ლალი დათეშიძე
გრიპი (influenza, grippe) – მწვავე ვირუსული დაავადება, ანთროპონოზი; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციითა და რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გრიპის გამომწვევი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების კლასს, რომელშიც შედის А, В და С გრიპის ვირუსის სახეობები. А ტიპის გრიპის ვირუსები იყოფიან მრავალ სეროტიპებად. მუდმივად წარმოიქმნება ახალი ანტიგენური ვარიანტები. გრიპის ვირუსი სწრაფად იღუპება გაცხელების, გამოშრობისა და სხვადასხვა მადეზინფიცირებელი აგენტების მოქმედების დროს. ინფექციის კარია რესპირატორული ტრაქტის ზედა განყოფილებები. ვირუსი არჩევითად აზიანებს სასუნთქი გზების ცილინდრულ ეპითელს, განსაკუთრებით ტრაქეის. სისხლძარღვოვანი კედლის განვლადობის მომატება იწვევს მიკროცირკულაციის მოშლას და ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას. გრიპი იწვევს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითებას. ეს კი თავის მხრივ- სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების – რევმატიზმის, ქრონიკული პნევმონიის, პიელიტის, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, ტოქსოპლაზმოზის და სხვ. განვითარებას, ასევე მეორადი ბაქტერიული გართულებების წარმოქმნას. ორგანიზმში ვირუსი ცოცხლობს 3-5 დღის განმავლობაში დაავადების დაწყებიდან, ხოლო პნევმონიის გართულების დროს – 10-14 დღემდე.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-დან 48 საათამდე. ტიპიური გრიპი იწყება მწვავედ, შემცივნებით; სწრაფად მატულობს სხეულის ტემპერატურა, და უკვე პირველ დღეებში აღწევს მაქსიმალურ დონეს (38-400 C). აღინიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (სისუსტე, ადინამია, ოფლიანობა, ტკივილი კუნთებში, ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი თვალებში) და სასუნთქი გზების დაზიანების სიმპტომები (მშრალი ხველა, ყელში ჩაფხაჭნა, ხმის ჩახლეჩა). აღინიშნება სახისა და კისრის ჰიპერემია, სკლერის სისხლძარღვების ინიექცია, გაძლიერებული ოფლდენა, ბრადიკარდია, ჰიპოტონია. ვლინდება ზედა სასუნთქი გზების დაზიანება (რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი). განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ტრაქეა, მაშინ როდესაც რინიტი არ აღინიშნება. დამახასიათებელია ხახის ლორწოვანის თავისებური მარცვლოვნება და ჰიპერემია. ენა ნადებითაა დაფარული, შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით დეფეკაციის მოშლა. გართულებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ვლინდება მენინგიზმისა და ენცეფალოპათიების სახით. დამახასიათებელია ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ედსი გაურთულებელ შემთხვევებში მომატებული არ არის. გრიპის იოლი ფორმები შესაძლებელია მიმდინარეობდეს ცხელების გარეშეც (აფებრილური ფორმა). გართულებებია: პნევმონია, ფრონტიტები, ჰაიმორიტები, ოტიტები, მიოკარდის ტოქსიკური დაზიანება. გრიპის ეპიდემიის დროს დიაგნოზის დადგენა რთული არ არის. ეპიდემიებს შორის პერიოდში ეს დაავადება გვხვდება შედარებით იშვიათად და მიმდინარეობს მსუბუქი და წაშლილი ფორმებით. ამ შემთხვევებში გრიპის გარჩევა სხვა ეტიოლოგიის მწვავე რესპირატორული დაავადებებისაგან რთულია. დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება ვირუსის აღმოჩენა ხახისა და ცხვირის ლორწოვანიდან აღებულ მასალაში.
პროგნოზი. გაურთულებელ შემთხვევებში შრომისუნარიანობა აღდგება 7-10 დღეში. პროგნოზი სიცოცხლისთვის კეთილსაიმედოა, მძიმე ფორმებმა ენცეფალოპათიითა და ფილტვების შეშუპებებით შესაძლებელია გარკვეული საფრთხე შეუქმნას ავადმყოფის სიცოცხლეს.
პროფილაქტიკა. გამოიყენება ვაქცინაცია ცოცხალი ან ინაქტივირებული ვაქცინებით. კერაში ტარდება დეზინფექცია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 20930 times by 9111 viewers


