ლალი დათეშიძე
ჰემორაგიული ვასკულიტი (შენლეინ-ჰენოხის დაავადება) purpura rheumatica - სისტემური ვასკულიტების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხასიათდება კანის, სახსრების, მუცლის ღრუსა და თირკმლების სისხლძარღვთა სისტემური დაზიანებით.
ეტიოლოგია. დაავადება ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს გადატანილი ინფექციის – სტრეპტოკოკური ანგინის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ასევე ვაქცინებისა და შრატების შეყვანის შემდეგ, ზოგჯერ წამლისმიერი გადაუტანლობის, გაცივების და სხვ. დროს.
პათოგენეზი დაკავშირებულია იმუნური ხასიათის დარღვევებთან; ვლინდება ცირკულირებადი იმუნური კომპლექსების დონის მატება, სისხლძარღვთა კედლის დაზიანება, რაც იწვევს მათი განვლადობის ზრდას, შეშუპებისა და სხვადასხვა ლოკალიზაციის პურპურის წარმოქმნას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად ვლინდება ტრიადით: წვრილწერტილოვანი წითელი, ჰემორაგიული გამონაყარი კანზე (პურპურა), გარდამავალი ართრალგიები (ან ართრიტი) და აბდომინური სინდრომი. თავდაპირველად კანზე გამონაყარი აღინიშნება კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, ზოგჯერ ტანზე; მთავრდება ნარჩენი პიგმენტაციით, რომელიც შესაძლოა დარჩეს დიდი ხნის მანძილზე. ხშირად ზიანდება ქვედა კიდურები. გამონაყარი შესაძლოა იყოს დაავადების ერთადერთი გამოვლინება. ავადმყოფთა 2/3-ში აღინიშნება მსხვილი სახსრების მიგრირებადი სიმეტრიული პოლიართრიტები, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ხასიათის ტკივილი – ხანმოკლე დამტვრეულობის შეგრძნებიდან მწვავე ტკივილამდე, რომელიც ავადმყოფს აიძულებს გაუნძრევლად იყოს. ართრიტი ხშირად ემთხვევა პურპურის გამოვლინებასა და ლოკალიზაციას. აბდომინური სინდრომი (მუცლის პურპურა) ხასიათდება უეცრად განვითარებული ნაწლავური კოლიკით. ტკივილი ლოკალიზებულია ჭიპის ირგვლივ, მაგრამ შეიძლება განვითარდეს სხვა მიდამოებშიც (მარჯვენა

ფერდქვეშა არეში, ეპიგასტრიუმში), ახდენს აპენდიციტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის სიმულაციას. ტკივილი ძლიერდება პალპაციის დროს; ვლინდება აბდომინური სინდრომის ტიპიური სურათი – კანის სიფერმკრთალე, ჩავარდნილი თვალები, სახის წაწვეტებული ნაკვთები, მშრალი ენა და სხვ. ავადმყოფი წევს გვერდზე, ფეხები მუცლისკენ აქვს მოხრილი. კოლიკასთან ერთად ვლინდება სისხლიანი ღებინება, თხიერი სისხლნარევი განავალი. მუცლის პურპურის მრავალგვარობა შესაძლებელია დავაწყოთ შემდეგ ვარიანტებად: ტიპიური კოლიკა, აბდომინური სინდრომი, აპენდიციტის, ნაწლავის გახვრეტის სიმულაციური, აბდომინური სინდრომი ინვაგინაციით. ვარიანტების ეს ჩამონათვალი განსაზღვრავს თერაპევტებისა და ქირურგების ერთობლივი დაკვირვების ტაქტიკასა და დროული ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას (ნაწლავის გახვრეტა, ინვაგინაცია). ხშირად პათოლოგიურ პროცესში ერთვება თირკმელები ჰემატურიული გლომერულონეფრიტის სახით, გორგლების კაპილარების დაზიანების გამო. ამასთან, თირკმლის პათოლოგია შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი – შარდის სინდრომიდან ჰიპერტონიული ან შერეული ტიპის დიფუზურ გლომერულონეფრიტამდე. ნეფრიტის კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს შესაძლოა გადასვლა ქრონიკულ პროგრესირებად ნეფრიტში თირკმლის უკმარისობით. სხვა კლინიკური ნიშნები (ცენტრალური ნერვული

სისტემის დაიზიანება, ჰემორაგიული პნევმონიები, მიოკარდიტები და სეროზიტები) აღინიშნება იშვიათად და ვლინდება მხოლოდ სპეციალური გამოკვლევებით. ლაბორატორიული მონაცემები ნაკლებსპეციფიკურია – აღინიშნება ლეიკოციტოზი, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია აბდომინური სინდრომის დროს, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედსი მომატებულია, განსაკუთრებით აბდომინური სინდრომისა და პოლიართრიტის დროს. მწვავე მიმდინარეობის დროს დაავადება იწყება უეცრად და ვლინდება მრავალსიმპტომური კლინიკით, ხშირად რთულდება ნეფრიტით. ქრონიკული მიმდინარეობის დროს უმრავლეს შემთხვევაში ლაპარაკია მორეციდივე კან-სახსროვან სინდრომზე (მოხუცთა ორთოსტატიკური პურპურა).
დიაგნიზის დასმა დამახასიათებელი ტრიადის არსებობისას ან მხოლოდ ჰემორაგიული გამონაყრის დროს რთული არ არის. თუმცა ჰემორაგიული ვასკულიტის სინდრომი შესაძლოა აღინიშნოს ინფექციური ენდოკარდიტის, სხვადასხვა ვასკულიტების, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების და სხვ. დროს. ხანში შესულ პირებში აუცილებელია გამოირიცხოს ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიური პურპურა. მკურნალობა. ინიშნება ანტიჰისტამინური და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები საყოველთაოდ მიღებული დოზებით. დაავადების მწვავე პერიოდში აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი. კეროვანი ინფექციის დროს ნაჩვენებია სანაცია – კონსერვატიული ან ქირურგიული.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 8653 times by 4756 viewers



