ლალი დათეშიძე
პაროტიტი ეპიდემიური (ყბაყურა) – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება; ავადდებიან უპირატესად ბავშვები 15 წლის ასაკამდე; ხასიათდება სანერწყვე ჯირკვლებისა და სხვა ჯირკვლოვანი ორგანოების ანთებით და ზოგჯერ სეროზული მენინგიტის განვითარებითაც.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების გამომწვევია პარამიქსოვირუსი, რომელიც არამდგრადია გარემოში. ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ინფექციის შეჭრის კარია ცხვირის, პირის ღრუს, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი. გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში, ავლენს ტროპიზმს ჯირკვლოვანი ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართ (უმთავრესად ტვინის რბილი გარსები). განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ყბაყურა ჯირკვლები, რომლებშიც ვითარდება პერიპაროტიტის მოვლენები. დაავადების გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 11-დან 23 დღემდე. (ხშირად 15-20 დღე). დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მომატებითა და ყბაყურა ჯირკვლის მტკივნეული შეშუპებით, ზოგჯერ ორივე მხარეს. დაახლოებით შემთხვევათა ნახევარში პროცესში ერთვება ყბისქვეშა და იშვიათად ენისქვეშა სანერწყვე

ჯირკვლები. პირველ დღეებში შეშუპება მატულობს, ხოლო მე-3-4 დღიდან მცირდება ტემპერატურის დაწევასთან ერთად და 8-10 დღეზე ჩვეულებრივ ქრება. დაჩირქება არ აღინიშნება; მოზარდებში და ახალგაზრდა მამაკაცებში შესაძლებელია განვითარდეს ორქიტი (ქალებში – ოოფორიტი), იშვიათად ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალი (მწვავე პანკრეატიტი) და კიდევ უფრო იშვიათად სხვა ჯირკვლოვანი ორგანოები (მასტიტი, დაკრიოცისტიტი და სხვ.). დაავადების არაიშვიათი გართულებაა მწვავე სეროზული მენინგიტი; ძალიან იშვიათ და სახიფათო გართულებას წარმოადგენს ენცეფალიტი ან მენინგოენცეფალიტი; შესაძლებელია შუა ყურის ანთება.
დიაგნოსტიკის დროს საჭიროა გამოირიცხოს მეორადი ბაქტერიული პაროტიტები, ლინფადენიტი, ხოლო სეროზული მენინგიტის დროს – ენტეროვირუსული და ტუბერკულოზური მენინგიტი. საჭიროების მიხედვით გამოიყენება ლაბორატორიული მეთოდები.
მკურნალობა სიმპტომატურია. ნაჩვენებია ადგილობრივი სითბური პროცედურები, ფიზიოპროცედურები. ორქიტის, პანკრეატიტისა და მენინგიტის დროს – მკურნალობა ტარდება ზოგადი პრინციპების შესაბამისად. პროგნოზი კეთილსაიმედოა. შიგნითა ყურის იშვიათმა დაიზანებამ შესაძლებელია გამოიწვიოის მყარი სიყრუე. ორმხრივი ორქიტის შედეგი შესაძლოა იყოს სათესლეების ატროფია, გენერაციული ფუნქციის შემდგომი დარღვევებით.
პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია ბინის პირობებში 9 დღით დაავადების დაწყებიდან. ჰოსპიტალიზაცია ტარდება მხოლოდ დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს და ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით. აქტიური იმუნიზაცია პაროტიტი ცოცხალი ვაქცინით ტარდება ბავშვებში 15-18 თვის ასაკში ერთჯერადად, წითაელას საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 4710 times by 2599 viewers



