ენტეროპათიური აკროდერმატიტი (ბავშვებში)

ენტეროპათიური აკროდერმატიტი (ბავშვებში) – ჩვილ ბავშვთა დაავადებები, რომელიც ვლინდება შემატებითი საკვების დანიშვნის პერიოდში. დაავადებას საფუძვლად უდევს ორგანიზმში თუთიის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ იწვევს მრავალი ფერმენტის აქტიურობის დაქვეითებას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს. კლინიკური სურათი. კიდურების დისტალური ნაწილების, სხეულის ბუნებრივი ხვრელების ირგვლივ ვეზიკულური, პუსტულოზური, ბულოზური დერმატიტი, არაიშვიათად ალოპეცია, წარბებისა და წამწამების დაცვენა, ლორწოვანი გარსების დაზიანება საფუარისმაგვარი სოკოებით, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (ფაღარათი, სტეატორეა). შემდგომში ჰიპოტროფია, მეორადი ჩირქოვანი ინფექცია, ზრდაში ჩამორჩენა. დიაგნოზი დასტურდება სისხლში თუთიის დაბალი შემცველობის დადგენით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნაწლავის შეწოვის დარღვევის სინდრომთან, დერმატიტთან. პროგნოზი ადრე დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა – კვების წესების დაცვა ბავშვის ასაკთან შესაბამისობით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..