რესპირატორული ალერგოზები

რესპირატორული ალერგოზები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რესპირატორული ალერგოზები (ბავშვებში) – სასუნთქი ტრაქტის სხვადასხვა ნაწილების ალერგიული დაზიანებებით მიმდინარე დაავადებების ჯგუფი. ეტიოლოგიასა და პათოგენეზს საფუძვლად უდევს დაუყოვნებელი და დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები; შესაძლებელია დაზიანდეს მთელი რესპირატორული ტრაქტი ან მისი ცალკეული ნაწილები, რაც განაპირობებს ალერგოზის ფორმას.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული რინოსინუსიტი ხშირია ბავშვებში 2-4 წლის ასაკში, არაიშვიათად შერწყმულია სხვა რესპირატორულ ალერგოზებთან ან წინ უსწრებს მათ. განასხვავებენ სეზონურ (თივის ცხელება, პოლინოზი), ქრონიკულსა (საყოფაცხოვრებო ალერგენებთან სენსიბილიზაციის დროს) და ინფექციურ-ალერგიულ რინოსინუსიტს. (შერეული ფორმა). თითოეული ამ ფორმისათვის დამახასიათებელია დაავადების განვითარების შემდეგი სტადიები: პაროქსიზმული, კატარული, ვაზოდილატატორული.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული რინოსინუსიტი. კლინიკური სურათი. წვა და ქავილი ცხვირში, ცემინების შეტევები, ცხვირიდან წყლიანი ან ქაფიანი გამონადენი, ცხვირისა და რბილი სასის შეშუპება, ევსტაქიტის მოვლენები, ქუთუთოების შეშუპება, სკლერების ინიექცია, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება. სეზონური რინოსინუსიტის დროს არაიშვიათია ზოგადი დაუძლურება, თავის ტკივილი; შესაძლებელია ტემპერატურის მომატება სუბფებრილურ ციფრებამდე, გაღიზიანებადობა. საკმაოდ ხშირად სინუსიტი წინ უძღვის ბრონქული ასთმის განვითარებას. დიაგოსტიკა ეყრდნობა კლინიკურ ნიშნებს, რენტგენოგრაფიის მონაცემებს, იმუნოგლობულინი Е მაღალი დონის გამოვლინებას, კანის ტესტირების შედეგებსა და სხვ.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის რინოსინუსიტებთან. მკურნალობა. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სხვ.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული ლარინგიტი ვითარდება ხშირად ღამის საათებში და ვლინდება კრუპის სინდრომით – მოუსვენრობით, გაძნელებული ჩასუნთქვით, მყეფავი ხველით, ტუჩებისა და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ციანოზით; ხმა შენარჩუნებულია; ბავშვის მდგომარეობის სიმძიმის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ლარინგიტის 4 სტადიას: I ხარისხი – სუნთქვა კომპენსირებულია, შეტევა ხანმოკლეა; II ხარისხი (სუბკომპენსატორული) – სუნთქვის აქტში მონაწილეობს დამხმარე მუსკულატურა, ხშირდება გულის მოქმედება; III ხარისხი (დეკომპენსაცია) – გამოხატული ქოშინი გულმკერდის მკვეთრი ჩაწეული უბნებით, ლოკალური ციანოზი; IV სტადია – (ასფიქსია) – გამოხატული ციანოზი, უგონო მდგომარეობა, გულის გაჩერება.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული ლარინგიტი. დიაგნოზი ეყრდონა კლინიკური სურათს, ანალიზის მონაცემებსა და იმუნოგლობულინი Е დონეს.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული ტრაქეობრონქიტი. კლინიკური სურათი ხასიათდება მშრალი ხველით, ხშირად ღამის საათებში. დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად, ხანგრძლივად. ბრონქიტის მოვლენების დროს მოისმინება მშრალი და სველი ხიხინი; სისხლშიეოზინოფილია. დადებითია კანის სკარიფიკაციული სინჯი ჰისტამინთან. დიაგნოსტიკა ისეთივეა, როგორც ლარინგიტის დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის ტრაქეობრონქიტთან. მკურნალობა. თბილი ტუტე ინჰალაციები, ფეხის სითბური პროცედურები, თბილი ტუტე სასმელები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, სამკურნალო ფიზკულტურა და სხვ. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

რესპირატორული ალერგოზები – საკვებისმიერი ალერგია. ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის წარმოქმნაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ძროხის რძისადმი სენსიბილიზაციას. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ასევე მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას. საკვებისმიერი ალერგიის კლინიკური სურათი გამოირჩევა პოლიმორფიზმითა და ვლინდება კანის, სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის იზოლირებული დაზიანებებით, ან შერწყმულია სხვა სინდრომებთან – კან-რესპირატურთან, კან-ინტესტინულთან. ხშირად, განსაკუთრებით კი ჩვილ ბავშვებში, აღინიშნება ეგზემა, პროცესის სწრაფი გენერალიზაციით. შედარებით იშვიათად და მოზრდილ ასაკში გვხვდება ნეიროდერმიტი, გავრცელებული ან ლოკალური, აქერცვლის, პიგმენტაციის, ინფილტრაციისა და ლიქენიფიკაციის უბნებით. პროცესის ლოკალიზაციის ყველაზე ხშირი ადგილია იდაყვისა და იდაყვქვეშა არე, კისრის კანი, მაჯები და სხვ. ბავშვებს აწუხებთ ქავილი, განსაკუთრებით ღამით, ისინი გაღიზიანებულები არიან, აღენიშნებათ ნევროზული რეაქციები და როგორც წესი, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები. არაიშვიათად კონსტანტირდება კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება. იშვიათად გვხვდება კაპილაროტოქსიკოზები, თრომბოციტოპენიური და ლეიკოპენიური რეაქციები, კოლაპტოიდური მდგომარეობები, ანაფილაქსია.

რესპირატორული ალერგოზები – საკვებისმიერი ალერგია. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზს, კლინიკურ სურათს და დასტურდება ალერგენის გამოყოფით, ელიმინაციური და პროვოკაციური სინჯებით, სკარიფიკაციული და კანშიგა ტესტირებით და სისხლში იმუნოგლობულინის Е – მაღალი შემცველობით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის პოლისინდრომულ დაავადებებთან, ინტოქსიკაციებთან და მოწამვლებთან.

რესპირატორული ალერგოზები – საკვებისმიერი ალერგია. მკურნალობა. ალერგენის გამორიცხვა, პათოგენეტიკურად დასაბუთებული დიეტა, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანტიმედიატორული მოქმედების პრეპარატები და სხვ. პროგნოზი დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას კეთილსაიმედოა.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული ალვეოლიტი ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება ალერგენზე პასუხის შედეგად და ვლინდება ჰიპერერგული რეაქციით. გარკვეული მნიშვნელობა აქვს როგორც მიზეზობრივი ფაქტორების ანტიგენურ სტრუქტურას, ასევე მაკროორგანიზმის საპასუხო რეაქციის თავისებურებებს. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ალერგენის ანტიგენურობის ხარისხზე, ანტიგენური ზემოქმედების მასიურობაზე და ხანგრძლივობაზე, მაკროორგანიზმის თავისებურებებზე. ეს ფაქტორები განსაზღვრავენ დაავადების მიმდინარეობას (მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული). ძირითადი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მატება, შემცივნება, ქოშინი, ხველა (ხშირად მშრალი), სისუსტე, ტკივილი მკერდში, კუნთებში, სახსრებში, თავის ტკივილი. შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება, ვაზომოტორული რინიტი. ფილტვებში მოისმინება წვრილი და საშუალო ბუშტუკოვანი, ასევე მშრალი მსტვინავი ხიხინი. ალერგენთან კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ აღნიშნული სიმპტომები ქრებიან 12-48 საათში. ალერგენთან განმეორებითი კონტაქტები იწვევენ პროცესის გამწვავებას. ანტიგენის მცირე დოზების ხანგრძლივი და განმეორებითი ზემოქმედებები ხელს უწყობენ ფილტვებში ფიბროზული პროცესების განვითარებას, ვითარდება პროგრესირებადი ქიშინი, სიგამხდრე, შორს წასულ შემთხვევებში  – ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია.

რესპირატორული ალერგოზები – ალერგიული ალვეოლიტი. დიაგნოზი. დიაგნოზის საფუძველია – კლინიკური სურათი, ლეიკოციტოზი ლეკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედსის აჩქარება, ზომიერი ეოზინოფილია, სპეციფიკური ანტისხეულებისა და იმუნური კომპლექსების გამოვლინება, პროვოკაციული ინჰალაციური ტესტების შედეგები, რენტგენოლოგიური გამოკვლევები. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ინფექციური გენეზის ალვეოლიტთან.

რესპირატორული ალერგოზები – მკურნალობა. ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა; ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი მწვავე შემთხვევების დროს კეთილსაიმედოა, ქვემწვავე და ქრონიკულის დროს – სერიოზული.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები