კრუნჩხვითი სინდრომი

კრუნჩხვითი სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კრუნჩხვითი სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. კრუნჩხვითი სინდრომი წარმოშობის მიხედვით შეიძლება იყოს არაეპილეფსიური (მეორადი, სიმპტომური კრუნჩხვითი გულყრები) და ეპილეფსური. არაეპილეფსური გულყრები შესაძლებელია შემდეგში გარდაიქმნან ეპილეფსურში. მეორადი კრუნჩხვითი (ეპილეპტოფორმული) გულყრები ხშირად აღინიშნება ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში. კრუნჩხვები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ასფიქსიასთან, ქალაშიდა სამშობიარო ან საყოფაცხოვრებო ტრავმასთან, ჰიპოგლიკემიასთან, ჰიპოკალციემიასთან, ჰემოლიზურ დაავადებასთან (ჰიპერბილირუბინემიური ენცეფალოპათია), მუცელშიგა ინფექციებთან. კრუნჩხვები აღინიშნება მწვავე ინფექციური დაავადებების დასაწყისში, ენდოგენური და ეგზოგენური ინტოქსიკაციებისა და მოწამვლების დროს (ურემია, თირკმლისმიერი კომა, ტოქსიკური სინდრომი, საყოფაცხოვრებო მოწამვლები), ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადებების დროს (ფენილკეტონურია და ამინომჟავების ცვლის სხვა ანომალიები, გალაქტოზემია და სხვ.). კრუნჩხვების მიზეზი შესაძლოა იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების თანდაყოლილი დეფექტები, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადებები, ასევე თავის ტვინის კეროვანი დაზიანებები (სიმსივნე, აბსცესი). ისინი აღინიშნება აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და გულის პათოლოგიების (გულის მანკები, კოლაფსი), სისხლის ზოგიერთი დაავადების დროს (ჰემოფილია, კაპილაროტოქსიკოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოზი). კრუნჩხვები შესაძლებელია განვითარდეს ანოქსიური მდგომარეობების დროს, რომელთაც მიეკუთვნება გულის წასვლა, რესპირატორულ-აფექტური კრუნჩხვები (ძლიერი ემოციის შედეგად). ადრეული ასაკის ბავშვებში კრუნჩხვები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ჰიპერთერმიასთან. ცხელებითი კრუნჩხვების ეპილეფსურში გადასვლის რისკის ფაქტორებია: ანამნეზში ქალა-ტვინის ტრავმა, კრუნჩხვების გახანგრძლივება 30 წუთზე მეტხანს, მათი განმეორებითი განვითარება. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა. თუკი ბავშვს სიცოცხლის პირველ კვირეებში განუვითარდა კრუნჩხვები, მიზანშეწონილია გამოკვლევა მემკვიდრეობით დაავადებებზე. კრუნჩხვითი სინდრომის დროს დამახასიათებელი ცვლილებები აღინიშნება ეეგ-ზე. თავზურგტვინის სითხის გამოკვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს წნევის მომატება 130-140 მმ წყ სვ, სისხლის შერევა, უჯრედებისა და ცილის რაოდენობის მომატება (ნორმაში ბავშვებში 5-დან 20 უჯრედამდეა 1 მკლ-ში, 0,2 – 0,3% ცილა, 0,5 – 0,6 გ/ლ შაქარი). ლიმფოციტული პლეოციტოზი მიუთითებს სეროზულ მენინგიტზე. შემღვრევა, ნეიტროფილოზი ან შერეული ნეიტროფილურ-ლიმფოციტარული პლეოციტოზი მაჩვენებელია ჩირქოვანი მენინგიტისა. სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა რიგ შემთხვევებში ავლენს ჰიპოკალციემიას (რაქიტი, სპაზმოფილია), ჰიპოგლიკემიას, ალკალოზს.

კრუნჩხვითი სინდრომი – კლინიკური სურათი. კრუნჩხვები კლინიკურად ვლინდება ჩონჩხის კუნთების კლონურ-ტონური უნებლიე ხანმოკლე შეკუმშვებით. ისინი შესაძლოა იყოს ლოკალიზებული ან გენერალიზებული. დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, აგზნება, გონების ცვლილებები. განმეორებითი გულყრებისას, რომელთა შორის პერიოდებში გონება არ ბრუნდება, ლაპარაკობენ კრუნჩხვით სტატუსზე. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზსა და კლინიკურ გამოვლინებებს. დიფერენციალური დიაგნოზი ითვალისწინებს კრუნჩხვის მიზეზების დადგენას.

კრუნჩხვითი სინდრომი – მკურნალობა. ფებრილური გულყრის დროს ინიშნება ანტიპირეტიკები, ჰიპოკალციემიის დროს – კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარი, ჩვენების მიხედვით საჭიროა ჰიპოქსიის, სუნთქვისა და გულის უკმარისობის მოხსნა, ტარდება დეზინტოქსიკაცია. ინიშნება კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. პროგნოზი განისაზღვრება კრუნჩხვითი სინდრომისმიზეზით, ხოლო კრუნჩხვითი სტატუსის დროს – სერიოზულია. პროფილაქტიკა: ძირითადი დაავადების მკურნალობა.

კრუნჩხვითი სინდრომის ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

კრუნჩხვითი სინდრომის ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ კრუნჩხვითი სინდრომის დროს – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები