პიოდერმია

პიოდერმია – კანის ჩირქოვანი დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად. წარმოადგენს კანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პიოდერმია გამოწვეულია სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით.  პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოგენური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, სისხლის დაავადებები, ვიტამინების ცვლის დარღვევები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები, სიმსუქნე, ღვიძლის დაავადებები, ნევროპათიები და სხვ.).
აგრეტვე ეგზოგენური ზემოქმედებები და ხანგრძლვი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკებით.
ეტიოლოგიური პრინციპის მიხედვით განასხვავებენ სტაფილოდერმიებსა და სტრეპტოდერმიებს, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ზედაპირულ და ღრმა სახეებად.

სტაფილოდერმიები

განასხვავებენ სტაფილოდერმიების შემდეგ სახესხვაობებს: ოსტიოფოლიკულიტი, ფოლიკულიტი, სიკოზი, ახალშობილთა ეპიდერმული ბუშტუკი (ზედაპირული სტაფილოდერმია), ფურუნკული, კარბუნკული და ჰიდრადენიტი (ღრმა სტაფილოდერმიები).

ოსტიოფოლიკულიტი

თმის ფოლიკულაში მდებარე მცირე ზომის პუსტულა, დაფარული სახურავით, რომლის ცენტრიდან გამოდის თმა;
პუსტულას პერიფერიაზე შემოვლებული აქვს ჰიპერემიული გარსი. დაჩირქების გავრცელებისას ფოლიკულის სიღრმეში ოსტიოფოლიკულიტი ტრანსფორმირდება ფოლიკულიტში, რომელიც კლინიკურად გამოირჩევა პირველისაგან თმის ირგვლივ ანთებითი ინფილტრატის არსებობით.
ოსტიოფოლიკულიტები და ფოლიკულიტები შესაძლებელია იყვნენ ერთეული და მრავლობითი. ისინი ლოკალიზებულნი არიან კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე, სადაც მდებარეობს გრძელი ან კარგად განვითარებული თმები.
ინვოლუციის დროს წარმოიქმნება ჩირქოვანი ქერქი, რომლის მოძრობის შემდეგ ვლინდება მოლურჯო – ვარდისფერი ლაქა, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება.

სტაფილოკოკური სიკოზი

ნიკაპისა და ზედა ტუჩის მიდამოში მრავლობითი მოლურჯო – წითელ ინფილტრირებულ კანზე ჯგუფად განლაგებული ოსტიოფოლიკულიტები და ფოლიკულიტები, რომლებიც იმყოფებიან ევოლუციის სტადიაში და ხასიათდებიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი, მორეციდივე მიმდინარეობით.

ახალშობილთა ეპიდერმული ბუშტუკი

მაღალკონტაგიოზური მწვავე დაავადება, რომელიც აზიანებს ახალშობილებს პირველ 7 – 10 დღეზე. ხასიათდება სხვადასხვა ზომის მრავალრიცხოვანი, გაჭირვალე ან მღვრიე შემცველობისა და დუნე, თხელი სახურავის მქონე ბუშტუკებით.
ზიანდება კანის მთლიანი საფარველი, გარდა ხელისგულების და ფეხისგულებისა.
ბუშტუკები ხშირად შრებიან და წარმოქნიან თხელ ქერქებს, ან განაგრძობენ რა ზომებში მატებას, ერწყმიან ერთმანეთს, შემდგომ კი იხსნებიან და იწვევენ ეროზიული ზედაპირების ფორმირებას;
პროცესი ზოგჯერ მოიცავს მთლიან კანს (რიტერის ექსფოლიატური დერმატიტი). ზოგჯერ პროცესში ერთვება ლორწოვანი გარსებიც;
გამორიცხული არ არის მძიმე ზოგადი მოვლენების განვითარებაც, ლეტალური გამოსავლით.

ფურუნკული

თმის ფოლიკულისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ჩირქოვან – ნეკროზული ანთება;
კლინიკურად წარმოადგენს მწვავე ანთებით კვანძს, მწვერვალზე პუსტულით; გახსნისას შიშვლდება ნეკროზული ღერძი, რომლის მოცილებისას წარმოიქმნება წყლული.
სუბიექტურად – დამახასიათებელია ტკივილი. ფურუნკულები შესაძლოა იყოს ერთეული და მრავლობითი, მიმდინარეობით – მწვავე და ქრონიკული.
ზოგჯერ ერთვის ლიმფადენიტები და ლიმფანგიტები.
სახეზე ლოკალიზაციის დროს განსაკუთრებით ცხვირ – ტუჩის სამკუთხედში, შესაძლებელია მენინგეალური გართულებები.

კარბუნკული

მკვრივი, მეწამულ – წითელი ფერის, ღრმა ინფილტრატი, მკვეთრად გამოხატული პერიფოკალური შეშუპებით, რომელიც წარმოიქმნება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზულ – ჩირქოვანი ანთების შედეგად. წარმოქმნილი ხვრელიდან გამოიყოფა სქელი სისხლნარევი ჩირქი.
ნეკროზული მასების მოცილების შემდეგ წარმოიქმნება ღრმა წყლული, რომელიც ხორცდება უხეში ნაწიბურით. სუბიექტრად – მტანჯველი ტკივილი.
ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის.
კარბუნკულები ვითარდება დასუსტებულ და გამოფიტულ პირებში კეფაზე, ზურგზე და წელის არეში.
განსაკუთრებით სახიფათოა სახის კარბუნკულები.

ჰიდრადენიტი

აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება. კანში ფორმირდება მწვავედ ანთებადი კვანძი, რომლის გახსნისას გამოიყოფა ჩირქი. შედეგად პროცესი ნაწიბურდება;
აღინიშნება მტკივნეულობა.
შესაძლებელია ზოგადი დარღვევები, განსაკუთრებით მრავლობითი ჰიდრადენიტების დროს, რომლებიც წარმოქმნიან მასიურ კონგლომერატებს.
ჰიდრადენიტი ხშირია მსუქან ქალებში, რომლებსაც აწუხებთ ოფლიანობა.

სტრეპტოდერმიები

ძირითადი მორფოლოგიური ელემენტია ფლიქტენა – ეპიდერმისში არსებული ღრუ თხელი, დუნე სახურავით; ავსებულია სეროზულ – ჩირქოვანი ან ჩირქოვანი შემცველობით;
მდებარეობს გლუვ კანზე და დაკავშირებული არ არის ცხიმოვან – თმიან ფოლიკულთან. განასხვავებენ სტრეპტოკოკურ იმპეტიგოს, ბულოზურ იმპეტიგოსა და ვულგარულ ექტიმას.

სტრეპტოკოკური იმპეტიგო

სტრეპტოკოკური იმპეტიგო – კონტაგიოზური დაავადება; ავადდებიან ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა ქალები. ხასიათდება ფლიქტენებით ჰიპერემიული ქობით. არაიშვიათად ფლიქტენების სახურავი იხსნება და წარმოქმნის მოვარდისფერო – წითელი ფერის ზედაპირულ ეროზიებს, რომლებიც გამოყოფენ უხვ ექსუდატს.
ექსუდატი, ისევე როგორც ფლიქტენების შემცველობა სწრაფად შრება და წარმოქმნის მოყვითალო ფერის ქერქს, რომელთა მოძრობის შემდეგ წარმოიქმნება ვარდისფერი ლაქები, რომლებიც სწრაფად ქრებიან. პროგრესირებისას ფლიქტენები მრავლდებიან, შესაძლებელია შეერწყან და წარმოქმნან ფართო კერები, დაფარული მასიური ქერქებით.
აღინიშნება ქავილი და მსუბუქი წვა. ზოგადი მდგომარება ჩვეულებრივ არ ირღვევა. პროცესი ლოკალიზდება კანის ნებისმიერ უბანზე, ხშირად სახეზე, პირის კუთხეებში; ზოგჯერ ფლიქტენა ნალისებურად მოიცავს ფრჩხილს.
სტაფილოკოკური ინფექციის თანდართვისას წარმოიქმნება ქარვისფერი პუსტულები, რომლებიც სწარაფად შრება მსხვილ ფაშარ სეროზულ – ჩირქოვან ქერქებად, ზოგჯერ სისხლის შერევით – წარმოიქნება ვულგარული იმპეტიგო, რომელიც ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით, კანის დიდი უბნების დაზიანებით, ფოლიკულიტების, ფურუნკულებისა და ლიმფადენიტების თანდართვით.

ბულოზური იმპეტიგო

წარმოადგენს სტრეპტოკოკური იმპეტიგოს ყველაზე ხშირ ვარიანტს; ვითარდება მოზრდილებში ტერფებზე, წვივებსა და მტევნებზე. გამოირჩევა მსხვილი დაჭიმული ბუშტუკით, რომელსაც აქვს სეროზული ან სეროზულ – სისხლიანი ექსუდატი და სქელი სახურავი.
მათ ირგვლივ კანი ანთებადია. შესაძლებელია დაერთოს ლიმფანგიტები, ლიმფადენიტები, ზოგადი დარღვევები, ცვლილებები ჰემოგრამაში.

ვულგარული ექტიმა

სტრეპტოდერმიის ერთადერთი ღრმა ფორმაა; ვითარდება ხშირად მოზრდილებში წვივებზე, დუნდულოებზე, ბარძაყებსა და ტანზე. წარმოიქნება მსხვილი, ღრმად მდებარე ფლიქტენა, ჩირქოვანი ან ჩიროქოვან – ჰემორაგიული შემცველობით, რომელიც შრება და წარმოქმნის მსხვილ ქერქს, რომლის ქვეშაც ჩნდება წყლული;
წყლული ხორცდება ზედაპირული, იშვიათად ჩაზნექილი ნაწიბურით. ექტიმების რაოდენობა ვარირებს ერთეულიდან მრავლობითამდე. დასუსტებულ პირებში პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს.

პიოდერმია – მკურნალობა

მრავალრიცხოვანი კერების დროს საერთო დაბანა იკრძალება, ერთეულების დროს – საკითხი წყდება ინდივიდუალურად. ყოველთვის საჭიროა დაზიანებული კერების დაბანის თავიდან აცილება. აუცილებელია თეთრეულის ხშირი ცვლა; საჭიროა ფრჩხილების მოჭრა და ყოველდღიურად იოდის წასმა.
ოსტიოფოლიკულები და ფოლიკულიტები საჭიროა გაიხსნას სტერილური ნემსით და დამუშავდეს ანილინის საღებავით.
გაუხსნელ ფურუნკულებზე და ჰიდრადენიტებზე იდება იხტიოლი, გახსნისას – ჰიპერტონული სახვევი, ხოლო წყლულების გასუფთავების შემდეგ – ანტიბიოტიკების შემცველი მაზების სახვევები.
ფურუნკულის სახეზე და კისერზე ლოკალიზაციის დროს აუცილებელია ანტიბიოტიკების ან სულფანილამიდების დანიშვნა.
კარბუნკულები საჭიროებენ ქირურგიულ გახსნას, შემდგომ ჰიპერტონული და ანტისეპტიკური ნახვევების დადებას. იმპეტიგოს კერებს ამუშავებენ ანილინის საღებავით, ანტიბიოტიკების შემცველი მაზებით.
ქრონიკული და გახანგრძლივებული მიმდინარეობის დროს საჭიროა თანმხლები დაავადების თერაპია, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, სპეციფიკური და არასპეციფიკური მეთოდები, ფიზიოთერაპია, ვიტამინები.
ზოგადი მოვლენების დროს მკურნალობა ტარდება სტაციონარში.

პროფილაქტიკა, პროგნოზი

ჰიგიენური საერთო რეჟიმი, სრულფასოვანი და რეგულარული კვება, ფიზკულტურითა და სპორტით დაკავება. ზოგადი დაავადებების მკურნალობა, მიკროტრავმების თავიდან აცილება და მათი დაუყონებლივი დამუშავება, პირადი ჰიგიენის დაცვა.
დაავადების საწყისი გამოვლინებების დროული მკურნალობა. პროგნოზი მწვავე ფორმების განკურნებისას კეთილსაიმედოა, ქრონიკული, განსაკუთრებით კი მძიმე საერთო დაავადებების ფონზე მიმდინარეობის დროს, შეიძლება იყოს ცუდი.

პიოდერმია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პიოდერმია – კანის ჩირქოვანი დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად
🦠 პიოდერმია გამოწვეულია სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით
📌 პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
➡️ ენდოგენური დარღვევები:
📎 შაქრიანი დიაბეტი;
📎 სისხლის დაავადებები;
📎 ვიტამინების ცვლის დარღვევები;
📎 კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები;
📎 სიმსუქნე;
📎 ღვიძლის დაავადებები;
📎 ნევროპათიები
➡️ ეგზოგენური ზემოქმედებები
➡️ ხანგრძლვი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკებით
👉 გაიგეთ მეტი პიოდერმიის სხვადასხვა სახეების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zX4AYc
#პიოდერმია #პიოდერმიისსიმპტომები #პიოდერმიისნიშნები #პიოდერმიისმკურნალობა #პიოდერმიისპროფილაქტიკა #რაარისპიოდერმია #სტაფილოდერმიები #ოსტიოფოლიკულიტი #სტაფილოკოკურისიკოზი #ახალშობილთაეპიდერმულიბუშტუკი #ფურუნკული #კარბუნკული #ჰიდრადენიტი #სტრეპტოდერმიები #სტრეპტოკოკურიიმპეტიგო #ბულოზურიიმპეტიგო #ვულგარულიექტიმა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები