სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

უშაქრო დიაბეტი – დაავადება, რომელიც განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის (ვაზოპრესინის) აბსოლუტური ან შეფარდებითი უკმარისობით; ვლინდება პოლიურიითა და პოლიდიფსიით.

ეტიოლოგია. მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ტრავმები (შემთხვევითი, ქირურგიული), ასევე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის სისხლძარღვოვანი დაზიანებები. ზოგიერთ ავადმყოფთან დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა ვერ ხერხდება; ამ ფორმას გამოყოფენ როგორც იდიოპათიკურ უშაქრო დიაბეტს.

პათოგენეზი. ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა (ცენტრალური ფორმა) ან ანტიდიურეზული ჰორმონის ფიზიოლოგიური მოქმედების უკმარისობა მისი ნორმალური სეკრეციის დროს (შეფარდებითი უკმარისობა). ამ უკანასკნელის განვითარებაში გარკვეული მიშვნელობა აქვს წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციის არასრულფასოვნებას, თირკმელების მილაკოვანი ეპითელის უნარის დაქვეითებას რეაგირება მოახდინოს ანტიდიურეზულ ჰორმონზე (დაავადების ნეფროგენული ფორმა), თირკმელების კისტოზური, დეგენერაციული და ანთებითი ფორმების დროს, ასევე ანტიდიურეზული ჰორმონის ინაქტივაციის გაძლიერება ღვიძლისა და თირკმელების მიერ. ანტიდიურეზული ჰორმონის უკმარისობა იწვევს წყლის რეაბსორბციის დაქვეითებას და ხელს უწყობს არაკონცენტრირებული შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ზოგად დეჰიდრატაციას, წყურვილსა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება წარმოიქმნება ორივე სქესის პირებში ახალგაზრდა ასაკში. უეცრად ვითარდება ხშირი და უხვი შარდგამოყოფა (პოლიურია), წყურვილი (პოლიდისფსია), რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია ღამით; ირღვევა ნორმალური ძილი; შარდის დღე-ღამური რაოდენობა შეადგენს 6-15 ლიტრსა და მეტს, შარდი ღია ფერისაა, დაბალი ხვედრითი წონით; აღინიშნება უმადობა, სხეულის წონაში დაკლება, გაღიზიანებადობა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევა. შესაძლებელია ბავშვების ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენა. ქალებში შესაძლოა აღინიშნებოდეს მენსტრუალური ციკლის მოშლა, მამაკაცებში – პოტენციის დაქვეითება. დამახასიათებელია ფსიქიკური მოშლილობები: უძილობა, ემოციური გაუწონასწორებლობა. სითხის მიღების შეზღუდვისას ავადმყოფებში ვითარდება დეჰიდრატაციის სიმპტომები: თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, ფსიქიკური დარღვევები, სისხლის შესქელება, კოლაფსი.
დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს: პოლიდიფსია, პოლიურია, შარდის დაბალი ხვედრითი წონა და შარდის ნალექში პათოლოგიური ცლილებების არარსებობა. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, თუმცა სრული გამოჯანმრთელების შემთხვევები იშვიათია.

მკურნალობა მიმართულია პირველ რიგში დაავადების ძირითადი მიზეზის ლიკვიდაციისაკენ (ნეიროინფექცია, სიმსივნეები). ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1517 times by 837 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka