ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით. ინფექციის რეზერვუარი და წყაროა ველური ცხოველები (მღრღნელები) და ტკიპები. დაინფიცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ტკიპის მიკვრისას, არამედ დაინფიცირებული თხის რძის მიღების დროს. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსებს. ინფექციის კარია კანის საფარველი (ტკიპების მიკვრისას) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი (ალიმენტური დასნებოვნებისას). ვირუსი ჰემატოგენურად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, იწვევს გამოხატულ ცვლილებებს ზურგის ტვინის კისრის ნაწილის წინა რქების ნერვულ უჯრედებსა და მოგრძო ტვინის ბირთვებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 8 – დან 23 დღემდე (ხშირად 7 – 14 დღე). დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, თავის ძლიერი ტკივილით, სისუსტით. პირველ დღეებში ვლინდება მხოლოდ ზოგადტოქსიკური სიმპტომები. ნერვული სისტემის დამახასიათებელი ცვლილებები წარმოიქმნება მხოლოდ დაავადების მე – 3 – 4 დღიდან. ნერვული სისტემის დაზიანების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ სინდრომებს: მენინგეალური, პოლიომიელიტური, პოლირადიკულონევროზული, ასევე დიფუზური და კეროვანი ენცეფალიტის გამოვლინებები. ტკიპისმიერი ენცეფალიტის მსუბუქი ფორმები შესაძლებელია მიმდინარეობდეს ხანმოკლე ცხელებით, ნერვული სისტემის გამოხატული დაზიანების ნიშნების გარეშე. დაავადების საშუალოდ მძიმე და მძიმე ფორმები მიმდინარეობს რომელიმე სინდრომის სიჭარბით. ცალკეულ ავადმყოფებთან (1 – დან 14% – მდე) დაავადება შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში. ენცეფალიტის გადატანის შემდეგ შესაძლებელია დარჩეს მყარი შედეგები კისრის, მხრის სარტყლის კუნთების დუნე დამბლის, კოჟევნიკოვის ეპილეფსიის სახით. დიაგნოსტიკისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს (სეზონურობა, ტკიპის მიკვრა, ენდემურ კერაში ყოფნა), ნერვული სისტემის დამახასიათებელ დაზიანებას. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ სეროლოგიურ რეაქციებს. პროგნოზი მკურნალობის თანამედროვე მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა