ქოლერა cholera
ქოლერა – მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება ფაღარათით, ღებინებით, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევებით, ჰიპოვოლემიური შოკის განვითარებით, თირკმლის ფუნქციის მოშლით. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს.
ქოლერა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ქოლერის ვიბრიონი, ორი სახესხვაობის. ქოლერის ვიბრიონის ეგზოტოქსინის მოქმედება წვრილ ნაწლავზე განაპირობებს ორგანიზმის სითხის დაკარგვას.
ნაწლავის კედლის ეპითელური უჯრედებისა და ქვემდებარე ქსოვილების მორფოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება.
ქოლერა – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 5 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ: ფაღარათით, რომელსაც მოგვიანებით უერთდება ღებინება. დეფეკაცია სულ უფრო ხშირდება, კარგავს განავლოვან ხასიათს და სუნს, ხდება წყლიანი. დეფეკაციის სურვილი იმპერატულია, ავადმყოფებს არ შეუძლიათ შეკავება. ნაწლავიდან გამონაყოფი მოგვაგონებს ბრინჯის ნახარშს ან წარმოადგენს ნაღვლით შეფერილ მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეს.
ხშირად გამონაყოფში აღინიშნება ლორწო და სისხლი. პირნაღებ მასებს აქვთ ისეთივე ქიმიური შემადგენლობა, როგორიც ნაწლავიდან გამონაყოფ მასებს. ეს არის ყვითლად შეფერილი სითხე, მჟავე სუნის გარეშე. სითხის დაკარგვა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას, რის გამოც იცვლება ავადმყოფის გარეგნობა; სახის ნაკვთები წაწვეტებულია, პირის ღრუს ლორწოვანი მშრალია, ხმა ჩახლეჩილია, კანი კარგავს ჩვეულებრივ ტურგორს და ადვილად იკრიბება ნაკეცებად, ვითარდება კანისა და ლორწოვანი გარსების ციანოზი. ვლინდება ტაქიკარდია, ქოშინი, გულის ტონები მოყრუებულია, ქვეითდება არტერიული წნევა, მცირდება შარდის რაოდენობა. ხშირად ვითარდება ტონური კრუნჩხვები, კიდურების მტკივნეული კრუნჩხვები. მუცლის პალპაციით ვლინდება სითხის გადასხმა ნაწლავში, გაძლიერებული ყურყური. პალპაცია მტკივნეულია; სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. დაავადების პროგრესირებისას ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება, სხეულის ტემპერატურის ქვეითდება 34 – 35,50 C-მდე, ვითარდება უკიდურესი გაუწყლოვნება, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დარღვევები, ქოშინი. ასეთი ავადმყოფებს კანი ფერფლისფერი აქვთ, თვალები ჩავარდილი, ხმა არა აქვთ, სკლერები ჩამქრალია, გამოხედვა გაშტერებულია. მუცელი ჩამოწეულია, დეფეკაცია და შარდვა შეწყვეტილია. სისხლის შესქელების ხარჯზე აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის გაზრდა.
ქოლერა – მკურნალობა ტარდება საავადმყოფოში. ავადმყოფებში უკიდურესი გაუწყლოვნებით და ჰიპოვოლემიური შოკის მოვლენებით, დაკარგული სითხისა და მარილების ანაზღაურების მიზნით დაუყონებლივ იწყებენ ნაკადით ვენაში თბილი სტერილური მარილოვანი ხსნარის ,,ტრისოლის“ გადასხმას; რიგ შემთხვევებში ტარდება ვენესექცია. პირველი საათის განმავლობაში მარილოვანი ხსნარი შეჰყავთ სხეულის მასის 10%-ის რაოდენობით, შემდეგ კი გადადიან ხსნარის წვეთობრივად შეყვანაზე. შეყვანილი მარილოვანი ხსნარის საერთო მოცულობა განისაზღვრება დაკარგული სითხის მოცულობით. ღებინების შეწყვეტის შემდეგ ავადმყოფებს უნიშნავენ ანტიბიოტიკს. ჰიპოვოლემიური შოკიდან ავადმყოფის გამოყვანის მიზნით საგულე გლიკოზიდები, პლაზმა, სისხლი, კოლოიდური ხსნარები რეკომენდებული არ არის. პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობის დროს, მათ შორის მძიმე მიმდინარეობისას, კეთილსაიმედოა.
ქოლერა – პროფილაქტიკა. ქოლერაზე მცირედი ეჭვის დროსაც კი აუცლებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქოლერა – განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ქოლერის ვიბრიონი. დაავადების წყაროა ქოლერით დაავადებული ადამიანი. დასნებოვნება ხდება წყლით, საკვებით, საყოფაცხოვრებო საგნებით. წვრილ ნაწლავში ქოლერის ვიბრიონი მრავლდება და გამოყოფს განსაკუთრებილ ეგზოტოქსინს – ქოლეროგენს, რომელიც იწვევს ნაწლავის ეპითელიუმის მიერ სითხის გაძლიერებულ სეკრეციას, რის შედეგადაც ვლინდება ღებინება და ფაღართი, რაც იწვევს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვასა და გაუწყლოვნებას. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 6 დღემდე. განსხვავებით სხვა ნაწლავური ინფექციებისაგან, ქოლერის დროს პირველი სიმპტომია ფაღარათი, შემდეგ კი ვლინდება ღებინება, არ აღინიშნება ინტოქსიკაცია და ცხელება, მუცლის ტკივლები. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია ორგანიზმის გაუწყლოვნების ხარისხზე. როდესაც გაუწყლოვება იწვევს სხეულის მასის 10% – ით დაკარგვას, ვითარდება აფონია, ტოქსიკური კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურა ქვეითდება 350 C – ზე ქვევით, ვითარდება ინფექციურ – ალერგიული შოკი. დიაგნოზი დგინდება მიკრობიოლოგიური მეთოდებით. მკურნალობის საფუძველია – ხსნარების შეყვანა დაკარგული სითხის აღსადგენად, ინიშნება ანტიბიოტიკები. დროული მკურნალობისას დაავადება მთავრდება კეთილსაიმედოდ. პროფილაქტიკა: ავადმყოფის იზოლაცია, მტარებლების გამოვლინება, იზოლაცია და სანაცია, საკარანტინო ღონისძიებების ჩატარება, ვაქცინაციის ჩატარება.