ტოქსიკური სინდრომი

ტოქსიკური სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ტოქსიკური სინდრომი – ეტიოლოგია. ხშირია კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების დროს (კოლიენტერიტები, დიზენტერია, სალმონელოზები; სტაფილოკოკური ენტერიტები). ტოქსიკური სინდრომი შესაძლებელია განვითარდეს ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადებების დროს (დისაქარიდების გადაუტანლობა, თირკმლის ტუბულარული აციდოზი, ლაქტატაციდოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, ჰიპოალდოსტერონიზმი).

ტოქსიკური სინდრომი – პათოგენეზი. საფუძველია ინტოქსიკაცია, დეჰიდრატაცია, ჰემოდინამიკური დარღვევები (სისხლძარღვოვანი კოლაფსის სხვადასხვა ტიპები). სისხლმიმოქცევის უკმარისობა იწვევს ბავშვის ყველა სისტემისა და ორგანოების დაზიანებას, ქსოვილოვანი სუნთქვის დარღვევებსა და ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების გამოფიტვას და გარკვეულ საფრთხეს უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს.

ტოქსიკური სინდრომი – კლინიკური სურათი. ტოქსიკოზი ვლინდება ბავშვის რეაქციის დათრგუნვით გარეშე გამაღიზიანებელზე. აგზნების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ ხდება ცნობიერების დარღვევა: სომნოლენობა, სოპორი, კომა. ტოქსიკოზის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა გულ – სისხლძარღვოვანი დარღვევები, რაზედაც მუთითებს კანის მორუხო შეფერვა, კიდურების გაცივება, სუსტი ავსების ხშირი პულსი. ტოქსიკოზის დასაწყისში არტერიული წნევა მომატებულია, შემდეგში კი კლებულობს. გულის აბსოლუტური და შედარებითი საზღვრები მცირდება, აღინიშნება გულის ტონების მოყრუება; ფილტვებში – ტოქსიკური ემფიზემის მოვლენები. ფილტვის სისხლმიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებით ვლინდება სველი ხიხინები. მნიშვნელოვანი ნიშანია ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რომელთაგან ძირითადია ექსიკოზი (გაუწყლოვნება). ექსიკოზის საწყისი კლინიკური გამოვლინებები (კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, დიდი ყიფლიბანდისა და თვალის კაკლების ჩავარდნა, ტურგორის დაქვეითება) ვლინდება ბავშვის საწყისი მასის 6-8% დაკარგვისას. მასის 10%-იანი დაკარგვა, როგორც წესი, ვლინდება გამოხატული ექსიკოზით, ხოლო 15%-იანი დანაკარგისას ვითარდება მძიმე ექსიკოზი. წყლისა და მარილების სიჭარბის მიხედვით განასახვავებენ ექსიკოზს მარილის დეფიციტით, ,,სუფთა” ან წყალდეფიციტურ ექსიკოზსა და იზოტონურ გაუწყლოვნებას. ჰიპოტონური დეჰიდრატაცია აღინიშნება ღებინებისა და ფაღარათის დროს, ხასიათდება პერიფერიული სისხლმიმოქცევის მკვეთრი უკმარისობით. თითქმის მუდმივია კალიუმის დეფიციტის სინდრომი; მისი ნიშნებია: 1. მყარი დამუხრუჭება, დეპრესია, რომლიდანაც ბავშვის გამოყვანა ვერ ხერხდება წვეთოვანი ინტრავენური გადასხმებითაც კი, თუკი კალიუმის დანაკარგი ვერ ნაზღაურდება; 2. კუნთოვანი ჰიპოტროფია და ჰიპორეფლექსია; 3. სუნთქვის დარღვევა; 4. გულის მოყრუების საზღვრების გადიდება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ინტერვალის გახანგრძლივება; 5. ნაწლავის პარეზი, მეტეორიზმი; 6. თირკმლის კონცენტრაციული უნარის დარღვევა. ჰიპერტონული დეჰიდტრატაციის დროს ბავშვი აგზნებულია, მოუსვენრადაა; ტემპერატურა ხშირად მაღალია. აღინიშნება კეფის კუნთების დაჭიმვა, კრუნჩხვები. პერიფერიული სისხლმიმოქცევა დიდხანს რჩება დამაკმაყოფილებებლი, პულსი ხშირია, მაგრამ კარგი ავსებისაა, არტერიული წნევა მომატებულია. იზოტონური დეჰიდრატაციის დროს (იზოტონური ექსიკოზი) აღინიშნება აღწერილი ვარიანტების ნიშნების შერწყმა; პროგნოზულად იგი გაცილებით კეთილსაიმედოა.

ტოქსიკური სინდრომი – მკურნალობა. ბავშვებს ენიშნებათ გლუკოზის 5%-იანი ხსნარი და რინგერის ხსნარი შიგნით მისაღებად ყოველ 5-10 წუთში. ინიშნება ანტიბიოტიკები,  ტარდება რეჰიდრატაციული თერაპია.

ტოქსიკური სინდრომი – ნეიროტოქსიკური სინდრომი. პათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა აქვს ტოქსინების პირდაპირ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მიკროცირკულაციის დარღვევებს, რის შედეგადაც ვითარდება ტვინის შეშუპება, ნეკროზები, დიაპედეზური სისხლჩაქცევები. სინდრომი შეიძლება აღინიშნებოდეს დიზენტერიის, გრიპის, რესპირატორული ვირუსული დაავადებების, მენინგიტის, მენინგოენცეფალიტის, სტაფილოკოკური და სხვა ინფექციების დროს. ნეიროტოქსიკური სინდრომის უნიშვნელოვანესი ნიშანია ექსიკოზის არარსებობა ან მისი მოვლენების სუსტი გამოხატულება. დამახასიათებელია გონების სხვადასხვა სახის მოშლილობები კომამდე, კუნთოვანი ჰიპერტონიის ფონზე განვიტარებული საერთო გენერალიზებული ტონური და კლონური კრუნჩხვები, გულის მოქმედების დარღვევები (კორონარული უკმარისობა, ტაქიკარდია და სხვ.), სისხლმიმოქცევის დარღვევები, თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ოსმორეგულაციის დარღვევები – ჰიპერელექტროლიტემია, ქსოვილებში სითხის შეკავება. დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი; ღებინება, ფაღარათი, გაუწყლოვნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს უერთდება მოგვიანებით.

ტოქსიკური სინდრომი – მკურნალობა. ტარდება შესაბამინი მკურნალობა; პროგნოზი სერიოზულია. პროფილაქტიკა: ძირითადი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები