გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი disseminated [multiple] sclerosis

ნერვული სისტემის რემისიული დაავადება, რომელიც განპირობებულია თავისა და ზურგის ტვინის დემიელინიზაციური კერებით; წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ორგანულ დაავადებას.

ეტიოლოგია – ცნობილი არ არის, თუმცა ნათელია იმუნური მექანიზმების აშკარა როლი.

პათოგენეზი – ძირითადია დემიელინიზაციის პროცესი, რომელიც აზიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის თეთრ ნივთიერებას. დაზიანებული უბანი შესაძლებელია დაექვემდებაროს დემილინიზაციას ან მიელინის დაშლას მოჰყვება ღერძული ცილინდრების დაზიანებაც, დამახასიათებელი მკვრივი გლიური ბალთის შემდგომი განვითარებით (რომლის ზომებიც ვარირებს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე). რემიელინიზაცია საფუძვლად უდევს კლინიკურ რემისიას. ნაწიბურების განვითარების დროს კი დაზიანებული სისტემის ფუნქცის მოშლა შეუქცევადია.

ამერიკელი მეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, გაფანტული სკლეროზი, გამოწვეული ლიპიდური ცვლის მოშლით, უფრო ახლოსაა კორონარულ ათეროსკლეროზთან, ვიდრე ავტოიმუნურ დაავადებებთან. იხ. სტატია ,,გაფანტული სკლეროზი და ქოლესტერინი

გაფანტული სკლეროზი – სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება წარმოიქმნება ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში; ბავშვობაში და 50 წლის შემდეგ იგი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. პირველი სიმპტომებია გარდამავალი მოტორული, სენსორული ან მხედველობითი დარღვევები. წლების განმავლობაში კვლავ წარმოქმნილი კერები უკვე ვეღარ ექვემდებარებიან აღდგენას, ამიტომ კლინიკური სურათის სიმძიმე განუხრელად მატულობს. სხვებზე უფრო ხშირად ზიანდება პირამიდული და ნათხემოვანი სისტემები და მხედველობის ნერვები.

დაავადების განვითარებაში თითქმის ყოველთვის აღინიშნება სპატიკური პარაპარეზი ან ტეტრაპარეზი. ამასთან ერთად გამოხატულია ნათხემოვანი დარღვევები: ატაქსია, დიზართრია, ნისტაგმი. ჩვეულებრივ აღინიშნება კიდურების უხეში ტრემორი, იშვიათად თავის; კანკალი ვლინდება აქტიური მოძრაობის დროს, მაგრამ შესაძლებელია ჰქონდეს ასევე სტატიკური ხასათი. ცნობილი შარკოს ტრიადა (ნისტაგმი, ინტენციური ტრემორი, სკანდირებული მეტყველება) აღინიშნება მხოლოდ ავადმყოფთა 10%-ში. მხედველობის ნერვების დაზიანება ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით; ირღვევა მოშარდვა. მრავალ ავადმყოფს აღენიშნება თავისებური ეიფორია; დაავადების შორს წასულ სტადიებში ხშირია დემენცია. რიგ შეთხვევებში პარეზები, ატაქსია, მხედველობის დარღვევა დროებით ღრმავდება ცხელი აბაზანის შემდეგ.

დამახასიათებელია რემისიული მიმდინარეობა: გამწვავება იცვლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, ზოგჯერ კი დაავადების ამა თუ იმ ნიშნების სრული გაქრობით. რემისიის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდეა; ავადმყოფები სრულფასოვნები არიან დაავადების პირველ წლებში; რამდენიმე წლის შემდეგ ავადმყოფთა უმრალესობა საჭიროებს მუდმივ დახმარებას დამბლისა და ატაქსიის გამო. დიაგნოსტიკაში არსებით როლს ასრულებს კომპიუტერული ტომოგრაფია, თვალის ფსკერისა და ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევა.

გაფანტული სკლეროზი – პროგნოზი

დაავადება პროგრესირებს მრავალი წლის განმავლობაში, ხდება ავადმყოფის დაინვალიდება. სიკვდილის მიზეზია ინტერკურენტული ინფეცქიები (უროლოგიური სეფსისი, პნევმონია), შედარებით იშვიათად – ტვინის ღეროში მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ცენტრების დაზიანება. დაახლოებით 25%-ში დაავადება მიმდინარეობს კეთილთვისებიანად და ავადმყოფებს მრავალი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ თვითმომსახურეობისა და შრომიუნარიანობის შესაძლებლობა.

ნერვული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..