პარამეტრიტი

პარამეტრიტი parametritis

პარამეტრიტისაშვილოსნოს ირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. გამომწვევი – ხშირად ოქროსფერი სტაფილოკოკი ან ეშერიხია, ზოგჯერ – მიკროორგანიზმთა ასოციაცია. ინფექცია საშვილოსნოდან და დანამატებიდან ვრცელდება ლიმფური გზებით. განსაკუთრებით ხშირად პარამეტრიტი ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებისა და ტრავმების შერწყმისას (საშვილოსნოს ყელის აბორტის შემდგომი დაზიანებები, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია და დიათერმოექსპოზიცია, საშვილოსნოს ან დანამატების ოპერაციული ჭრილობა). ანთება ჩვეულებრივ ვრცელდება გარკვეულ მიდამოში: ყელის წინა ნაწილიდან ინფილტრატი ვრცელდება შარდის ბუშტის ლატერალური კიდეებით მუცლის წინა კედელზე; ყელის წინაგვერდითი ნაწილებიდან – პუპარტის იოგამდე და მუცლის გვერდით ნაწილებამდე; ყელის უკანა გვერდითი ნაწილებიდან – მენჯის კედლებამდე; ყელის უკანა ნაწილიდან – სწორ ნაწლავამდე. ანთებითი ინფილტრატი შეიძლება გაიწოვოს, დაჩირქდეს ან მიიღოს ქრონიკული მიმდინარეობა.

პარამეტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

აღინიშნება ტემპერატურის მომატება, რომელიც დაჩირქებისას ღებულობს ინტერმისიულ ხასიათს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დაავადების დასაწყისში მცირედ იცვლება, პროცესის გავრცელებისას კი ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები: კანის სიფერმკრთალე, უმადობა, ადინამია, თავის ტკივილი. ავადმყოფები უჩივიან ყრუ ტკივილსა და სიმძიმეს მუცლის ქვევით, ზეწოლის გრძნობას სწორ ნაწლავზე, დეფეკაციის აქტის მტკივნეულობასა და გაძნელებას. სისხლის მაჩვენებლები დაჩირქებამდე როგორც წესი, მხოლოდ მყარია; დაჩირქების დროს – გამოხატული ლეიკოციტოზის შემთხვევაში აღინიშნება ლეიკოციტული ფორმულის მკვეთრი გადახრა მარცხნივ. დამახასიათებელ მონაცემებს ღებულობენ ბიმანუალური პალპაციით, რომლის დროსაც აღინიშნება საშოს თაღების გადასწორება და შემოკლება; საშვილოსნო ვერ კონტურირდება, ვინაიდან მთლიანად, ან ნაწილობრივ ჩართულია ინფილტრატში. დაავადების დასაწყისში პალპაცია მცირედ მტკივნეულია, მაგრამ დაჩირქების დროს ტკივილი ძლიერდება.. დაჩირქების ნიშნებია ზოგადი მდგომარეობის ცლილებები და ინფილტრატის გარბილების უბნების გამოვლენა.

პარამეტრიტი – გართულებები

ჩირქის გასვლა მუცლის ღრუში, სწორ ნაწლავში, შარდის ბუშტში. აუცილებელია დიფერენცირება პელვიოპერიტონიტთან, საშვილოსნოს დანამატების მწვავე ანთებასთან, საშვილოსნოს დანამატების სიმსივნის ფეხის გადაგრეხასთან, საშვილოსნოს კვანძების ნეკროზთან და ფიბრომიომასთან.

პარამეტრიტი – მკურნალობა

მწვავე სტადიაში ინიშნება ანტიბიოტიკები, გამაყუჩებლები. დაჩირქების შემთხვევაში იხსნება კერა უკანა კოლპოტომიის გზით. ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიებში ინიშნება საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფილტატის გაწოვას.


Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..