ლალი დათეშიძე
მალაბსორბციის სინდრომი – კლინიკური სიმპტომთკოპლექსი, განპირობებული ერთი ან რამდენიმე საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევით წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მალაბსორბციის სინდრომი შეიძლება იყოს პირველადი (მემკვიდრეობით განპირობებული), ან მეორადი (შეძენილი), ეტიოლოგია თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის სხვადასხვაა (ლაქტაზის, ალფაგლუკოზიდაზის, ენტეროკინაზას და სხვ. არარსებობა ან აქტიურობის დაქვეითება). მემკვიდრეობით განპირობებული ნაწლავისმიერი შეწოვის დარღვევებს შორის აღსანიშნავია: დისაქარიდული უკმარისობა (ლაქტოზური, საქაროზული, იზომალტოზური), ნამდვილი ცელიაკია (გლიადინის გადაუტანლობა), ენტეროკინაზას უკმარისობა, მონოსაქარიდების გადაუტანლობა (გლუკოზის, ფრუქტოზის, გალაქტოზის), ამინომჟავების შეწოვის მოშლა (ცისტინურია, ხარპუნის დაავადება და სხვ.), ვიტამინ В12 და ფოლიუმის მჟავას შეწოვის დარღვევა და სხვ.
მეორადი, ანუ შეძენილი მალაბსორბცია, – წარმოადგენს კუჭისა და ნაწლავის მრავალი ქრონიკული დაავადების თანამგზავრს (პანკრეატიტები, ჰეპატიტები, დისბაქტერიოზი, კრონის დაავადება და სხვ.). ბავშვებში კლინიკურ სურათში დომინირებს ქრონიკული ფაღარათი განავალში ლიპიდების დიდი შემცველობით. დროთა განმავლობაში ვითარდება დისტროფია, ბავშვები ჩამორჩებან ზრდაში. აღნიშნულს უერთდება ვიტამინური უკმარისობის ნიშნები, წყალ-მარილოვანი წონასწორობის დარღვევა (კანის სიმშრალე, გლოსიტი, ჰიპოკამპიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალციემია და სხვ.). ჰიპოპროტეინემიის გამო შესაძლებელია განვითარდეს შეშუპებები. ნაწლავური შეწოვის დარღვევის გამომწვევი მიზეზის მიხედვით დაავადება შესაძლებელია გამოვლინდეს სიცოცხლის პირველ თვეებში (მაგალითად, ლაქტაზის თანდაყოლილი არარსებობის დროს) ან შედარებით მოგვიანებით, ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის დროს (საქაროზას გადაუტანლობა) და ა. შ. დაავადების არსებობაზე ეჭვი ჩნდება თუკი ადგილი აქვს ხშირ, გაჯირჯვებულ დეფეკაციას ცხიმების დიდი შემცველობით განავალში და რომელიც პრაქტიკულად არ ექვემდებარება ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას.
მკურნალობა თითოეულ შემთხვევაში არის მკაცრად ეტიოლოგიური. მაგალითად, საქაროზას გადაუტანლობის დროს საკვები რაციონიდან გამოირიცხება საქაროზას შემცველი პროდუქტები, სახამებელი (შაქარი, კარტოფილი, მანანის ბურღული), ასევე ფქვილეული ნაწარმი. დროთა განმავლობაში ტოლერანტობა საქაროზისადმი მატულობს და დიეტა ფართოვდება. ლაქტოზის გადაუტანლობის დროს მსუბუქ შემთხვევებში შემოიფარგლებიან რძის შეზღუდვითა და საქაროზისა და სახამებლის ადრეული შეყვანით. მძიმე შემთხვევებში მთლიანად გამოირიცხება დედისა და ძროხის რძე და მას ცვლიან მცენარეული სახეებით (ნუშის, სოიოს), ინიშნება ცილოვანი ჰიდროლიზატები და სხვ. ცელიაკიის დროს გამოირიცხება მარცვლოვნები, გამოიყენება ფერმენტული პრეპარატები. მალაბსორბციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროულად დანიშვნა, რათა დაშვებული არ იქნას ღრმა მეტაბოლური გადახრები.
პროგნოზი დროული დაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა; პროფილაქტიკა ითვალისწინებს დიეტოთერაპიას, შესაბამისი პროდუქტების გამორიცხვით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 923 times by 523 viewers



