშუპებამდე, ნეკროზამდე და ინფიცირებამდე. მიომის კლინიკური სურათის მიმდინარეობა, როგორც წესი, დუნეა. გაავთვისებიანობა გვხვდება იშვიათად. ინტერსტიციული მიომის შემთხვევაში საშვილოსნო გადიდებულია – უმნიშვნელოდან უზარმაზარ ზომებამდე, რომლებიც შეესაბამება ვადას მიღწეული ორსული საშვილოსნოს ზომებს. გინეკოლოგიური გასინჯვით, საშვილოსნოს ყელი პირდაპირ გადადის სიმსივნეში, სიმსივნის გადაადგილება გადაეცემა საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს სხეული ცალკე არ ისინჯება. სიმსივნის ზედაპირი შესაძლოა იყოს გლუვი ან ხორკლიანი. ფეხზე სუბსეროზული მიომის შემთხვევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება საკვერცხის კისტომასთან. მიომას ჩვეულებრივ გააჩნია ხორკლიანი ზედაპირი და მჭიდრო კონსისტენცია, კისტომას – ელასტიკური კონსისტენცია და გლუვი ზედაპირი. ყელის მიომის დროს აღინიშნება საშვილოსნოს ყელის მნიშვნელოვანი გადიდება. მკურნალობა. მცირე ზომების (12 – 16 თვის ორსულობამდე), უსიმპტომოდ მიმდინარე მიომების შემთხვევაში ავადმყოფები საჭიროებენ სისტემატურ დაკვირვებას. დიდი ზომების მიომის, ლორწქვეშა მიომის, სუბსეროზული კვანძის გადაგრეხილი ფეხის, ყელის მიომის, აგრეთვე სწრაფად ზრდადი სიმსივნის შემთხვევებში ნაჩვენებია ოპერაცია. ამჟამად მცირე ზომის მიომების დროს, წარმატებით ატარებენ ჰორმონულ თერაპიას.

საკვერცხის კისტომები

საკვერცხის კეთილთვისებიანი, ხშირი, ჭეშმარიტი სიმსივნეები. განასხვავებენ საკვერცხის ცილინდრულეპითელურ და მუცინურ კისტომებს. ცილინდროეპითელური კისტომები იყოფა სეროზულ (გლუვკედლიანი) და პაპილარულ (კაფსულის ზედაპირზე დვრილისებრი წამონაზარდები) კისტომებად. სეროზული კისტომები ხშირად ცალმხრივია, ერთსაკნიანი, შეიძლება მიაღწიონ მნიშვნელოვან ზომებს. სიმსივნის ზრდის დროს აღინიშნება მუცლის ზომებში გაზრდა, შესაძლოა გამოვლინდეს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის სიმპტომები. გინეკოლოგიური გასინჯვით ვლინდება მკვრივ-ელასტიკური უმტკივნეულო სიმსივნე გლუვი ზედაპირით, რომელიც განლაგებულია საშვილოსნოს გვერდით ან უკან. მკურნალობა ოპერაციულია, სიმსივნის მოცილება. პროგნოზი საიმედო.

პაპილარული (დვრილისებრი) კისტომები

ხშირად ორმხრივია. დვრილების განლაგების მიხედვით ისინი იყოფა ინვერტირებულ (დვრილები მხოლოდ სიმსივნის შიგნით), ავერტირებულ (დვრილები მხოლო გარეთ) და შერეულად (დვრილები იზრდება როგორც კაფსულის შიგნიდან, ასევე გარედან). ზოგჯერ მიკროსკოპული გამოკვლევით ჩნდება დიდი, უჯრედული მრავალფეროვნება. ამ კისტომებს ეწოდება პროლიფერაციული და ხშირად განიცდიან კიბოდ გადაგვარებას. პაპილარული კისტომებისთვის დამახასიათებელია საკვერცხეების ორმხრივი დაზიანება, მათზე და მუცლის ღრუში პაპილარული წანაზარდების არსებობა, შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში და ასციტი. დიაგნოზი ისმევა გინეკოლოგიური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია. სასწრაფო ციტოდიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა წინასწარ დავგეგმოთ ოპერაციის მოცულობის საკითხი. კლიმაქტერულ და მენოპაუზის პერიოდში ხდება საშვილოსნოს სრული მოცილება დანამატებთან ერთად. გაავთვისებიანობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, პროგნოზი ოპერაციის შემდეგ საიმედოა.

მუცინოზური კისტომა

კეთილთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, ხშირად ცალმხრივი არათანაბარი ზედაპირით, რაც განპირობებულია მრავალსაკნიანი აგებულებით. შეიძლება მიაღწიოს დიდ ზომებს. სიმსივნის ღრუში მოთავსებულია ლორწოვანი შიგთავსი – მუცინი, რომელიც წარმოადგენს ეპითელიუმის სეკრეტს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ქვემოთ, სიმძიმის შეგრძნება, მეზობელი ორგანოების ფუნქციების მოშლა. ზოგჯერ ვითარდება შეხორცებები მეზობელ ორგანოებთან. დიაგნოზი ტარდება გინეკოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია. ახალგაზრდა ასაკში ხდება დაზიანებული საკვერცხის მოცილება, ხანშიშესულ ასაკში – საშვილოსნოს მოცილება დანამატებთან ერთად. პროგნოზი საიმედოა.

საკვერცხეების კისტებისა და კისტომების გართულებები

სიმსივნის გაავთვისებიანობა უფრო ხშირად გვხვდება პაპილარული კისტომების დროს, იშვიათად – მუცინოზური კისტომების შემთხვევაში. რამეთუ კლინიკურად სიმსივნის გაავთვისებიანობის დადგენის მომენტი შეუძლებელია, ნაჩვენებია ყველანაირი სიმსივნის ოპერაციული გზით მოცილება. კისტების და კისტომების ფეხი გადაგრეხვა ჩვეულებრივ ვითარდება მაღალ ფეხზე მოძრავი წარმონაქმნების არსებობის დროს. გადაკეცვის შედეგად ვითარდება სიმსივნის ნეკროზი და პერიტონიტი, რაც წარმოადგენს სასწრაფო ოპერაციის ჩვენებას. კისტის (ან კისტომის) კაფსულის გასკდომა ვლინდება იშვიათად და დიაგნოსტირება რთულია. მას თან სდევს მკვეთრი ტკივილები, შოკის, სისხლდენების განვითარება და წარმოადგენს სასწრაფო ოპერაციის ჩვენებას. სიმსივნის დაჩირქება ვითარდება ინფიცირების შედეგად. მატულობს სხეულის ტემპერატურა, ჩნდება ტკივილები მუცლის არეში, პერიტონეალური ნიშნები. განსაკუთრებით საშიშია დაჩირქებული სიმსივნის გახნა მუცლის ღრუში, ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია.

საკვერცხის ფიბრომა

კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტებისგან. შეიძლება მიაღწიოს მნიშვნელოვან ზომებს, გააჩნია გლუვი ან ხორკლიანი ზედაპირი, ოვალური ან სფეროსებრი ფორმა, აქვს მოთეთრო ფერი და მკვრივი კონსისტენცია.

სიმპტომები, მიმდინარეობა. უხშირესად ზიანდება ერთი საკვერცხე. ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ზოგჯერ სიმსივნეს თან სდევს მეიგსის სინდრომი (ასციტი, ჰიდროთორაქსი, ანემია). უხშირესად აღინიშნება მხოლოდ ასციტი. დიაგნოზი ისმევა გინეკოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე (მკვრივი, მოძრავი სიმსივნე, რომელიც ფორმით მოგვაგონებს საკვერცხეს). დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება სუბსეროზულ მიომასთან და საკვერცხის სხვა სიმსივნეებთან. მკურნალობა ოპერაციულია. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.