ლეიკოენცეფალიტები

ლეიკოენცეფალიტი

ლეიკოენცეფალიტი, ლეიკოენცეფალიტის ფორმები,  ლეიკოენცეფალიტი –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, ლეიკოენცეფალიტი-ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, მიმდინარეობა, ლეიკოენცეფალიტი  –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, დიაგნოსტირება,  ლეიკოენცეფალიტი  –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, მკურნალობა,  ლეიკოენცეფალიტი – მწვავე ჰემორაგიული ენცეფალიტი >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ლეიკოენცეფალიტები – თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს უპირატესად ზიანდება მისი თეთრი ნივთიერება და ვლინდება დამბლებით, მოძრაობის კოორდინაციის, მეტყველების, ყლაპვის დარღვევით, ეპილეფსიური შეტევებითა და ჭკუასუსტობით.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ლეიკოენცეფალიტი (leukoencephalitis; ბერძ. Leukos თეთრი + ენცეფალიტი) ძირითადად  თავის ტვინის თეთრი, იშვიათად კი რუხი ნივთიერების, ანთებით – დეგენერაციული პროგრესირებადი დაზიანებაა,  მიეკუთვნება დემიელინიზირებადი დაავადებებს.

ლეიკოენცეფალიტის ფორმები

განასხვავებენ ლეიკოენცეფალიტის   რამდენიმე ფორმას: ვან-ბოგარტის ქვემწვავე მასკლე­რო­ზი­რე­ბე­ლი პანენცეფალიტი, შილდერის პერიაქსილარული ენცეფალიტი, მწვავე ჰემორაგიული ლეიკოენცეფალიტი. ვარაუდობენ, რომ ვან-ბოგარტის პანენცეფალიტის გამომწვევია წითელას ვირუსი, რომელიც ხანგრძლივად პერსისტირებს თავის ტვინის ნეირონებში და გარკვეულ პირობებში ხდება გააქტიურება. შილდერის ენცეფალიტი ზოგიერთი მკვლევარის მიერ განიხილება როგორც ბავშვთა ასაკის გაფანტული სკლეროზის ერთერთი ვარიანტი. მწვავე ჰემორაგიული ენცეფალიტი არცთუ იშვიათად  ვითარდება პროფილაქტიკური აცრების შედეგად, პათოგენეზი არაა ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ ადგილი აქვს ჰიპერერგიულ აუტოიმუნურ პროცესს, რომლის გამშვებ მექანიზმსაც ვირუსი წარმოადგენს.

ლეიკოენცეფალიტი –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი

ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტისათვის დამახასიათებელია დიფუზური ან კეროვანი დემიელინიზაცია თავის ტვინის ყველა ნაწილში, ხვეულების ატროფია, ღარების გაფართოება. ჰისტოლოგიურად შეინიშნება დიფუზური ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები, როგორც თეთრ, ისე რუხ ნივთიერებაში, პერივასკულური ინფილტრატები და ა.შ. ირღვევა ნორმალურად ფორმირებული მიელინის გარსი, მიმდინარეობს ასტროციტებისა და გლიის ინტენსიური პროლიფერაცია. გლიოზი შეიძლება იყოს წვრილკეროვანი და მსხვილკეროვანი. დიფუზური გლიოზის შედეგად აღინიშნება თავის ტვინის ნივთიერების გამკვრივება.

ვან- ბოგარტის ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი ძირითადად ვითარდება 5-14 წლის ასაკის ბავშვებში, უმეტესად ბიჭებში. აღინიშნება  კავშირი წითელასთანვაქცინაციის შედეგად წითელას  შემთხვევების  შემცირებასთან ერთად იკლო ვან-ბოგარტის პანენცეფალიტის სიხშირემაც.

ლეიკოენცეფალიტი  –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, მიმდინარეობა

ვან-ბოგარტის პანენცეფალიტი იწყება თანდათანობით, ასთენონევროზული სინდრომის განვითარებით: ვლინდება დაღლილობა, გაღიზიანებადობა, მოთენთილობა, არამყარი გუნება-განწყობილება, რასაც თან სდევს აგრესიულობა, ეგოცენტრიზმი, აზროვნების ინერტულობა, თავის ტკივილები, შიშები, ჩაკეტილობა. ამის ფონზე ვლინდება კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ჰიპერკინეზიები (მიოკლონიები,  თავისა და კიდურების უნებლიე მოძრაობები, მატულობს კუნთების ტონუსი, ვითარდება ტეტრაპარეზის ტიპის სპასტიური დამბლა, ფსევდობულბური, ზოგჯერ ბულბური სინდრომი. თან ერთვის ნათხემის დაზიანება: დინამიური ატაქსია, დისკინეზიები. ასევე დამახასითებელია კრუნჩხითი შეტევები. აღნიშნული სიმპტომები ვლინება დაავადების სხვადასხვა სტადიაზე. შორს წასულ შემთხვევებში აღინიშნება ტროფიკული და ვეგეტატიური დარღვევები, კახექსია, თერმორეგულაციის დარღვევები, უმოძრაობა, დეცერებრაციული რიგიდობა. ზოგჯერ შეინიშნება ფსევდოტუმოროზული მიმდინარეობა ზოგადტვინოვანი და ლოკალური სიმპტომებით. ხშირად ვითარდება მხედველობის ნერვის პირველადი ატროფია.

ლეიკოენცეფალიტი  –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, დიაგნოსტირება

ვან-ბოგარტის პანენცეფალიტის დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, პროგრესირებადი მიმდინარეობა, ექსტრაპირამიდული და პირამიდული სისტემის, ნათხემის დაზიანების ნიშნების მატება, დემენციის, მხედველობის ნერვის ატროფიის, კრუნჩხვების ფონზე. მნიშვნელოვანია სხვადასხვა კვლევები, მათ შორის ელექტროენცეფალოგრამა (მაღალ ამპლიტუდური ნელი ტალღები, დაქვეითებული ბიოელექტრული აქტივობის ფონზე), ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა (ცილების მომატებული შემცველობა, ელექტროფორეზული კვლევით – ალბუმინების დონის შემცირება,  lgG-ის ფრაქციის მომატების ფონზე), სისხლში და ცერებროსპინალურ სითხეში მომატებულია წითელას საწინააღმდეგო ანტისხეულები, კომპიუტერული ტომოგრაფიით  ვლინდება  თავის ტვინის ნახევარსფეროების ატროფია,  თავის ტვინის პარკუჭების გაგანიერება და თეთრ ნივთიერებაში დაქვეითებული სიმკვრივის უბნები.

ლეიკოენცეფალიტი  –  ვან-ბოგარტის  პანენცეფალიტი, მკურნალობა

მკურნალობის მიზნით გამოიყენება ჰორმონული, სიმპტომური თერაპია, მიორელაქსანტები – მიდოკალმი, ციკლოდოლი, ბაკლოფენი, ანტიკონსვულსიური პრეპარატები, B ჯგუფის ვიატმინები. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ლეიკოენცეფალიტი – მწვავე ჰემორაგიული ენცეფალიტი

მწვავე ჰემორაგიული ენცეფალიტის დროს აღინიშნება თავის ტვინის შეშუპება, ნახევარსფეროების განაკვეთზე რბილი მოვარდისფრო – მონაცისფრო მრავალრიცხოვანი წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ჰისტოლოგიურად კი ჰემორაგიულ ზონებში არსებული წვრილი სისხლძარღვების ფიბრინოიდული ნეკროზი, პერივასკულური აქსონების დემიელინიზაცია, დესტრუქცია.

მწვავე ჰემორაგიული ლეიკოენცეფალიტი ხასიათდება მწვავე დასაწყისით, თავის ტვინის დაზიანების ტალღისებურად მზარდი სურათით, რასაც წინ უძღვის კატარალური მოვლენები (2-4 დღის განმავლობაში), შემდეგ ვლინდება ძლიერი თავის ტკივილები, მენინგეალური სინდრომი,  ცნობიერების დარღვევები, კრუნჩხვები, ჰემი – და ტეტრაპარეზი, ფსევდობულბური სინდრომი, ცერებროსპინალურ სითხეში აღინიშნება პოლიმორფულ-ბირთვიანი პლეოციტოზი, ცილების კონცენტრაციის მატება. დაავადების ხანგრძლივობა ვარირებს 2 დღიდან 2 კვირამდე, გამოსავალი ლეტალურია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები