ენტერიტი

 ენტერიტი enteritis

ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტის დროს ხშირად პათოლოგიურ პროცესში ერთდროულად ერთვება კუჭიც და მსხვილი ნაწლავიც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მწვავე ენტერიტებს: 1. ინფექციური და ვირუსული წარმოშობის; 2. ალიმენტური; 3. ტოქსიკური; 4. ალერგიული. პათოგენეზი განპირობებულია პათოლოგიური საწყისის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ცივი სასმელების მიღება, ორგანიზმის საერთო გადაცივება, პოლიჰიპოვიტამინოზები და სხვა ფაქტორები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია დაიწყოს ადგილობრივი სიმპტომებით – გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცელში ყურყური, ზოგჯერ სპატიკური ტკივილები. შემდეგში მას ერთვის საერთო სისუსტე, ზოგადი დაუძლურება, ცივი ოფლი, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სისხლძარღვოვანი კოლაფსის სიმპტომები. სხვა შემთხვევებში ზოგადი სიმპტომები ვლინდება თავდაპირველად, შემდეგში კი მას უერთდება წვრილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ნიშნები. მუცლის პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში, ზოგჯერ ძლიერი ყურყური ბრმა ნაწლავის პალპაციისას. აღინიშნება ზომიერი, იშვიათად გამოხატული ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. არაინფექციური ენტერიტების დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მწვავე ნაწლავურ ინფექციებთან, ასევე ზოგად ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებთან, რომლებიც შესაძლებელია მიმდინარეობდნენ ენტერიტის სინდრომით. დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს. განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით ხშირად შესაძლებელი ხდება გამომწვევის გამოყოფა. ავადმყოფის დაწვრილებითი გამოკითხვა აიოლებს დიფერენციალურ დიაგნოზს. მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს დაავადება მთავრდება გამოჯანმრთელებით რამდენიმე დღეში. მძიმე ფორმები შესაძლოა გართულდეს ნაწლავური სისხლდენით, წვრილი ნაწლავის ნეკროზითა და პერფორაციით. ტოქსიკური და ალერგიული ენტერიტების დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხვა ორგანოების თანმხლებ დაზიანებას – გულის, ღვიძლის, თირკმელების და სხვ.

მკურნალობა. მძიმე ენტერიტით დაავადებულების, ასევე ტოქსიკური წარმოშობის ენტერიტების დროს, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. ინფექციური ენტერიტით დაავადებულები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას ინფექციურ საავადმყოფოში. მწვავე ენტერიტის ყველა შემთხვევებში კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან ტოქსინების მოცილების მიზნით ტარდება კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარბონატის სუსტი ხსნარით, შიგნით მისაღებად ინიშნება საფაღარათოები. პირველ 12 – 24 საათის განმავლობაში ნაჩვენებია შიმშილი, რეკომენდებულია სითხეები დიდი რაოდენობით. გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის დროს ინიშნება კანქვეშ ან ვენაში წვეთობრივად ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან გლუკოზის 5% – იანი ხსნარი, კორდიამინი, სულფოკამფოკაინი, კოფეინი. შიგნით მისაღებად ინიშნება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, შემდეგში კი ნაწლავის ფლორის მოსაწესრიგებელი საშუალებები.

ქრონიკული ენტერიტი

ეტიოლოგია: 1. სისტემატური ალიმენტური დარღვევები, ცხარე საკვების სისტემატური მიღება, ურეჟიმო კვება; 2. ალკოჰოლიზმი; 3. საწარმოო ინტოქსიკაციები, საყოფაცხოვრებო ინტოქსიკაციები და ენდოგენური ინტოქსიკაციები (ურემია); 4. კვებითი ალერგია; 5. პარაზიტული ინვაზიები, ზოგიერთი ნაწლავური ჰელმინთოზი; 6. რადიაციული დაზიანება; 7. თანმხლები ენტერიტები ხანგრძლივად მიმდინარე გასტრიტების დროს კუჭის სეკრეტორული უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტების, კოლიტების დროს. პათოგენეზი. 1. ეტიოლოგიური ფაქტორის უშუალო ქრონიკული დამაზიანებელი მოქმედება წვრილი ნაწლავის კედელზე; 2. ხანგრძლივი დისბაქტერიოზი; 3. იმუნოლოგიური მექანიზმები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილს აქვს უპირატესად ყრუ, იშვიათად სპასტიკური ხასიათი, ლოკალიზაბულია ჭიპის მიდამოში, სადაც აღინიშნება მტკივნეულობა მუცლის პალპაციით და ძლიერი ზეწოლისას. ნაწლავური დისპეფსიის სინდრომი ვლინდება ნაკლებდამახასიათებელი დისპეფსიური ჩივილებით: მუცლის შებერვით, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ, გულისრევით, ყურყურით და სხვ. ზოგჯერ მძიმე ენტერიტის დროს ჭამის შემდეგ წარმოიქმნება სისუსტე, თავბრუსხვევა და სხვა ზოგადი მოვლენები. ენტერიტული კოპროლოგიური სინდრომი: ხშირი (დღეში 15 – 20) ფაფისებური, საკვების გადაუმუშავებელი ნაწილებით, ხილული ლორწოს გარეშე, ბუშტუკებიანი განავალი. დამახასიათებელია პოლიდეფეკაცია: დღე – ღამის განმავლობაში განავლოვანი მასების საერთო რაოდენობამ შესაძლოა შეადგინოს 1,5 – 2 კგ. ზოგჯერ წარმოიქმნება დეფეკაციის მკვეთრი სურვილი ჭამის დამთვრებისთანავე, ხოლო დეფეკაციის შემდეგ ვითარდება ძლიერი სისუსტე, რასაც თან ახლავს ცივი ოფლი, ხელების კანკალი. დამახასიათებელია რძის გადაუტანლობა: მისი მიღების შემდეგ ძლიერდება მეტეორიზმი, ფაღარათი. დაავადების გამწვავებას იწვევს ცხარე საკვების მიღება. ხშირად ადგილი აქვს განავლოვანი მასების თავისებურ მოყვითალო შეფერვას. მიკროსკოპული გამოკვლევით ვლინდება გადაუმუშავებელი საკვები ნარჩენების დიდი რაოდენობა, ნეიტრალური ცხიმის წვეთები (სტეატორეა), ცხიმოვანი მჟავეების წვეთები და კრისტალები, კუნთოვანი ბოჭკოები (კიტარინორეა), თავისუფალი არაუჯრედოვანი სახამებელი, დიდი რაოდენობით ლორწო. შეწოვის უკმარისობის სინდრომი ვლინდება სხეულის მასის თანდათანობითი შემცირებით, საერთო სისუსტით, დაუძლურებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით. სისხლში: ჰიპოპროტეინემია, ჰიპოქოლესტერინემია; ხშირია ჰიპოვიტამინოზის მოვლენები: კანის სიმშრალე, ანგულარული სტომატიტები, თმის დაცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, პოლინევრიტები. სისხლში კლებულობს რიგი იონების კონცენტრაცია; მძიმე შემთხვევებში ვითარდება ძვლების პათოლოგიური მტვრევადობა და ჰიპოპარათირეოიდიზმის სხვა ნიშნები. ჰიპოფიზული უკმარისობა ვლინდება არამკვეთრად გამოხატული შაქრიანი დიაბეტით (პოლიდიფსია, პოლიურია), თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა – ადისონიზმის არამკვეთრად გამოხატული მოვლენებით. მამაკაცებში სასქესო ჯირკვალების ფუნქციის დარღვევა ვლინდება იმპოტენციით, ქალებში – ამენორეით. მძიმე ენტერიტის დროს აღინიშნება დისტროფიული ცვლილებები გულის კუნთში, ღვიძლში, თირკმელებში და სხვა ორგანოებში. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ქრონიკული ენტერიტის დროს ხშირად ვლინდება ბარიუმის დაჩქარებული პასაჟი წვრილ ნაწლავში და მისი არათანაბარი დაგროვება ნაწლავის სხვადასხვა მარყუჟებში; ხშირად ჩანს ლორწოვანი გარსის გასქელებული შეშუპებული ნაოჭები, მძიმე შემთხვევებში – მათი გადასწორება ატროფიის შედეგად. ასპირაციული ბიოფსიით მლივი ნაწლავის ზედა ნაწილებიდან, აღინიშნება ლორწოვანი გარსის ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები, ხაოების ზომების შემცირება, ზედაპირული ეპითელის შესქელება, მძიმე შემთხვევებში – სკლეროზული ცლილებების განვითარება. ქრონიკული ენტერიტის მიმდინარეობა პროგრესირებს თანდათანობით ან უეცრად, იშვიათად აღინიშნება დაავადების სიმპტომების რეგრესია. დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას საჭიროა პირველ რიგში გამოირიცხოს ალიმენტური დისპეფსიები. მძიმე ენტერიტის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სპრუსთან.

ენტერიტის შედარებით იშვიათი ფორმაა რეგიონალური ენტერიტი (კრონის დაავადება), რომელიც მიმდინარეობს თეძოს ნაწლავის უპირატესი დაზიანებით, ცხელებით, ჰიპერ – ალფა – და გამაგლობულინემიით, პროგრესირებადი მიმდინარეობით. საჭიროა გამოირიცხოს თანდაყოლილი ენზიმოდეფიციტური ენტეროპათიების განვითარება, პირველ რიგში შესაბამისი დიეტის დანიშვნით; გამწვავების პერიოდში მკურნალობა ტარდება სტაციონარში; საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ცილას, ძირითადად ცხოველური წარმოშობის. გამოირიცხება ძნელლღობადი ცხიმები; ნახშირწყლების რაოდენობა ჩვეულებრივია, ამასთან იზღუდება უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით სასარგებლოა კომპლექსური ვიტამინური პრეპარატები. ფართო სპქეტრის მოქმედების ანტიბიოტიკები ქრონიკული ენტერიტების დროს ფართო გამოყენებას ვერ პოულობს დისბაქტერიოზის განვითარების გამო. საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ნაჩვენებია უპირატესად ნაწლავშიგა მონელების დარღვევისას. პროცესის გამწვავების პერიოდში, ნაჩვენებია შემკვრელი და შემომგარსველი საშუალებების პერორალურად მიღება. მძიმე ენტერიტების დროს ინიშნება პლაზმის გადასხმა, ცილოვანი ჰიდროლიზატები; შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ისინი შეჰყავთ ინტრაგასტრალური ზონდით წვეთობრივად. ნაჩვენებია ანაბოლური სტეროიდული ჰორმონები. ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან განსაკუთრებით ეფექტურია სითბური კომპრესები, პარაფინის აპლიკაციები, ოზოკერიტი, დიათერმია, ინდუქტოთერმია და სხვ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ენტერიტებს. მწვავე ენტერიტი შეიძლება იყოს: 1. ინფექციური და ვირუსული წარმოშობის; 2. ალიმენტური; 3. ტოქსიკური; 4. ალერგიული. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ცივი სასმელების მიღება, ორგანიზმის საერთო გადაცივება, პოლიჰიპოვიტამინოზები და სხვა ფაქტორები. დაავადება შესაძლებელია დაიწყოს ადგილობრივი სიმპტომებით – გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცელში ყურყური, ზოგჯერ სპატიკური ტკივილები. შემდეგში ერთვის საერთო სისუსტე, ზოგადი დაუძლურება, ცივი ოფლი, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სისხლძარღვოვანი კოლაფსის სიმპტომები. მუცლის პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში, ზოგჯერ ძლიერი ყურყური ბრმა ნაწლავის პალპაციის დროს. აღინიშნება ზომიერი, იშვიათად გამოხატული ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს დაავადება მთავრდება გამოჯანმრთელებით რამდენიმე დღეში. მძიმე ფორმები შესაძლოა გართულდეს ნაწლავური სისხლდენით, წვრილი ნაწლავის ნეკროზითა და პერფორაციით.  ქრონიკული ენტერიტის ეტიოლოგია: 1. სისტემატური ალიმენტური დარღვევები, ცხარე საკვების სისტემატური მიღება, ურეჟიმო კვება; 2. ალკოჰოლიზმი; 3. საწარმოო ინტოქსიკაციები, საყოფაცხოვრებო ინტოქსიკაციები და ენდოგენური ინტოქსიკაციები (ურემია); 4. საკვებისმიერი ალერგია; 5. პარაზიტული ინვაზიები, ზოგიერთი ნაწლავური ჰელმინთოზი; 6. რადიაციული დაზიანება; 7. თანმხლები ენტერიტები ხანგრძლივად მიმდინარე გასტრიტების დროს კუჭის სეკრეტორული უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტების, კოლიტების დროს. პათოგენეზი. 1. ეტიოლოგიური ფაქტორის უშუალო ქრონიკული დამაზიანებელი მოქმედება წვრილი ნაწლავის კედელზე; 2. ხანგრძლივი დისბაქტერიოზი; 3. იმუნოლოგიური მექანიზმები. სიმპტომები: ტკივილს აქვს უპირატესად ყრუ, იშვიათად სპასტიკური ხასიათი, ლოკალიზაბულია ჭიპის მიდამოში, სადაც აღინიშნება მტკივნეულობა მუცლის პალპაციით და ძლიერი ზეწოლისას. ზოგჯერ მძიმე ენტერიტის დროს ჭამის შემდეგ წარმოიქმნება სისუსტე, თავბრუსხვევა; დამახასიათებელია პოლიდეფეკაცია;  ზოგჯერ ჭამის დამთავრებისთანავე წარმოიქმნება დეფეკაციის მკვეთრი სურვილი,  ხოლო დეფეკაციის შემდეგ ვითარდება ძლიერი სისუსტე, რასაც თან ახლავს ცივი ოფლი, ხელების კანკალი. დამახასიათებელია რძის გადაუტანლობა: მისი მიღების შემდეგ ძლიერდება მეტეორიზმი, ფაღარათი. დაავადების გამწვავებას იწვევს ცხარე საკვების მიღება.  შეწოვის უკმარისობის სინდრომი ვლინდება სხეულის მასის თანდათანობითი შემცირებით, საერთო სისუსტით, დაუძლურებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით. ხშირია ჰიპოვიტამინოზის მოვლენები: კანის სიმშრალე, ანგულური სტომატიტი, თმის დაცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, პოლინევრიტები. სისხლში კლებულობს რიგი იონების კონცენტრაცია, განსაკუთრებით Са – ის, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ძვლების პათოლოგიური მტვრევადობა და ჰიპოპარათირეოიდიზმის სხვა ნიშნები. ჰიპოფიზული უკმარისობა ვლინდება არამკვეთრად გამოხატული შაქრიანი დიაბეტით (პოლიდიფსია, პოლიურია), თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა – ადისონიზმის არამკვეთრად გამოხატული მოვლენებით. მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა ვლინდება იმპოტენციით, ქალებში – ამენორეით. მძიმე ენტერიტის დროს აღინიშნება დისტროფიული ცვლილებები გულის კუნთში, ღვიძლში, თირკმელებსა და სხვა ორგანოებში. ქრონიკული ენტერიტის მიმდინარეობა პროგრესირებს თანდათანობით ან უეცრად, იშვიათად აღინიშნება დაავადების სიმპტომების რეგრესია.

.