სკლერომა

სკლერომა

სკლერომა (scleroma) – ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებს და ვლინდება მათში ბრტყელი ან ხორკლიანი ინფილტრატების წარმოქმნით. გამომწვევია – ფრიში-ვოლკოვიჩის ჩხირი.

სკლერომა – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხასიათდება ნელი მიმდინარეობით, რომელიც პროგრესირებს მრავალი წლის განმავლობაში. საწყის სტადიებზე წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატები ბრტყელი ან ბორცვისებრი შემაღლებების სახით, რომლებიც არ წყლულდებიან, ლოკალიზებულნი არიან უპირატესად ფიზიოლოგიური შევიწროებების ადგილებში: ცხვირის კარიბჭეში, ქოანებში, ცხვირ-ხახაში, ხორხის ნაოჭქვეშა სივრცეში, ტრაქეის ბიფურკაციასთან, ბრონქების განშტოებების ადგილზე. შედარებით მოგვიანებით ინფილტრატები ნაწიბურდებიან და იწვევენ სასუნთქი გზების სანათურის შევიწროებასა და სუნთქვის დარღვევას. ჩვეულებრივ, სკლერომა მოიცავს ერთდროულად სასუნთქი გზების რამდენიმე მონაკვეთს. იშვიათად პროცესი ლოკალიზდება ერთ უბანზე.

ცხვირის სკლერომა (რინოსკლერომა). ავადმყოფები უჩივიან ცხვირის სიმშრალესა და ცხვირში დაცობის შეგრძნებას. ლორწოვანი გარსის ატროფიის გამო აღინიშნება მცირე რაოდენობის წებოვანი გამონადენი და ქერქები, ზოგჯერ არასასიამოვნო სუნის. რინოსკოპიით ვლინდება ბორცვისებრი ინფილტრატები; ცხვირის კარიბჭეში მათი ლოკალიზაციის დროს ვითარდება გარეთა ცხვირის დეფორმაცია. ცხვირის ფრთები ინფილტრირებულია.

ხახის სკლერომა. პროცესი ვრცელდება ცხვირის ღრუდან ქოანების გავლით; ზიანდება ძირითადად რბილი სასა. ინფილტრატების დანაწიბურება იწვევს რბილი სასისა და სასის რკალების დეფორმაციას. ზოგჯერ დეფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირ-ხახისა და პირ-ხახის თითქმის მთლიანი გაცალკევება. ხშირად ეს ცვლილებები შერწყმულია ცხვირისა და ხორხის პათოლოგიასთან, რაც დამახასიათებელია სკლერომისათვის.

ხორხის სკლერომა. ინფილტრატები მდებარობენ ჩვეულებრივ სიმეტრიულად ორივე მხარეზე ნაოჭქვეშა სივრცის არეში, იშვიათად ვესტიბულურ ნაოჭებში, მბგერავ ნაოჭებში, ციცხვისებრ ხრტილებში და ხორხსარქველზე; იწვევენ დანაწიბურებას, ხმის ცვლილებებსა და ხორხის სტენოზს. სკლერომული პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს ტრაქეაზე და ბრონქებზე, საბოლოოდ იწვევს მათ სტენოზს.

სკლერომა – დიაგნოზი. გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები, ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა და ნახველის გამოკვლევა ფრიშ-ვოლკოვიჩის ჩხირებზე. საჭიროა გავითვალისწინოთ ავადმყოფის საცხოვრებელი ადგილმდებარეობა, სადაც გვხვდება სკლერომა.

სკლერომა – მკურნალობა. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნება ბუჟირება, ინფილტრატების ამოკვეთა და ელექტროკოაგულაცია.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სკლერომა – (ბერძ. skleroma – გამკვრივება) სასუნთქი გზების – ქრონიკული ინფექციური დაავადება ცხვირის ღრუს, ზოგჯერ ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანი გარსის მკვრივი კვანძოვანი წანაზარდების წარმოქმნით. მისი გამომწვევია ფრიშ – ვოლკოვიჩის ჩხირები კლებსიელთა გვარიდან. დაავადების წყაროა დაავადებული ადამიანი. ავადმყოფის სისხლში ვლინდება სპეციფიკური ანტისხეულები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე წლამდე. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება ვლინდება 15 – 20 წლის ასაკში, გვხვდება ბავშვებშიც. პროცესი მიმდინარეობს წლობით და ათწლეულობით. სიმსივნისებრი წანაზარდები ან მკვრივი ინფილტრატებია, რომლებიც კონცეტრულად ავიწროებენ სასუნთქი გზების სანათურს, ან წარმოქმნიან ჭიმებს და იწვევენ სუნთქვის შეფერხებას. განლაგდებიან რა სასის, ენის, ნუშურების არეში აძნელებენ ყლაპვას; ხორხის დაზიანება იწვევს ხმის დაკარგვას. რიგ შემთხვევებში სკლერომა მიმდინარეობს ლორწოვანი გარსების ატროფიით; ამასთან ავადმყოფებს აღენიშნებათ სიმშრალე ცხვირისა და ყელის არეში, აღინიშნება საერთო სისუტე, მადის დაქვეითება, ანემია. გართულებებია: ტრაქეობრონქიტი,  არასპეციფიკური დაკრიოცისტიტი, ბრონქოექტაზები, ფილტვების ემფიზემა, პნევმოსკლეროზი. მკურნალობა – ანტიბიოტიკები, გრანილომატოზური წანაზარდების ქირურგიული მოცილება, შევიწროებულ უბნებს უკეთებენ ბუჟირებას.