სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

რესპირატორული ალერგოზები (ბავშვებში) – სასუნთქი ტრაქტის სხვადასხვა ნაწილების ალერგიული დაზიანებებით მიმდინარე დაავადებების ჯგუფი. ეტიოლოგიასა და პათოგენეზს საფუძვლად უდევს დაუყოვნებელი და დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები; შესაძლებელია დაზიანდეს მთელი რესპირატორული ტრაქტი ან მისი ცალკეული ნაწილები, რაც განაპირობებს ალერგოზის ფორმას.
ალერგიული რინოსინუსიტი ხშირია ბავშვებში 2-4 წლის ასაკში, არაიშვიათად შერწყმულია სხვა რესპირატორულ ალერგოზებთან ან წინ უსწრებს მათ. განასხვავებენ სეზონურ (თივის ცხელება, პოლინოზი), ქრონიკულსა (საყოფაცხოვრებო ალერგენებთან სენსიბილიზაციის დროს) და ინფექციურ-ალერგიულ რინოსინუსიტს. (შერეული ფორმა). თითოეული ამ ფორმისათვის დამახასიათებელია დაავადების განვითარების შემდეგი სტადიები: პაროქსიზმული, კატარული, ვაზოდილატატორული.

კლინიკური სურათი. წვა და ქავილი ცხვირში, ცემინების შეტევები, ცხვირიდან წყლიანი ან ქაფიანი გამონადენი, ცხვირისა და რბილი სასის შეშუპება, ევსტაქიტის მოვლენები, ქუთუთოების შეშუპება, სკლერების ინიექცია, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება. სეზონური რინოსინუსიტის დროს არაიშვიათია ზოგადი დაუძლურება, თავის ტკივილი; შესაძლებელია ტემპერატურის მომატება სუბფებრილურ ციფრებამდე, გაღიზიანებადობა. საკმაოდ ხშირად სინუსიტი წინ უძღვის ბრონქული ასთმის განვითარებას. დიაგოსტიკა ეყრდნობა კლინიკურ ნიშნებს, რენტგენოგრაფიის მონაცემებს, იმუნოგლობულინი Е მაღალი დონის გამოვლინებას, კანის ტესტირების შედეგებსა და სხვ. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის რინოსინუსიტებთან. მკურნალობა. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სხვ.
ალერგიული ლარინგიტი ვითარდება ხშირად ღამის საათებში და ვლინდება კრუპის სინდრომით – მოუსვენრობით, გაძნელებული ჩასუნთქვით, მყეფავი ხველით, ტუჩებისა და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ციანოზით; ხმა შენარჩუნებულია; ბავშვის მდგომარეობის სიმძიმის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ლარინგიტის 4 სტადიას: I ხარისხი – სუნთქვა კომპენსირებულია, შეტევა ხანმოკლეა; II ხარისხი (სუბკომპენსატორული) – სუნთქვის აქტში მონაწილეობს დამხმარე მუსკულატურა, ხშირდება გულის მოქმედება; III ხარისხი (დეკომპენსაცია) – გამოხატული ქოშინი გულმკერდის მკვეთრი ჩაწეული უბნებით, ლოკალური ციანოზი; IV სტადია – (ასფიქსია) – გამოხატული ციანოზი, უგონო მდგომარეობა, გულის გაჩერება.

დიაგნოზი ეყრდონა კლინიკური სურათს, ანალიზის მონაცემებსა და იმუნოგლობულინი Е დონეს.

ალერგიული ტრაქეობრონქიტი. კლინიკური სურათი ხასიათდება მშრალი ხველით, ხშირად ღამის საათებში. დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად, ხანგრძლივად. ბრონქიტის მოვლენების დროს მოისმინება მშრალი და სველი ხიხინი; სისხლში – ეოზინოფილია. დადებითია კანის სკარიფიკაციული სინჯი ჰისტამინთან. დიაგნოსტიკა ისეთივეა, როგორც ლარინგიტის დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის ტრაქეობრონქიტთან. მკურნალობა. თბილი ტუტე ინჰალაციები, ფეხის სითბური პროცედურები, თბილი ტუტე სასმელები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, სამკურნალო ფიზკულტურა და სხვ. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
საკვებისმიერი ალერგია. ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის წარმოქმნაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ძროხის რძისადმი სენსიბილიზაციას. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ასევე მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას. საკვებისმიერი ალერგიის კლინიკური სურათი გამოირჩევა პოლიმორფიზმითა და ვლინდება კანის, სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის იზოლირებული დაზიანებებით, ან შერწყმულია სხვა სინდრომებთან – კან-რესპირატურთან, კან-ინტესტინულთან. ხშირად, განსაკუთრებით კი ჩვილ ბავშვებში, აღინიშნება ეგზემა, პროცესის სწრაფი გენერალიზაციით. შედარებით იშვიათად და მოზრდილ ასაკში გვხვდება ნეიროდერმიტი, გავრცელებული ან ლოკალური, აქერცვლის, პიგმენტაციის, ინფილტრაციისა და ლიქენიფიკაციის უბნებით. პროცესის ლოკალიზაციის ყველაზე ხშირი ადგილია იდაყვისა და იდაყვქვეშა არე, კისრის კანი, მაჯები და სხვ. ბავშვებს აწუხებთ ქავილი, განსაკუთრებით ღამით, ისინი გაღიზიანებულები არიან, აღენიშნებათ ნევროზული რეაქციები და როგორც წესი, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები. არაიშვიათად კონსტანტირდება კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება. იშვიათად გვხვდება კაპილაროტოქსიკოზები, თრომბოციტოპენიური და ლეიკოპენიური რეაქციები, კოლაპტოიდური მდგომარეობები, ანაფილაქსია.
დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზს, კლინიკურ სურათს და დასტურდება ალერგენის გამოყოფით, ელიმინაციური და პროვოკაციური სინჯებით, სკარიფიკაციული და კანშიგა ტესტირებით და სისხლში იმუნოგლობულინის Е- მაღალი შემცველობით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის პოლისინდრომულ დაავადებებთან, ინტოქსიკაციებთან და მოწამვლებთან.
მკურნალობა. ალერგენის გამორიცხვა, პათოგენეტიკურად დასაბუთებული დიეტა, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანტიმედიატორული მოქმედების პრეპარატები და სხვ. პროგნოზი დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას კეთილსაიმედოა.
ალერგიული ალვეოლიტი ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება ალერგენზე პასუხის შედეგად და ვლინდება ჰიპერერგული რეაქციით. გარკვეული მნიშვნელობა აქვს როგორც მიზეზობრივი ფაქტორების ანტიგენურ სტრუქტურას, ასევე მაკროორგანიზმის საპასუხო რეაქციის თავისებურებებს.
კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ალერგენის ანტიგენურობის ხარისხზე, ანტიგენური ზემოქმედების მასიურობაზე და ხანგრძლივობაზე, მაკროორგანიზმის თავისებურებებზე. ეს ფაქტორები განსაზღვრავენ დაავადების მიმდინარეობას (მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული). ძირითადი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მატება, შემცივნება, ქოშინი, ხველა (ხშირად მშრალი), სისუსტე, ტკივილი მკერდში, კუნთებში, სახსრებში, თავის ტკივილი. შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება, ვაზომოტორული რინიტი. ფილტვებში მოისმინება წვრილი და საშუალო ბუშტუკოვანი, ასევე მშრალი მსტვინავი ხიხინი. ალერგენთან კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ აღნიშნული სიმპტომები ქრებიან 12-48 საათში. ალერგენთან განმეორებითი კონტაქტები იწვევენ პროცესის გამწვავებას. ანტიგენის მცირე დოზების ხანგრძლივი და განმეორებითი ზემოქმედებები ხელს უწყობენ ფილტვებში ფიბროზული პროცესების განვითარებას, ვითარდება პროგრესირებადი ქიშინი, სიგამხდრე, შორს წასულ შემთხვევებში  - ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია.
დიაგნოზი. დიაგნოზის საფუძველია – კლინიკური სურათი, ლეიკოციტოზი ლეკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედსის აჩქარება, ზომიერი ეოზინოფილია, სპეციფიკური ანტისხეულებისა და იმუნური კომპლექსების გამოვლინება, პროვოკაციული ინჰალაციური ტესტების შედეგები, რენტგენოლოგიური გამოკვლევები. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის ალვეოლიტთან.
მკურნალობა. ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა; ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი მწვავე შემთხვევების დროს კეთილსაიმედოა, ქვემწვავე და ქრონიკულის დროს – სერიოზული.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

 

Viewed 4120 times by 2353 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka