მკურნალობა უცხოეთში


კეთრი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ლეპრა (კეთრი) (lepra) – ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს კეთრის მიკობაქტერია; ხასიათდება კანის, ლორწოვანი გარსებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე თვალების, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. მისი გამომწვევია ობლიგატური უჯრედშიგა პარაზიტი. ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აღრიცხულია 3 მლნ კეთრით დაავადებული. ინფექციის ერთადერთი წყაროა დაავადებული ადამიანი. დაავადების გავრცელებაში დიდი მნიშვნლობა ენიჭება სოციალურ – ეკონომიკურ ფაქტორებს. ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა არის ჰაერ – წვეთოვანი, იშვიათად – დაზიანებული კანი; დასაშვებია გადაცემა სისხლმწოვი მწერებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 3 – 7 წელი.

კეთრი – კლინიკური სურათი. გამოყოფენ რამდენიმე კლინიკურ ტიპს: ლეპრომატოზული – განსაკუთრებულად ავთვისებიანი; გამოირჩევა დაზიანების კერებში დიდი რაოდენობით მიკობაქტერიების არსებობით. ეს ავადმყოფები განსაკურებით კონტაგიოზურები არიან, ვინაიდან გამოყოფენ გამომწვევის უამრავ რაოდენობას.

ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსები, თვალები, ლიმფური კვანძები, პერიფერიული ნერვული ღეროები, ასევე ენდოკრინული სისტემა და ზოგიერთი შინაგანი ორგანო. სახის კანზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირზე, წვივებზე, მტევნების ზურგზე, დუნდულოებზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ერითემულ – პიგმენტური ლაქები, რომელთაც არა აქვს მკაფიო საზღვრები. ლაქები თანდათანობით ინფილტრირდება, სცილდებიან კანის ზედაპირს, მატულობენ ზომებში. სახის კანის დიფუზური ინფილტრაციის შედეგად წარბზედა რკალები მკვეთრად გამოდის წინ, ცხვირი დეფორმირდება, ლოყები, ტუჩები და ნიკაპი ღებულობს წილაკოვან სახეს – ვითარდება ,,ლომისებრი სახე”; წარბები გაცვენილია, დაწყებული გარეთა მხრიდან. ინფილტრატების ზონაში კანი დაჭიმულია,. ზოგჯერ აქვს ფორთოხლის ქერქის სახე; გვიანდელ სტადიებში ოფლის გამოყოფა დაზიანების უბნებში წყდება, ინფიტრატები ღებულობენ მოლურჯო – მურა ფერს. კანზე ჩნდება ხორკლები და კვანძები – ლეპრომები 2 – 3 მმ – დან 2 სმ – მდე და მეტი და უფრო მკვრივ – ელასტიკური კონსისტენციის და მოწითალო ფერის. ლეპრომები თანდათანობით წყლულდებიან. წყლულოვან ზედაპირებს აქვთ მრგვალი, ინფილტრირებული კიდეები, შესაძლებელია შეერთდნენ, და წარმოქმნან ფართო წყლულოვანი დეფექტები, ძნელად შეხორცებადი არასწორი ნაწიბურით. პრაქტიკულად ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსი დაზიანება; ცხვირის ლორწოვანი ხდება ჰიპერემიული, შეშუპებული, დიდი რაოდენობის ეროზიებით (ლეპრომატოზული რინიტი). შემდეგში ვითარდება მისი ატროფია და ჩნდება ცალკეული ლეპრომები და ინფილტრატები, ძნელდება ცხვირით სუნთქვა. ლეპტომების დაშლისას ცხვირი დეფორმირდება. მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება მაგარი და რბილი სასის, ხორხის, ენის ზურგის ლორწოვანი გარსები. პერიფერიული ნერვების დაზიანება ჩვეულებრივ ორმხრივი და სიმეტრულია და ვითარდება შედარებით გვიან. თავდაპირველად დაზიანების ზონებში სუსტდება, შემდეგ კი ქრება ტემპერატურული მგრძნობელობა, მას მოჰყვება ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის მოშლაც. ლეპრომატოზული ნევრიტების თავისებურებაა მათი აღმავალი ხასიათი. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვის, ყურის ნერვი, სახის ნერვის ზედა ტოტი. ნერვული ღეროები გამსხვილებული, მკვრივი, გლუვია. თანდათანობით ვითარდება ტროფიკული და მოძრაობითი დარღვევები (ლაგოფთალმი, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურის პარეზი, ამიოტროფიები, კონტრაქტურები, ტროფიკული წყლულები).

კეთრი – ტუბერკულოიდური ტიპი გამოირჩევა შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით; ზიანდება კანისა და პერიფერიული ნერვები. მიკობაქტერია კერებში ვლინდება ძნელად. კლინიკური გამოვლინებები ხასიათდება კანზე არამრავალრიცხოვანი სიდიდისა და მოხაზულობის სხვადასხვა ერითემატოზული ლაქების გაჩენით, ასევე პაპულოზური ელემენტებისა, რომლებიც წარმოადგენენ დაავადების ძირითად ნიშანს. პაპულები მცირე ზომის, ბრტყელი, მოწითალო – მოლურჯო, პოლიგონალურია, მიდრეკილნი არიან გაერთიანებისაკენ ბალთებად, რომლებსაც აქვთ მკაფიო მოხაზულობა, ლილვაკისებურად ამაღლებული მრგვალი ან პოლიციკლური კიდე. ბალთები მიდრეკილნი არიან პერიფერიული ზრდისადმი. გამონაყრის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კისერი, კიდურების მომხრელები, ზურგი, დუნდულოები. ბალთების ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ატროფირდება, ჰიპერპიგმენტირდება, იწყებს აქერცვლას, ხოლო მათ კიდეებზე რჩება ერითემატოზული არშია 2 – 3 სმ სიგანისა და მეტი – ფუგურული ტუბორკულოიდი. გაწოვილი გამონაყრის ადგილზე რჩება ჰიპოპიგმენტაციის ან კანის ატროფიული უბნები. დაზიანების კერებში დარღვეულია ცხიმისა და ოფლის გამოყოფა. პერიფერიული ნერვული ღეროების, ნერვების კანის ტოტების, ვაზომოტორული დარღვევები ვლინდება ძალიან ადრე (ზოგჯერ კანისმიერ გამოვლინებებამდე). აღინიშნება ტემპერატურული, ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევები. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვისა და მცირე წვივის ნერვები, რაც გამოიხატება მათი გამსხვილებითა და მტკივნეულობით. თანდათანობით ეს იწვევს პარეზებს, დამბლებს, თითების კონტრაქტურას, მცირე კუნთების, კანის, ფრჩხილების ატროფიას, ტერფებისა და მტევნების მუტილაციას; ქვეითდება მყესთა რეფლექსები. კეთრის მოსაზღვრე ტიპები ხასიათდებიან კანზე გეოგრაფიული მოხაზულობის ლაქოვანი გამონაყრით – ჰიპოქრომული, ერითემატოზული, შერეული. თავდაპირველად პერიფერიული ნერვების დაზიანება არ აღინიშნება, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება სპეციფიკური პოლინევრიტი, რაც იწვევს მგრძნობელობის დარღვევებს კიდურების დისტალურ ნაწილებში, მცირე კუნთების ატროფიას, თითების კონტრაქტურებს, ტროფიკულ წყლულებს. კანზე შესაძლებელია წარმოიქმნას როგორც ლეპრომატოზული, ასევე ტუბერკულოიდური ტიპი, რომელიც შედეგში ტრანსფორმირდება შესაბამის ტიპად. კეთრის ყველა ტიპების მიმდინარეობაში განასხვავებენ პროგრესულ, სტაციონარულ, რეგრესულ და რეზიდუალურ სტადიებს. შესაძლებელია ერთი ტიპის ტრანსფორმაცია მეორედ. თვალის კეთრისმიერი დაზიანებისათვის დამახასიათეელია ქუთუთოების დიფუზური ინფილტრაცია ან ლეპრომა, იშვიათად აღინიშნება ეპისკლერიტი, კერატიტი დამახასიათებელი ნიშნით – ლეპროზული პანუსით; ირიტი, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვთა პერიკორნეალური ინიექცია, სინათლის შიში, ცრემლდენა, ტკივილი და ფერადი გარსის ზედაპირზე ფიბრინული ექსუდატის ჩალაგება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გუგის კიდეების შეხორცება და მეორადი გლაუკომა.

კეთრი – დიაგნოზი დადგენა ხდება ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების საფუძველაზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სარკოიდოზთან, სიფილისთან, ვიტილიგოსთან, ტუბერკულოზურ მგლურასთან.

კეთრის მკურნალობა კომპლექსურია, მასში შერწყმულია სპეციფიკური საშუალებები ზოგადგამაკაჟებელ და მასტიმულირებელ საშუალებებთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები


Comments are closed.

vaka