თირეოიდიტი

თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ან ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადება. მწვავე თირეოიდიტები ვითარდებიან როგორც სხადასხვა ინფექციური დაავადებების გართულებები (გრიპი, პნევმონია, ანგინა და ა.შ.).

ავადმყოფებს გარდა  ცხელების (38 – 390C), თავის ტკივილის, შეუძლოდ ყოფნისა უჩივიან ტკივილებს ყლაპვის დროს, ზოგჯერ ყურისკენ და კეფის მიდამოში ირადიაციით. დათვალიერებით ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის გადიდება, მტკივნეულობა და სიმკვრივე. ჯირკვლის ფუნქცია ჩვეულებრივ მომატებულია, ხოლო ხანგრძლივი მიმდინარეობისას თანდათანობით ქვეითდება. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი ნეიტროფილური გადახრით, ედს – ის მომატება. მწვავე მოვლენები გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. დაავადება ჩვეულებრივ მთავრდება გამოჯანმრთელებით.

ქრონიკული თირეოიდიტი

გვხვდება ორი ფორმი სახით: ხაშიმოტოს დაავადება და რიდელის ჩიყვი. ხაშიმოტოს დაავადება მიეკუთვნება ავტოიმუნურ დაავადებებს და თითქმის ყოველთვის გვხვდება საშუალო ასაკის ქალებში. ავადმყოფებს აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც რჩება უმტკივნეულო. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები.

ჯირკვლის ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკვლევებით ნახულობენ ლიმფოიდური ქსოვილის დიფუზურ განვითარებას, თირეოიდული ფოლიკულების დაღუპვას. ავადმყოფთა 1/3 – ს აღენიშნება ჰიპოთირეოზის სიმპტომები. სისხლში ნახულობენ ანტითირეოიდულ ანტისხეულებებს. რიდელის ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვალი გასინჯვით მკვრივია, ასევე თანდათანობით ვითარდება ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლა. ჯირკვლის ფუნქცია მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი