ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ავტორადიოგრაფია – (autoradiographia ბერძნ.autos – თვით, radio – ვასხივებ და grapho – ვწერ) ციტო და ჰისტოლოგიური გამოკვლევების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდის უჯრედებსა და ქსოვილებში რადიაქტიული იზოტოპებით (H3, C14, P32 და სხვ.) ნიშანდებულ ნივთიერებათა განლაგების შესწავლას. მეთოდი დამყარებულია უჯრედებში ჩართული იზოტოპების უნარზე, α, β ან γ გამოსხივებით აღადგინოს ვერცხლი ფოტოემულსიისა, რომლითაც ფარავენ გამოსაკვლევ ქსოვილოვან ანათლებს ან უჯრედებს. ფოტოემულსიის გამომჟღავნების შემდეგ ტრეკების სახით წარმოქმნილი ვერცხლის მარცვლები თავისებური ავტოგრაფებია, რომელთა ლოკალიზაციის მიხედვით მსჯელობენ ხმარებული ნივთიერებების ჩართვაზე უჯრედში. უკანასკნელ წლებში ტრიტიუმით ნიშანდებული ნივთიერებების – ნუკლეინის მჟავათა წინამორბედების (თიმიდინის, ციტიდინის, ურიდინის, ადენინის) ფართო ხმარებამ გამოავლინა დნმ – ის, რნმ – ისა და უჯრედული ცილების სინთეზის მრავალი მხარე. ავტორადიოგრაფიის მეთოდის საფუძველზე შესწავლილია მიტოზის ციკლი და სხვა მრავალი საკითხი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები