ბოროვსკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბოროვსკის დაავადება – (კანის ლეიშმანიოზი) (კანისა და ვენ. დაავ.) დერმატოზოონოზი მრავალ ცხელ ქვეყანაში ენდემიური გავრცელებით. გამომწვევი – უმატრივესები – (ბოროვსკის სხეულები). მათ რეზერვუარს წარმოადგენენ სახვადასხვა მღრნელები – (მექვიშია, თრია), ხოლო გადამტანებს – მოსკიტები. სიმპტომები. გამომწვევის თავისებურებიდან და ორგანიზმის რეაქციიდან გამომდინარე განასხვავებენ ორ ტიპს: მწვავედმანეკროზირებელი (სოფლის) და გვიანდაწყლულებადი (ქალაქის). პირველი ტიპის დრო, მოკლე ინკუბაციური პერიოდის (3 – 4 კვირა) შემდეგ, მოსკიტების კბენის ადგილას (ჩვეულებრივ სხეულის ღია ნაწილები – სახე, ზედა კიდურები) ვითარდება ანთებითი ხორკლიანი გამონაყარი, რომელიც პერიფერიული ზრდის შედეგად, მოკლე ხანში, გადაიქცევა ერთ მთლიან კონგლომერატად. ცენტრში, საკმაოდ სწრაფად, იწყება ჩირქოვანი დაშლა, რის შემდეგაც ფორმირდება წყლული. სუბიექტურად – ზომიერად გამოხატული წვა და მტკივნეულობა. დაავადების მიმდინარეობაა 5 – 7 თვე, ამასთან მკურნალობის არჩატარების შემთხვევაშიც კი, ამ პერიოდისთვის, პროცესი თვითნებურად უკუვითარდება ნაწიბურების ფორმირებით. დაავადება ტოვებს განმეორებით დასნებოვნების იმუნიტეტს. გვიანდაწყლულებადი ტიპისთვის დამახასიათებელია უფრო გახანგრძლივებული ინკუბაციური პერიოდი (1 წლამდე და მეტი), ნაკლებად ნაჯერი ხორკლები (ანთებითი მოვლენები ძლივს მოჩანს), ქრონიკული მიმდინარეობა; წყლულოვანი დაშლა იწყება 3 – 5 თვის შემდეგ, ის უფრო ზედაპირულია, ხოლო დანაწიბურება მიმდინარეობს 1 – 2 წლის განმავლობაში. გადატანილი დაავადების შემდეგ რჩება იმუნიტეტი, თუმცა მხოლოდ აღნიშნული, კონკრეტული გამომწვევის მიმართ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა