ლალი დათეშიძე
ტონზილიტი ქრონიკული (chronic tonsillitis) – სასის ნუშების ანთება; ავადდებიან როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მიზეზები: განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავე ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია). ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ალვეოლური პიორეა, ქრონიკული კატარული ფარინგიტი, ქრონიკული რინიტი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხახაში ჩაფხაჭნის, უცხო სხეულის შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ე. წ. საცობების – კაზეოზური
მასების ამოხველება, რომლებიც წარმოიქმნებიან ნუშების ლაკუნებში, პერიდული ტკივილი ყლაპვის დროს, რომელიც გადაეცემა ყურში. ხშირად დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივი სუბფებრილიტეტით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, თავის ტკივილით, ზოგჯერ რეფლექტორული წარმოშობის ხველით. ზოგიერთ ავადმყოფს არანაირი ჩივილი არა აქვს. ხშირია გართულებები: გულის, სახსრების დაზიანება, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა. შესაძლებელია რევმატიზმის, ნეფრიტის განვითარება. ფარინგოსკოპიით – ქრონიკული ანთებითი პროცესის ნიშნები: სასის ნუშები გაფაშრებული, დანაწიბურებულია, შეხორცებულია სასის რკალებთან, ნუშების ზედაპირი არათანაბარია, ლაკუნები გაფართოებულია. ნუშებზე შპატელით დაწოლისას ლაკუნებიდან გამოიყოფა ,,საცობები” ან გადმოედინება ჩირქი არასასიამოვნო სუნით. სასის წინა რკალების ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, განსაკუთრებით მათი თავისუფალი ნაპირი. რეგიონალური ლიმფური კვანძები ხშირად გადიდებული და პალპაციით მტკივნეულია. ნუშების დიდი ზომები ყოველთვის არ წარმოადგენს ქრონიკული ტონზილიტის ნიშანს (ბავშვებში ეს ფიზიოლოგიურია); პირიქით, ქრონიკული ანთებითი ცვლილებები ხშირად ვითარდება პატარა ნუშებში.
მკურნალობა კონსერვატიულია და ტარდება უმთავრესად ქრონიკული ტონზილიტის გაურთულებელი ფორმების დროს; მისი არაეფექტურობის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის გართულებული ფორმების დროს სასის ნუშებს ამოკვეთენ (ტონზილექტომია). ოპერაციის უკუჩვენებებია: ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და სხვ. ტოზილექტომიის შეფარდებითი უკუჩვენებებია: ტუბერკულოზი, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1398 times by 871 viewers



