ბაქტერიოფაგები

ბაქტერიოფაგები

ბაქტერიოფაგები – (ბაქტერია და ბერძნ. phagos – შთანმთქმელი. პირდაპირი გაგებით – ბაქტერიათა შთანთქმელი), ფაგები, ბაქტერიული ვირუსები, რომლებიც მრავლდება ბაქტერიებისა და აქტინომიცეტების უჯრედებში და იწვევს მათ დაშლას – ლიზისს. ეს მოვლენა პირველად შენიშნა 1898 რუსმა მიკრობიოლოგმა ნ. გამალეამ, ხოლო 1915 – ინგლ. მეცნიერმა ფ. ტუორტმა. 1917 ბაქტერიოფაგები აღწერა, შეისწავლა და მეცნიერულად ახსნა ფრანგმა მეცნიერმა დ’ერელმა.

სსრკ – ში ბაქტერიოფაგების შესწავლა პირველად თბილისში დაიწყო პროფ. გ. ელიავას ხელმძღვანელობით; მოგვიანებით (1936) ჩამოყალიბდა ბაქტერიოფაგების შემსწავლელი სპეციალური ბაქტერიოფაგების ინსტუტი (ამჟამად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო ინსტუტი).გავრცელება ბაქტერიოფაგები გვხვდება ყველგან (ჩამდინარე წყლებში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში და ა. შ.), სადაც ბინადრობს შესაბამისი მიკროორგანიზმი, რომელზეც ის პარაზიტობს. ბაქტერიოფაგები აღწერილია თითქმის ყველა პათოგენური და საპროფიტული, აერობული და ანაერობული ბაქტერიისათვის და აგრეთვე მიკობაქტერიებისა და და აქტინომიცეტებისათვის. მორფოლოგია და ქიმიური შედგენილობა.

განარჩევენ 5 მორფოლოგიურ ტიპს:

1. ჩხირისებრი; 2. იკოსაედრის (ოთხწახნაფოვანი) ფორმის, 25 მკმ ზომის; 3. ჰექსაგონალური – აქვს თავი და მოკლე კუდი; 4. ჰექსაგონალური – თავი და გრძელი უკუმშვადი კუდი; 5. შედარებით დიდი ზომის ჰექსაგონალური, ან პირამიდული – პრიზმის ფორმის თავი – (60´120 მკმ) და რთული კუმშვადი კუდი (20´120 მკმ).

კუდი შეიცავს ცენტრალურ მილს, კუმშვად შალითას, ბაზალურ ფირფიტასა და მასზე დამაგრებულ გრძელ ძაფებს, რომელთა საშუალებით ბაქტერიოფაგი ემაგრება ბაქტერიულ უჯრედს. თავი შეიცავს უმთავრესად დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ), ცილასა და სხვ. ნივთიერებებს. დნმ მოთავსებულია ბაქტერიოფაგის თავში. ბაქტერიოფაგს გარს აკრავს ცილის ქურქი – კაპსიდი, რომელიც ცილის ცალკეული მოლეკულების – კაპსომერებისაგან შედგება. აღწერილია ბაქტერიოფაგები რომლებიც მხოლოდ ერთძაფიან დნმ – შ – (j X – 174) ან რნი – ს – (MS – 2) შეიცავენ. გამრავლება. ბაქტერიოფაგის მოქმედებას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს.

თითოეული ბაქტერიოფაგი მხოლოდ შესაბამის მიკროორგანიზმში (პატრონში) მრავლდება. ბაქტერიოფაგი კუდით უკავშირდება მიკრობების გარსში არსებულ რეცეპტორებს (ადსორბცია), არღვევს უჯრედის გარსს, რის შემდეგ კუდში არსებული მილის საშუალებით ბაქტერიოფაგის დნმ გადადის უჯრედის ციტოპლაზმაში, სადაც სხვადასხვა ფერმენტის შემწეობით ხდება ჯერ დნმ – ის სინთეზი – (რედუპლიკაცია), შემდეგ კი ბაქტერიოფაგების ცილების სინთეზი. სრულყოფილი ბაქტერიოფაგების აწყობა უჯრედშიგნითა გამრავლების ბოლო ეტაპზე ხდება. ამ პროცესს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა დრო სჭირდება – 11 წუთიდან რამდენიმე საათამდე. ამ ხნის განმავლობაში ერთ უჯრედში შეიძლება ასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე ბაქტერიოფაგი მომწიფდეს, რის შემდეგ ჭარბად წარმოქმნილი ფერმენტი ლიზოციმი მიკრობის გარსს შლის და ბაქტერიოფაგები გარეთ გამოდიან. ზოგიერთ ბაქტერიოფაგს მიკრობთან ურთიერთობის სხვა მექანიზმიც ახასიათებს.

გარკვეული სიხშირით – (10 – 6) ინფიცირებული უჯრედებიდან ზოგში ბაქტერიოფაგების დნმ არ ორმაგდება, უკავშირდება უჯრედის ქრომოსომს და მემკვიდრეობით გადაეცემა მიკრობთა შვილეულ ორგანიზმებს (ლიზოგენიზაცია). ასეთ ბაქტერიოფაგებს, ჩვეულებრივი – ვირულენტურისაგან განსხვავებით, ზომიერს უწოდებენ. ბუნება. ბაქტერიოფაგები სიცოცხლის ყველაზე პრიმიტიული ფორმაა. როგორც ყველა ვირუსს, საკუთარი ნივთიერებათა ცვლა არ გააჩნია, მაგრამ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, გამრავლებისა და ცვალებადობის უნარი აქვს. ბაქტერიოფაგების მემკვიდრეობითი ცვალებადობა განპირობებულია როგორც მუტაციებით, ისე რეკომბინაციებით – ერთ უჯრედში მონათესავე ბაქტერიოფაგების გამრავლების დროს. პრაქტიკული გამოყენება.

აღმოჩენისთანავე ბაქტერიოფაგებმა დიდი ყურადღება მიიქცია პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. ბაქტერიოფაგების გამოყენებას (ზოგჯერ ანტიბიოტიკებთან ერთად) ცდილობდნენ როგორც პროფილაქტიკის, ისე ინფექციურ სნეულებათა (ქოლერა, დიზენტერია, მუცლის ტიფი, პარატიფები) სამკურნალოდ, ჩირქმბადი მიკრობებით გამოწვეული პროცესების ჩასაქრობად და სხვ.; თხევადი ბაქტერიოფაგების გამოყენება პროფილაქტიკური მიზნებისათვის დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული რადგან კუჭის წვენის დამღუპველი მოქმედების ასაცილებლად მას სოდიან ხსნართან ერთად ხმარობდნენ.

ამჟამად მზადდება წამლის ახალი ახალი ფორმა – ტაბლეტირებული, მჟავაგამძლე გარსიანი ბაქტერიოფაგების ეფექტური პრეპარატები, რომელთა წარმოების ტექნოლოგია დამუშავებულია სსრკ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო – კვლევით ინსტუტში. სამკურნალო ბაქტერიოფაგებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკური, ნაწლავის ჩხირის, ლურჯ – მწვანე ჩხირის, პროტეუსის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატები.

მიკრობთან ურთიერთმოქმედების სპეციფიკურობის გამო ბაქტერიოფაგებს ხშირად სხვადასხვა ინფექციურ სნეულებათა სადიაგნოსტიკოდაც იყენებენ. ბაქტერიოფაგების მოქმედების შესწავლის საფუძველზე ხდება ბაქტერიათა სახეობის დადგენა (ფაგოიდენტიფიკაცია), გამოსაკვლევ მასალაში ბაქტერიოფაგების გამრავლების მიხედვით მსჯელობენ გარემოში შესაბამისი მიკრობების არსებობაზე (ფაგოინდიკაცია). ბაქტერიების მარტივი შენება, სწრაფი გამრავლებისა და ცვალებადობის უნარი და ქიმიურად სუფთა სახით მიღების მეთოდები შესაძლებელს ხდის ბაქტერიოფაგების გამოყენებას ზოგადბიოლოგიური კანონზომიერებების დასადგენად (გენის სტრუქტურა, გენეტიკური კოდის გაშიფვრა და ა. შ.) თ. აანიშვილი [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.