ვეგენერის გრანულომატოზი

ვეგენერის გრანულომატოზი (Wegener’s granulomatosis) – სისტემური ვასკულიტის ერთ-ერთი ფორმა, გიგანტურუჯრედოვანი გრანულომატოზურ-ნეკროზული ვასკულიტი, რომელიც მიმდინარეობს სასუნთქი გზების, ფილტვებისა და თირკმელების დაზიანებით.

ვეგენერის გრანულომატოზი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის. დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია: მწვავე რესპირატრული დაავადებები, გაცივება, ინსოლაცია, ტრავმა, წამლის გადაუტანლობა და სხვ. ვასკულიტის სისტემური ხასიათი, ვრცელი გრანულომატოზური რეაქციები, საფუძველს იძლევა ვიფიქროთ დაავადების წამყვანი ავტოიმუნური მექანიზმების შესახებ.

ვეგენერის გრანულომატოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირია მამაკაცებში; იწყება ზედა სასუნთქი გზების დაზიანებითა და ვლინდება მყარი სურდოთი, სეროზული, ჩირქოვანი გამონადენით, ცხვირიდან სისხლდენით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანების სხვა ნიშნებით, ხოლო პროცესში ტრაქეობრონქული ხის ჩართვისას – შეუპოვარი ხველით, სისხლიან-ჩირქოვანი ნახველით, ტკივილით გულმკერდში. შემდგომში ვითარდება დაავადების პოლისინდრომული კლინიკური სურათი (გენერალიზაციის სტადია), რასაც თან ახლავს ცხელება, მიგრირებადი პოლიართრიტი ან მხოლოდ ართრალგიები და მიალგები, ასევე კანის (მათ შორის სახის კანის მძიმე ნეკროზულ-წყლულოვანი დაზიანება), ფილტვების დაზიანება და სხვ. განსაკუთრებით პათოგნომურია ჩირქოვან-ნეკროზული და წყლულოვან-ნეკროზული რინიტი, სინუსიტი, ნაზოფარინგიტი და ლარინგიტი. ფილტვების გამოკვლევით ვლინდება პნევმონიის კლინიკურ-რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა აბსცედირებითა და ღრუების წარმოქმნით. ამ სტადიაში პათოლოგიურ პროცესში ერთვება თირკმელები, ვითარდება დიფუზური გლომერულონეფრიტი და თირკმლის უკმარისობა. ლაბორატორიული მონაცემები დამახასიათებელი არ არის. ჩვეულებრივ აღინიშნება ანთებითი პროცესის აშკარა ნიშნები – ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება და სხვ. ავადმყოფები კვდებიან ფილტვიდან სისხლდენით ან თირკმელების უკმარისობით. დიაგნოზის დადგენა ადრეულ პერიოდში საკმაოდ ძნელია, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი დაავადება იწყება ფილტვისსიმპტომატიკით. ასეთ ავადმყოფებში ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ბიოფსია ავლენს პათოლოგიის გრანულომატოზურ ხასიათს.

რევმატული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვეგენერის გრანულომატოზი – ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ვასკულიტი, რაც შერწყმულია გლომერულონეფრიტთან. ვლინდება ცხვირიდან ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენით, ხველით, ქოშინით, სისხლის ამოხველებით, ტკივილით გულმკერდის არეში, ართრალგიით, ცხელებით, ანემიით, ლეიკოციტოზით, გულის უკმარისობით, პნევმონიის რენტგენოლოგიური ნიშნებითა და სხვ. დიაგნოზი დადგენა ხდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ბიოფსიით.

.