ასტრობიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ასტრობიოლოგია – (ასტრო.. და ბიოლოგია), მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს სამყაროში სიცოცხლის არსებობის ყოველგვარ გამოვლინებას. ასტრობიოლოგია ეყრდნობა ასტრონომიის, ბიოლოგიის, და ბიოქიმიის მეცნიერებათა მიღწევებს. ზოგიერთი ამოცანის გადაწყეტისას უკავშირდება კოსმოსურ ბიოლოგიასა და კოსმოსურ მედიცინას, რომლებიც წარმოიშვა კოსმოსურ სივრცეში ადამიანის გასვლის შედეგად. ასტრობიოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემაა დედამიწაზე, როგორც კოსმიურ სხეულზე, სიცოცხლის ჩასახვისა და განვითარების პირობების შესწავლა იმ დროისათვის, როდესაც ატმოსფერო არსებობდა თავდაპირველი შედგენილობით. ასეთ ატმოსფეროში გარე დასხივების ან ელექტრული განმუხტვის დროს შესაძლებელია წარმოშობილიყო საკმაოდ რთული ორგანული შენაერთები, რომლებსაც დასაბამი უნდა მიეცათ სიცოცხლის განვითარებისათვის, რაც თანდათანობით წარმოქმნიდა ბიოსფეროს. მცენარეების მოქმედებით განპირობებული ფოტოსინთეზის შედეგად დედამიწის ატმოსფერო თანდათანობით მდიდრდებოდა ჟანგბადით. ამგვარად ნებისმიერი ცთომილის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა მასზე სიცოცხლის სავარაუდო, მაგრამ არასაკმარისი ნიშანია. XX საუკუნის შუა წლებისათვის სხვადასხვა ცთომილის ფიზიკური ბუნების შესახებ მეცნიერული ცნობები მოწმობენ, რომ მზის სისტემის ყველა ციურ სხეულზე როდია შესაძლებელი სიცოცხლის არსებობა. მაგ., მთვარეზე, მერკურიზე, ვენერაზე პრაქტიკულად არ არსებობს სიცოცხლე. ლაბორატორიულმა ცდებმა გვიჩვენა, რომ მარსზე, მეტად გაიშვიათებული ატმოსფეროს, წყლის ორთქლის უმნიშვნელო რაოდენობის, თხევადი წყლის არარსებობისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად შესაძლებელია სიცოცხლის ზოგიერთი მიწიერი ფორმის არსებობა, მაგრამ ცთომილებზე სიცოცხლის არსებობის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კოსმოსური აპარატებით მათი უშუალო გამოკვლევის შემდეგ. კოსმონავტიკის მიღწევები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მზის სისტემაში შემავალი დედამიწის მეზობელი ცთომილებისათვის ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ავტომატური ხელსაწყოების დახმარებით სხვა სხეულებზე სიცოცხლის არსებობის აღმოჩენის ცდების პროექტი ეყრდნობა ვარაუდს, რომ მათზე, ისევე როგორც დედამიწაზე, სიცოცხლეს ნახშირწყალბადოვანი საფუძველი აქვს. ასტრობიოლოგიის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სიცოცხლის არსებობის ძიება მზის სისტემის გარეთ. ჩვენს გალაქტიკაში შესაძლებელია მრავალ ვარსკვლავს მოეპოებოდეს ცთომილები, რომელთა ზედაპირზეც იქნება აუცილებელი პირობები სიცოცხლისა და თვით ცივილიზაციის არსებობისათვისაც. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა