ლალი დათეშიძე
ეტიოლოგია. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია D ჰიპოვიტამინოზი, D ვიტამინის ეგზოგენური ან ენდოგენური დეფიციტი. გარდა არასწორი კვებისა და ვიტამინი D-ს ალიმენტური უკმარისობისა, შესაძლებელია გამოიწვიოს აგრეთვე აქტიური ფორმების წარმოქმნის დარღვევამ, ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების უკმარისობამ, ასევე ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებმა. გარკვეულ როლს ასრულებს დღენაკლულობა, ბავშვის სწრაფი ზრდა, დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ აციდოზით, ასევე კალციუმისა და ფოსფორის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში.
პათოგენეზი. ვიტამინი D წარმოადგენს სტეროიდულ ნაერთს და ცნობილია ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) სახით, რომლებიც ძალიან ახლოს არიან აგებულებით, ფიზიკურ-ქიმიური თვისებებითა და ადამიანის ორგანიზმზე გავლენით. საკვებთან ერთად შესული D ვიტამინი გარდაიქმნება თირკმელებში და ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება 1,25 – დეჰიდროქსი-ვიტამინ D, რომელიც ხასიათდება ჰორმონისებრი მოქმედებით. ეს ნაერთი ზეგავლენას ახდენს ნაწლავის უჯრედების გენეტიურ აპარატზე, რის შედეგადაც მატულობს ცილის სინთეზი, რომელიც სპეციფიკურად უკავშირდება კალციუმს და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტს ორგანიზმში. ვიტამინი D უკმარისობის დროს ირღვევა ორგანიზმში კალციუმის შეწოვა და ცვლა, სისხლში ეცემა მისი კონცენტრაცია, რაც იწვევს ფარისებრახლო ჯირკვლების რეაქციას და პარატჰორმონის ჰიპერსეკრეციას, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. პარატჰორმონის ჭარბი სეკრეცია იწვევს კალციუმის მობილიზაციას ძვლოვანი ქსოვილიდან, ფოსფატების რეაბსორბციის დათრგუნვას თირკმლის მილაკებში, რის შედეგადაც სისხლში ეცემა არაორგანული ფოსფატების შემცველობა. ამავე დროს მკვეთრად მატულობს ტუტე ფოსფატაზის აქტიურობა. ფოსფატურ-კალციუმის ცვლის მოშლა იწვევს აციდოზის განვითარება.
კლინიკური სურათი. სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ რაქიტის შემდეგ ხარისხებს: I (მსუბუქი) ხარისხი – ნერვული და კუნთოვანი სისტემების მხრივ მცირედი ცვლილებები; ნარჩენ მოვლენები არ აღინიშნება; II (საშუალო სიმძიმის) ხარისხი – გამოხატული ცვლილებები ძვლოვან, კუნთოვან, ნერვულ და სისხლმბად სისტემებში, შინაგანი ორგანოების ფუნქციის ზომიერი დარღვევები, ღვიძლისა და ელენთის მცირე გადიდება, ანემია; III (მძიმე) ხარისხი – მკვეთრად გამოხატული ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის, ნერვული, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების, შინაგანი ორგანოების მხრივ; ხშირია გართულებები.
საწყისი პერიოდი აღინიშნება 2-3 თვის ასაკში, მაგრამ შესაძლებელია გამოვლინდეს სიცოცხლის მთელი პირველი წლის პერიოდში. ოფლიანობა, კეფის გამელოტება, მოუსვენრობა, კუნთოვანი დისტონია; დიდი ყიფლიბანდის კიდეების არამკვეთრი გარბილება. ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირას. ბიოქიმიური გამოკვლევები: ფოსფორის რაოდენობის შემცირება, ფოსფატაზის აქტიურობის გაზრდა. რენტგენოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. დაავადების გაჩაღების პერიოდში ვლინდება ცვლილებები ძვლებში; აღინიშნება კრანიოტაბესი, ქალას ძვლების, ასევე გულმკერდისა და კიდურების ცვლილებები.
ძვლოვანი ცვილებები ნაკლებად შესამჩნევია I ხარისხის რაქიტის დროს და გამოკვეთილია მეორე ხარისხის დროს, მესამე ხარისხის დროს კი გადადის დეფორმაციაში. ვლინდება სტატიკური, შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევები, კუნთების ჰიპოტონია, რასაც უერთდება ანემია. მეორე და მესამე ხარისხის დროს ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. სიცოცხლის მე-2-3 წელზე ადგილი აქვს მხოლოდ ნარჩენს მოვლენებს ძვლების დეფორმაციების სახით, ზოგჯერ ანემიას. მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება მოვლენების მძაფრი განვითარება. საწყის პერიოდში – გამოხატულია მოუსვენრობა, ოფლიანობა, სისხლში ბიოქიმიური მაჩვენებლების გადახრები; დაავადების გაჩაღების დროს – ძვლების მნიშვნელოვანი გარბილება, კუნთების გამოხატული ჰიპოტონია. მწვავე მიმდინარეობა აღინიშნება ხშირად სიცოცხლის პირველ თვეებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში და სწრაფად მზარდ ბავშვებში. ქვემწვავე მიმდინარეობა ხასიათდება შედარებით ნელი განვითარებით. აღინიშნება 6-9 თვის ასაკში და ზევით. ძვლების გარბილების მოვლენები გამოხატულია ნაკლებად. ოსტეოიდური ჰიპერპლაზია სჭარბობს ოსტეომალაციაზე, აღინიშნება შუბლისა და თხემის ბორცვები, ლულოვანი ძვლების ეპიფიზების გასქელება. გვიან რაქიტს მიაკუთვნებენ დაავადების იშვიათ შემთხვევებს, როდესაც მისი აქტიური გამოვლინება აღინიშნება 4 წლის ასაკის ზევით. გარდა კლინიკური ნიშნებისა, დიაგნოზის დასმაში გვეხმარება სისხლში კალციუმის, ფოსფორის, ტუტე ფოსფატაზის შემცველობის განსაზღვრა, მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს.
მკურნალობა. მნიშვნელოვანია რაციონალური კვება, რეჟიმის ნორმალიზაცია, ჰაერზე საკმარისი ყოფნა, მასაჟი, ვარჯიში. საწყისი გამოვლინებების დროს ბავშვებს უნიშნავენ ვიტამინ D2. D ვიტამინის პრეპარატები ეძლევა კვების დროს. რეკომენდებულია ულტრაიისფერი დასხივება კურსებით, რომელშიც შედის 15-20 სეანსი, ინიშნება დღეგამოშვებით. მასაჟსა და ვარჯიშს მიმართავენ ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ არა მწვავე მინდინარეობის დროს. პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობისა და მიზეზის აღკვეთის შემთხვევაში კეთილსაიმედოა. მძიმე მიმდინარეობის დროს შესაძლებელია ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, ჩონჩხის დეფორმაცია და აღნაგობის დარღვევა.
პროფილაქტიკა. რაციონალური კვება, საკმარისი ინსოლაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი, გაკაჟება, სწორი აღზრდა. მიზანშეწონილია ორსულთა ანტენატალური პროფილაქტიკა; აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, რაციონალური კვება. საჭიროა ბავშვის კვების რაციონში დროულად იქნას შეტანილი ბოსტნეული, ხილი. შემატებითი საკვები უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ვიტამინებს, მარილებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ D3 ვიტამინს (კვერცხის გული, თევზის ქონი).
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1432 times by 972 viewers



