შავი ჭირი

შავი ჭირი plague

შავი ჭირი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს შავი ჭირის ჩხირი – Yersinia pestis. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს.

შავი ჭირი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. შავი ჭირის გამომწვევი მდგრადია დაბალი ტემპერატურების მიმართ, კარგად ძლებს ნახველში, მაგრამ 550 C დროს იღუპება 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო დუღილისას – პრაქტიკულად დაუყონებლივ. ორგანიზმში ხვდება კანის, სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების, კონიუნქტივის გავლით. შავი ჭირის ბაქტერიებით დასნებოვნებული რწყილების კბენის დროს ნაკბენის ადგილზე შესაძლებელია წარმოიქმნას პაპულა ან პუსტულა, ავსებული ჰემორაგიული შემცველობით (კანის ფორმა). შემდეგ პროცესი ვრცელდება ლიფური ძარღვებით, ლიმფანგიტის გამოვლინების გარეშე. ბაქტერიების გამრავლება ლიმფური კვანძების მაკროფაგებში იწვევს მათ მკვეთრ გადიდებას, შერწყმას და კონგლომერატის წარმოქმნას (ბუბონური ფორმა). ინფექციის გენერალიზაციამ, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრ აუცილებლობას, განსაკუთრებით თანამედროვე ანტიბიოტიკოთერაპიის პირობებში, შესაძლებელია გამოიწვიოს სეპტიკური ფორმა, რასაც თან ახლავს პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანოს დაზიანება.

შავი ჭირი – სიმპტომები, მიმდინარეობა. შავი ჭირის ბუბონური ფორმა ხასიათდება კონგლომერატების მკვეთრი მტკივნეულობით, ხშირად საზარდულის ლიმფური კვანძებისა ცალ მხარეზე. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2-6 დღეს. რამდენიმე დღის განმავლობაში კონგლომერატის ზომები მატულობს, მის ზევით კანი ჰიპერემიულია. ამავდროულად ვლინდება სხვა ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებაც – მეორადი ბუბონები. პირველადი კერის ლიმფური კვანძები რბილდება, მათი პუნქციით ღებულობენ ჩირქოვან ან ჰემორაგიულ შემცველობას, რომლის მიკროსკოპული ანალიზი ავლენს დიდი რაოდენობით გრამუარყოფით ჩხირებს. ანტიბაქტერიული თერაპიის ჩაუტარებლობის დროს დაჩირქებული ლიმფური კვანძები იხსნება. შემდეგში კი ხდება ნაწიბურების თანდათანობითი შეხორცება. ავადმყოფთა მდგომარეობა თანდათანობით მძიმდება, სწრაფად ვლინდება მაღალი ცხელება; ზოგჯერ პირველ დღეებში ავადმყოფთა მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი. ამასთან ნებისმიერ მომენტში შავი ჭირის ბუბონურმა ფორმამ შესაძლებელია გამოიწვიოს პროცესის გენერალიზაცია და გადავიდეს მეორად-სეპტიკურ ან მეორად-ფილტვისმიერ ფორმაში. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ინტოქსიკაციის სიმპტომები მატულობს ყოველ საათში. ძლიერი შემცივნების შემდეგ ტემპერატურა აღწევს მაღალ ციფრებს; აღინიშნება სეფსისის ყველა ნიშანი: კუნთების ტკივილი, მკვეთრი სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დამუხრუჭება, ზოგჯერ ძლიერი აგზნება, უძილობა. პნევმონიის განვითარებასთან ერთად მატულობს ციანოზი, ვლინდება ხველა ქაფიანი სისხლიანი ნახველით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შავი ჭირის ჩხირებს; სწორედ ეს ნახველი წარმოადგენს ადამიანიდან ადამიანზე დასნებოვნების წყაროს, პირველადი ფილტვისმიერი შავი ჭირის განვითარებით. შავი ჭირის სეპტიკური და ფილტვისმიერი ფორმა მიმდინარეობს როგორც მძიმე სეფსისი, დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის გამოვლინებით: შესაძლებელია წვრილი სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, გამოხატული ტაქიკარდია, არტერიული წნევის სწრაფად დაცემა, რომელიც მოითხოვს კორექციას. აუსკულტაციით – ორმხრივი კეროვანი პნევმონიის სურათი. პირველადი სეპტიკური ან პირველადი ფილტვისმიერი ფორმის კლინიკური სურათი პრინციპულად არ განსხვავდება მეორადი ფორმისაგან, მაგრამ პირველად ფორმებს არაიშვიათად აქვთ შედარებით ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი – რამდენიმე საათამდე. დიაგნოზი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზი,  ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

შავი ჭირი – მკურნალობა. აუცილებელია დაუყონებლივი ჰოსპიტალიზაცია ინფექციური სტაციონარის ბოქსში. შავი ჭირის ბუბონური ფორმის დროს ავადმყოფს კუნთებში უკეთდება ანტიბიოტიკები. ინტოქსიკაციის დროს ვენაში კეთდება მარილოვანი ხსნარები, ჰემოდეზი. არტერიული წნევის დაცემა ბუბონური ფორმის დროს განიხილება როგორც პროცესის გენერალიზაციის ნიშანი, სეფსისის ნიშანი; ამასთან წარმოიქმნება რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. მდგომარეობის გაუმჯობესების დროს ანტიბიოტიკების დოზას ამცირებენ. ჰემორაგიის განვითარებისას დაუყონებლივ იწყებენ დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდორმის კუპირებას: ტარდება პლაზმოფერეზი.

შავი ჭირი – პროგნოზი. თანამედროვე თერაპიის პირობებში სიკვდილი ბუბონური ფორმის დროს არ აღემატება 5-10%-ს; გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია, თუკი მკურნალობა დროულადაა დაწყებული.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შავი ჭირი – მწვავე, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადება. მისი გამომწვევი მიეკუთვნება იერსინიების სახეობას. ქალაქებში  გამომწვევის წყაროა ვირთხები. გადამტანები – ტილები; ადამიანის დასნებოვნება ხდება ცხოველებთან კონტაქტისას, საკვებად დაავადებული ცხოველების ხორცის გამოყენებისას. ინკუბაციური პერიოდი  1 – 6 დღეა. დაავადების ნებისმიერი ფორმა მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ინტოქსიკაციით, ნერვული და გულ – სისხლძარღვთა სისტემების დაზიანებით. შავი ჭირის  ყველაზე მეტად დამახასიათებელია ნიშანია – ბუბონი (მკვეთრად გადიდებული და მტკივნეული ლიმფური კვანძების კონგლომერატი), რომელიც სწრაფად ნეკროზდება და ჩირქდება. გამომწვევის სისხლში მოხვედრის ან ჰაერ – წვერთოვანი გზით დასნებოვნებისას, ვითარდება შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა – ფილტვისმიერი შავი ჭირი, რომელიც ყოველთვის ლეტალობით მთავრდება. დიაგნოზის დადგენა ხდება მიკრობიოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა ტარდება სპეციალურად მოწყობილ სტაციონარებში ანტიბიოტიკებით.