ხორხის სტენოზი

ხორხის სტენოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხორხის სტენოზი – ხორხის სანათურის მნიშვნელოვანი შევიწროება ან მისი სრული დახურვა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სტენოზებს. მწვავე სტენოზი შესაძლოა განვითარდეს უეცრად, ელვისებურად ან განვითარდეს თანდათანობით, რამდენიმე საათის განმავლობაში. აღინიშნება ჭეშმარიტი და ცრუ კრუპის, ბავშვებში მწვავე ლარინგოტრაქეობრონქიტის, ხორხის შეშუპების, ფლეგმონური ლარინგიტის, ქონდროპერიქონდრიტის, უცხო სხეულის, ტრავმის, უკანა ბეჭდ-ციცხვისებრი კუნთის ორმხრივი დამბლის დროს. ქრონიკული სტენოზისათვის დამახასიათებელია ხორხის სანათურის ნელი და მყარი შევიწროება. თუმცა ხორხის ქრონიკულად მიმდინარე შევიწროების პერიოდში, არახელსაყრელი პირობების დროს (ანთება, ტრავმა, სისხლჩაქცევა და სხვ.) შესაძლოა სწრაფად განვითარდეს ხორხის მწვავე სტენოზი. ქრონიკული სტენოზები წარმოიქმნება ხორხის ნაწიბუროვანი ცვლილებების ნიადაგზე ტრავმის, ქონდროპერიქონდრიტის, სკლერომის, დიფთერიის, სიფილისის, სიმსივნის დროს.

ხორხის სტენოზისიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია სტენოზის ხასიათზე: 1 – სტადია – კომპენსაციის – მიმდინარეობს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის პაუზის გამოთიშვით, ჩასუნთქვის გაგრძელებით, სუნთქვის რიცხვის რეფლექტორული შემცირებით; ხმა ხდება ჩახლეჩილი (გარდა ხორხქვედა ნერვების დამბლითგამოწვეული სტენოზისა), ჩასუნთქვის დროს ვლინდება სტენოზური ხმიანობა, რომელიც ისმის მანძილზე; II სტადია – დეკომპენსაციის – პირველ პლანზე გამოდის ჟანგბადოვანი შიმშილის ყველა ნიშანი, ძლიერდება ქოშინი, კანის საფარველი და ლორწოვანი გარსები ღებულობენ მოლურჯო ელფერს, ჩასუნთქვის დროს აღინიშნება ნეკნებს შორისი შუალედების, ლავიწზედა და ლავიწქვედა ფოსოების მკვეთრი ჩაზნექა. ავადმყოფი მოუსვენრადაა, წრიალებს, კანი დაფარულია ცივი ოფლით, სუნთქვა ხშირდება, ძლიერდება ხმაურიანი სუნთქვა; III სტადია – ასფიქსია (ხუთვა) – ხასიათდება გულის მოქმედების დარღვევით, სუნთქვა იშვიათი და ზედაპირულია, ძლიერდება კანის საფარველის სიფერმკრთალე, ავადმყოფი მოთენთილი, გარემოსადმი განურჩეველია, გუგები გაფართოებულია, ხდება განავლისა და შარდის უნებლიე გამოყოფა, სუნთქვა ჩერდება. სტენოზის ხარისხის შესაფასებლად განსაკუთრებით არსებითია ყიის სანათურის ზომები. თუმცა სტენოზის ნელი პროგრესირებისას ავადმყოფები ზოგჯერ დამაკმაყოფილებლად უმკლავდებიან სუნთქვის გაძნელებას ხორხის ვიწრო სანათურის პირობებშიც.

ხორხის სტენოზიდიაგნოზი დასადგენად საჭიროა გამოირიცხოს ტრაქეის სტენოზი, ფილტვისა და გულის პათოლოგიების დროს განვითარებული სუნთქვის დარღვევები.

ხორხის სტენოზიმკურნალობა. ხორხის ნებისმიერი დაავადების დროს, თუკი არ გამოირიცხება სტენოზის განვითარების საშიშროება, საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, რათა დროულად იქნას მიღებული ყველა საჭირო ზომები ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად. კომპენსაციის სტადიაში ჯერ კიდევ შეიძლება სუნთქვის აღდგენა თერაპიული მეთოდებით (მდოგვის საფენები მკერდზე, ფეხების ცხელი აბაზანები, ჟანგბადის ინჰალაცია, დეჰიდრატაციული თერაპია, საგულე საშუალებები). დეკომპენსაციისა და ასფიქსიის სტადიაში აუცილებელია ტრაქეოტომიის შესრულება, დიფთერიული სტენოზის დროს – ინტუბაცია. სუნთქვის შეჩერების დროს ტრაქეის გახსნის შემდეგ ტარდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ქრონიკული სტენოზით დაავადებულებში მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადებისაკენ (სიმსივნე, სკლერომა და სხვ.) ნაწიბუროვანი სტენოზის დროს იყენებენ ბუჟირებასა და მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს – ლარინგო – და ტრაქეოტომიას ნაწიბუროვანი ქსოვილის მოკვეთით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები