ლალი დათეშიძე
ლასის ცხელება – მწვავე ვირუსული დავადება ზოონოზების ჯგუფიდან; ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, მაღალი ლეტალობით, ჰემორაგიული სინდრომით, წყლულოვანი ფარინგიტით, სუნთქვის ორგანოების, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, მიოკარდიტით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება ადენოვირუსებს. ბუნებაში ინფექციის რეზერვუარია ვირთხა; დასნებოვნება ხდება ალიმენტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით, კანის მიკროტრავმით, ასევე ჰაერ-მტვროვანი გზითაც. ლასის ცხელების გამომწვევი მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ვირუსს, მათთან მუშაობა მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. ვირუსი საკმაოდ მდგრადია გარემოში. ინფექციის შეჭრის კარის ადგილზე ცვლილებები არ ვლინდება. დამახასიათებელია ვირუსის ჰემატოგენური დისემინაცია და მრავალი ორგანოსა და სისტემის დაზიანება. მატულობს სისხლძარღვების დაზიანება, წარმოიქმნება ჰემოსტაზის ღრმა დარღვევები და ვითარდება დისემინირებული სისლხძარღვშიგა შედედების სინდრომი. სისხლჩაქცევები განსაკუთრებით გამოხატულია ნაწლავში, ღვიძლში, მიოკარდში, ფილტვებსა და თავის ტვინში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-17 დღე. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. დაავადება იწყება თანდათანობით. ყოველდღიურად მატულობს ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები. პირველ დღეებში ავადმყოფები აღნიშნავენ საერთო სისუსტეს, დამტვრეულობას, ზოგად სისუსტეს, კუნთებისა და თავის ტკივილს. სხეულის ტემპერატურა მატულობს და 3-5 დღის შემდეგ აღწევს 39-40 გრადუსს. ცხელება შესაძლებელია გაგრძელდეს 2-3 კვირა. მატულობს ინტოქსიკაციის სიპტომები (ასთენიზაცია, კუნთების ტკივილი, ცნობიერების დარღვევა). სახე და კისერი ჰიპერემიულია, ზოგჯერ პასტოზური, აღინიშნება სკლერის სისხლძარღვების ინიექცია;

ავადმყოფთა უმრავლესობას ნუშურების რკალებზე და რბილ სასაზე უვითარდება ნეკროზულ-წყლულოვანი კერები, რომლებიც გარშემორტყმულია მკაფიო ჰიპერემიის ზონით. მათი რიცხვი შემდეგში მატულობს, ისინი შესაძლებელია შეერთდნენ. დაავადების მე-5 დღეზე შესაძლებელია წარმოიქმნას ტკივილი ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, დეფეკაცია უხვი, თხიერი, წყლიანი განავალით; ზოგჯერ ვითარდება გაუწყლოვნება. დაავადების მძიმე ფორმის დროს მეორე კვირაზე მკვეთრად ძლიერდება ინტოქსიკაციის სიმპტომები, რასაც თან ერთვის პნევმონია, ფილტვების შეშუპება, მიოკარდიტი, სახისა და კისრის შეშუპება, ჰემორაგიული სინდრომი. ამ პერიოდში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. ადრე ვლინდება გენერალიზებული ლიმფადენოპათია; პირველი კვირის ბოლოს წარმოიქმნება ეგზანთემა (როზეოლები, პაპულები, ლაქები). კლინიკურად და რენტგენოლოგიურად ვლინდება პნევმონია, არაიშვიათად პლევრული გამონაჟონი. აღინიშნება ტკივილი ფერდქვეშა არეში, უხვი წყლიანი განავალი; ღვიძლის გადიდებულია. ზოგჯერ ვითარდება ასციტი. სისხლში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მატულობს ამინოტრანსფერაზების აქტივობა.
დიაგნოზი. დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. საჭიროა დიფერენციალური დიაგნოზის გატარება შემდეგ დაავადებებთან: ანგინები, დიფთერია, მძიმე პნევმონიები, ყვითელი ცხელება, მალარია და სხვ. დიაგნოზის სპეციფიკური დამადასტურებელია ვირუსის გამოყოფა და სეროლოგიური გამოკვლევები.
მკურნალობა. საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია; ეტიოტროპული საშუალებები არ არსებობს. ძირითადია პათოგენეტიკური თერაპია. ტარდება რეჰიდრატაცია. პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა შეადგენს 36-67%-ს.
პროფილაქტიკა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლირება ბოქსში; ტარდება მიმდინარე და დასკვნითი დეზინფექცია. საშიშია სისხლი და შარდი, ამიტომ არა მხოლოდ ბაქტერიოლოგიური, არამედ ჩვეულებრივი კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევბი ტარდება უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 734 times by 394 viewers



