ოსტეოართროზი

ოსტეოართროზი osteoarthritis

ოსტეოართროზი სახსრების დაავადება, რომლის დროსაც დეგენერაციული ხასიათის პირველადი ცვლილებები წარმოიქმნება სახსრის ხრტილში. განსხვავებით ართრიტისაგან, ოსტეოართროზის დროს ანთებითი კომპონენტი მუდმივი არ არის; დაავადება მიმდინარეობს  ეპიზოდების სახით და ნაკლებადაა გამოხატული.

ოსტეოართროზი – ეტიოლოგია მრავალფეროვანია. გამოყოფენ პირველად (იდიოპათიკურ) და მეორად ოსტეოართროზს. ეს უკანასკნელი ვითარდება სახსრებისა და ძვლების დისპლაზიით, სახსრის ტრავმით, მეტაბოლური (მაგალითად, ოქრონოზი), ენდოკრინული (მაგალითად, ჰიპოთირეოზი) და სახსრის ხრტილის სხვა დამაზიანებელი დაავადებებითა და ფაქტორებით. იმ შემთხვევაში, თუკი გამომწვევ მიზეზს ნახულობენ, ლაპარაკობენ პირველად ოსტეოართროზზე.

პათოგენეზი დაახლოებით ერთნაირია დაავადების ორივე ფორმისათვის. ხრტილის პირველადი დეგენერაცია იწვევს სახსრის სხვა ქსოვილების ცვლილებებს: ძვლის სუბქონდრული ცვლილებებს – მის გასქელებასა (ოსტეოსკლეროზი) და წანაზარდების (ოსტაფიტები) განვითარებას, სინოვიური გარსის ცვლილებებს – რეაქტიული ჰიპერემიის განვითარებას, კეროვან ანთებასა და შემდგომ ფიბროზს. ყველა ეს ცვლილებების ურთიერთგანპირობებულია, რაც იწვევს დაავადების პროგრესირებას.

ოსტეოართროზი – სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია დაავადების ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება წინატერფ-ფალანგის სახსრები, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრები, ასევე მტევნების დისტალური და პროქსიმალური ფალანგთაშუა სახსრები. სხვა სახსრების დაზიანება ოსტეოართროზისათვის დამახასიათებელი არ არის. წინატერფ-ფალანგის სახსრების ოსტეოართროზი ხშირად ვითარდება ტერფის წინა ნაწილის სხვადასხვა ანომალიების შედეგად. დამახასიათებელია ტკივილი ხანგრძლივი სიარულისას, რომელიც ჩაცხრება მოსვენებითი მდგომარეობის დროს. დროთა განმავლობაში შესაძლოა წარმოიქმნას მოძრაობის შეზღუდვა სახსარში (hullux rigitus), მოხდეს მისი გასქელება და დეფორმაცია, ბურსიტის განვითარება, რაც გარკვეულ წინაპირობას ქმნის უფრო მუდმივი და ინტენსიური ტკივილებისა. მუხლის სახსრების ოსტეოართროზი (გონართროზი) ბევრ შემთხვევაში წარმოადგენს მეორადს და განპირობებულია ხშირად მუხლის ანატომიური ღერძის დარღვევით – მათი ვარუსული ან ვალგუსური დეფორმაციით. ფემუროპატელარული შენაწევრების (კვირისტავსა და ბარძაყის ძვალს შორის) ოსტეოართროზისათვის დამახასიათებელია ტკივილის წარმოქმნა კიბეზე სიარულისას და ნებისმიერი სხვა დატვირთვებისას ამ სახსარზე: მუხლებზე დგომა, ჩამოჯდომა და სხვ. ფემუროტიბიალური ოსტეოართროზისათვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი სიარულისას და ქრება მოსვენების დროს. დაავადების ამ სტადიაზე სახსრის გარეგანი ცვლილებები დათვალიერებით არ ჩანს, ვლინდება მხოლოდ ტკივილი სახსარში პასიური მოძრაობის დროს. გონართროზის პროგრესირებასთან ერთად ტკივილი მატულობს. სინოვიტის თანდართვის შემთხვევაში იცვლება ტკივილის რიტმი: წარმოიქმნება სტარტული ტკივილი, ტკივილი დგომისა და მოსვენების დროს, მათ შორის ღამით. დათვალიერებით შესაძლოა გამოვლინდეს უმნიშვნელო ექსუდაცია ან სახსრის ცალკეული ზონების ჰიპერთერმია; პალპაციით ვლინდება გავრცელებული მტკივნეულობა, ხშირად პერიარტიკულური ქსოვილის მიდამოშიც. დაავადების გვიან სტადიებზე სინოვიტი ჩვეულებრივ ხდება მუდმივი, თუმცა მისი გამოხატულება, ისევე როგორც ადრე, უმნიშვნელოა; ხშირად აღინიშნება სახსრის დეფორმაცია, მოხრითი კონტრაქტურა; ტკივილი თითქმის მუდმივი ხდება.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი (კოქსართროზი) შემთხვევათა 50-60%-ში წარმოადგენს მეორადს, ხშირად სახსრის დისპლაზიის შედეგს; ტკივილის ხასიათი და კლინიკური დინამიკა დაავადების პროგრესირებასთან ერთად ისეთივეა, როგორიც გონა რთროზის დროს.

მტევნის ფალანგთაშუა სახსრების ოსტეოართოზი უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს დაავადების პირველადი ფორმის მაგალითს. ავადმყოფთა დიდ ნაწილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნებათ მტევნების დისტალური და პროქსიმალური ფალანგთაშუა სახსრების მხოლოდ კვანძოვანი დეფორმაცია და მათში მოძრაობის შეზღუდვა, ხოლო ტკივილი არ აღინიშნება, ან ვლინდება მხოლოდ ამ სახსრებზე მნიშვნელოვანი დატვირთვის შემდეგ. მყარი ტკივილი, ასევე სახსრის ირგვლივი ქსოვილების შეშუპება და ჰიპერემია ვლინდება მეორადი სინოვიტის თანდართვის დროს. მისი მყარი არსებობა იწვევს სახსრების მნიშვნელოვან დეფორმაციასა და მოძრაობის დარღვევებს; ვლინდება დესტრუქციის რენტგენოლოგიური ნიშნები (ე. წ. ეროზიული ოსტეოართროზი). ფალანგთაშუასთან ერთად, ოსტეართროზის ამ ფორმის დროს ხშირად ზიანება I თითის ნებ-ფალანგის სახსარი და I მაჯა-ნების სახსარი. ოსტეოართროზის ნებისმიერი ლოკალიზაციის დროს რენტგენოლოგიურად ვლინდება სასახსრე ნაპრალის შევიწროება (აუცილებელი ნიშანი დიაგნოზის დასადგენად), სუბქონდრული ძვლის სკლეროზი და ოსტეოფიტები. სისხლისა და შარდის მაჩვენებლების ცვლილებები ოსტეოართროზისათვის დამახასიათებელი არ არის.

ოსტეოართროზი – მკურნალობა. ოსტეოართროზის რადიკალური მკურნალობის მეთოდები ჯერ-ჯერობით შემუშავებული არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ ღინისძიებებს, კერძოდ იმ ფაქტორების დროულ გამოვლინებას და აღკვეთას, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას, მაგალითად, ორთოპედული დეფექტების კორექცია, სხეულის ჭარბის მასის შემცირება და სხვ. ქვედა კიდურების ოსტეოართროზის დროს, რომელიც ვლინდება მხოლოდ ტკივილით ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება დატვირთვების შემცირებას დაზიანებულ სახსარზე. გონართროზის ან კოქსართროზის დროს ავადმყოფები საჭიროა დროებით განთავისუფლდნენ სამუშაოდან;

 გონართროზსა და კოქსართროზს ხშირად თან ახლავს სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების ცვლილებები (პერიართრიტები), რომლებიც აძლიერებენ ტკივილსა და მოითხოვენ შესაბამის მკურნალობას (სახსრის ირგვლივი რბილის ქსოვილების რევმატიული დაავადებები). ხშირად მორეციდივე ან მყარი სინოვიტის დროს ნაჩვენებია ართროსკოპია და ქონდრომების გამოვლინება – ამ მოვლენების ხშირი მიზეზი – მათი ამოკვეთა. კოქსართროზისა და გონართროზის დროს სამკურნალო ფიზკულტურა ტარდება მხოლოდ მწოლიარე და მჯდომარე მდგომარეობაში, ფიზიკური დატვირთვები ამ სახსრებზე უნდა შემცირდეს. სირბილი, ხანგრძლივი სიარული უკუნაჩვენებია; მიზანშეწონილია ველოსიპედით სიარული, ცურვა; დაავადების ადრეულ სტადიებზე, სინოვიტის არარსებობისას, ზოგჯერ ეფექტურია ბალნეო – და ტალახით მკურნალობა. დაზიანებული სახსრის მიშვნელოვანი დარღვევებისას, მყარი ტკივილების დროს ტარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები.

რევმატული დაავადებები

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსტეოართროზი – (osteoarthrosis; ბერძ. Osteon ძვალი + ართროზები)სახსრების სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც საფუძვლად უდევთ სასახსრე ხრტილის პირველადი დაზიანება, რაც იწვევს მის განლევასა და განბოჭკოვნებას ძვლის გაშიშვლებამდე, ძვლოვანი წანაზარდების წარმოქმნას, სასახსრე ზედაპირის კონგრუენტობის დარღვევასა და ტკივილს დაზიანებულ სახსარში.

 


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..