ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
პულპიტი – კბილის პულპის ანთება, რომელიც ვლინდება ტკივილის შეტევებით.
ეტიოლოგია. კარიესული ღრუს მიკროფლორა, ქიმიური, მექანიკური და თერმული ტრავმები.
პათოგენეზი დაკავშირებულია კარიესული პროცესის პროგრესირებასთან და ანთებით რეაქციასთან; შესაძლებელია ინიფიცირება მწვერვალოვანი ხვრელიდან, მაგალითად პაროდონტის დაავადებების დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია თავისთავადი შეტევითი ტკივილი, განსაკუთრებით ღამის საათებში, რომელიც პროვოცირდება მექანიკური, ქიმიური და ტემპერატურული გამაღიზიანებლებით. ტკივილი ირადირებს სამწვერა ნერვის შესაბამისი ტოტის გასწვრივ. სეროზული ფორმების დროს ტკივილის შეტევები ხშირი არ არის და ხანმოკლეა, პროცესის პროგრესირებასთან ერთად შეტევები ხშირდება და ხანგრძლივდება. ჩირქოვანი პულპიტის დროს შეტევა ხანგრძლივია, ტკივილს აქვს პულსირებადი ხასიათი. სეროზული პულპიტის დროს ტკივილი ძლიერდება სიცივეზე, ჩირქოვანი პულპიტის დროს კი პირიქით – ტკივილი კლებულობს. პულპიტის ქრონიკული ფორმების დროს ტკივილის შეტევები წარმოიქმნება უმთავრესად გამწვავების დროს.
დიაგნოსტირება ხდება დამახასიათებელი ჩივილებით, კარიესული ღრმულის გამოვლინებითა და მისი ფსკერის ზონდირებით. ჩირქოვანი და ქრონიკული ფორმების დროს პერკუსია მტკივნეულია.
მკურნალობა მიმართულია ანთებითი პროცესისა და ტკივილის კუპირებისაკენ. სეროზული ფორმების დროს ახალგაზრდებში შესაძლებელია პულპის შენაჩუნება: დაზიანებული დენტინის მოცილება, კბილის მედიკამენტოზური დამუშავება და დაბჟენა. გადაუდებელი დახმარება მწვავე სეროზული ფორმების დროს: კარიესული ღრუს გაწმენდა გარბილებული დენტინისაგან (ექსკავატორით) და მისი გამორეცხვა ანესთეტიკის თბილი ხსნარით. ჩირქოვანი პულპიტის დროს აუცილებელია კბილის ღრუს გახსნა.
პროგნოზი. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ხდება პულპის ნეკროზი და პროცესის გავრცელება მწვერვალის ირგვლივ ქსოვილებზე. სათანადოდ ჩატარებული მკურნალობის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.
პროფილაქტიკა – კარიესის დროული მკურნალობა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
______________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 1245 times by 761 viewers



