ორნითოზი

ორნითოზი ornithosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ორნითოზი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ფილტვების, ნერვული სისტემის დაზიანებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მიეკუთვნება ზოონოზებს; ინფექციის რეზერვუარი და დასნებოვნების წყაროა შინაური და გარეული ფრინველები. დაავადება ხშირია წლის ცივ პერიოდში. დადგენილია, რომ მწვავე პნევმონიების 10-20%-ს აქვს ორნითოზული ეტიოლოგია.

ორნითოზი – ეპიდემიოლოგია. ინფექციის ძირითად რეზერვუარს წარმოადგენენ გარეული და შინაური ფრინველები (მტრედები, იხვები, იშვიათად – ქათმები). იმ შემთხვევებში, როცა ინფექციის წყაროა თუთიყუშები, დაავადება ატარებს ,,ფსიტაკოზის”  სახელწოდებას.გამომწვევი გამოიყოფა დაავადებული ფრინველების განავალთან ერთად; ადამიანის დასნებოვნება უხშირესად ხდება ჰაერ – მტვეროვანი გზით. ცალკეულ შემთხვევებში დასნებოვნება ხდება დაავადებული ფრინველების ფეკალიებით ხელების დაბინძურების შედეგად. შეიძლება აღინიშნებოდეს, როგორც ერთეული (სპორადული) შემთხვევები, ასევე ეპიდემიის აფეთქებები. ამ უკანასკნელს ხშირად გააჩნია პროფესიული ხასიათი. დაავადება გვხვდება ნებისმიერ ასაკში.

ორნითოზი ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ქლამიდია – Chlamidia ornithosis, რომელსაც აქვს გარსი და მგრძნობიარეა ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიმართ. ქლამიდიები ვითარდებიან უჯრედშიგნით, წარმოქმნიან ციტოპლაზმურ ჩანართებს. გარემოში ძლებენ 2-3 კვირის განმავლობაში. ინფექციის შეჭრის კარია უპირატესად რესპირატორული ტრაქტის ლორწოვანი გარსი: დაინფიცირება ხდება ჰაერ-მტვროვანი გზით. ხშირად გამომწვევი ინერგება წვრილ ბრონქებსა და ბრონქიოლებში, იწვევს პერიბრონქულ ანთებას. ძალიან სწრაფად გამომწვევი აღწევს სისხლში, იწვევს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებსა და სხვადასხვა ორგანოების – ღვიძლის, ელენთის, ნერვული სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებას. იშვიათად ინფექციის კარია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი. ასეთ შემთხვევაში გამომწვევი ასევე ხვდება სისხლში, იწვევს გამოხატულ ინტოქსიკაციას, ღვიძლისა და ელენთის გადიდებას, მაგრამ მეორადი ჰემატოგენური პნევმონია არ აღინიშნება. ამის შედეგად დაავადება მიმდინარეობს ატიპურად – ფილტვების დაზიანების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევებში ქლამიდიები აღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და იწვევენ სეროზული მენინგიტის განვითარებას.

ორნითოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 6-დან 17 დღემდე (ხშირად 8-12 დღე). ორნითოზის პნევმონიური ფორმები იწყება მწვავედ: ცხელებითა და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, რომელსაც მხოლოდ მოგვიანებით უერთდება სუნთქვის ორგანოების დაზიანების ნიშნები. ავადმყოფთა უმრავლესობაში ტემპერატურა მატულობს 390 C-ზე ზევით, აღინიშნება შემცივნება, თავის ძლიერი ტკივილი, ზურგისა და კიდურების კუნთების ტკივილი, სისუსტე, შესაძლებელია ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა. დაავადების მე-2-4 დღეზე თან ერთვის ფილტვების დაზიანების ნიშნები: მშრალი ხველა, ზოგჯერ მჩხვლეტავი ტკივილი მკერდში, ხოლო 1-3 დღის შემდეგ გამოიყოფა ლორწოვანი ან ლორწოვან – ჩირქოვანი ნახველი, ზოგჯერ სისხლის შერევით. ობიექტურად აღინიშნება კანის სიფერმკრთალე, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის ტონების მოყრუება. ავადმყოფთა უმრავლესობაში ზიანდება ფილტვების ქვედა წილები, ხშირად მარჯვენა. ვლინდება პერკუტორული ხმიანობის შემოკლება დაზიანებული უბნის ზემოთ, მოისმინება მშრალი და წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, ზოგჯერ პლევრის ხახუნი. რენტგენოლოგიურად ვლინდება პერიბრონქული და პარენქიმატოზული ცვლილებები (კეროვანი და სეგმენტური პნევმონიები). 1-ლი კვირის ბოლოს ავადმყოფთა დაახლოებით 50%-ს აღენიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ცალკეული სიმპტომების ხანგრძლივობა და გამოხატულება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მსუბუქი ფორმების დროს ტოქსიკოზი ზომიერადაა გამოხატული, ცხელება გრძელდება 2-5 დღე, მძიმე ფორმების დროს იგი შესაძლებელია გაგრძელდეს თვემდე. ცხელება არის არასწორი ტიპის, დიდი რყევებით, განმეორებითი შემცივნებებითა და ოფლიანობით, ზოგჯერ ტალღისებური, რეკოვალესცენციის პერიოდში ხანგრძლივად შენარჩუნებულია ასთენიზაცია, შრომისუნარიანობის დარღვევა. ადრეული რეკონვალესცენციის პერიოდში მოსალოდნელია განმეორებითი რეციდივების და გართულებები; ზოგჯერ დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმებში. მწვავე ორნითოზის ატიპური მიმდინარეობა ვლინდება მენინგეალური სინდრომით, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას ორნიტოზული პნევმონიის ფონზე (მენინგოპნევმონია), ან სეროზული მენინგიტის ხანგრძლივი მიმდინარეობით. ზოგჯერ ორნითოზი მიმდინარეობს როგორც მწვავე ცხელებითი დაავადება, გამოხატული ტოქსიკოზით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მაგრამ ფილტვების დაზიანების ნიშნების გარეშე. ტიპიური ფორმების დიაგნოსტირების დროს საჭიროა დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ფილტვების ტუბერკულოზთან და სხვა ეტიოლოგიის პნევმონიასთან: მენინგეალური ფორმების დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტუბერკულოზურ და ვირუსულ მენინგიტებთან. დიაგნოზის დამადასტურებელია სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენა (ტიტრში 1:16 – 1:32 და ზევით). მკურნალობა. ინიშნება ანტიბიოტიკები ნორმალური ტემპერატურის მე-4-7 დღემდე. გამოიყენება პათოგენეტიკური თერაპია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ორნითოზი – პროფილაქტიკა.შინაურ ფრინველებში ორნითოზის გავრცელების საწინააღმდეგო ვეტერინარულ – სანიტარული ღონისძიებების ჩატარება, დაავადებული ფრინველების გამოვლენა. ავადმყოფი პრაქტიკულად საშიში არ არის გარშემო მყოფთათვის.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..