მშობიარობა

მშობიარობა – ორსულობის დამამთავრებელი რთული ფიზიოლოგიური პროცესი, როდესაც საშვილოსნოს რიტმული შეკუმშვების შედეგად დედის ორგანიზმიდან გამოიძევება ნაყოფი და მისი მომყოლი.

განარჩევენ დროულ მშობიარობას, რომელიც იწყება ნაყოფის ჩასახვიდან 10 სამთვარეო თვის ანუ 40 კვირის ბოლოს (დასაშვები მერყეობა 14 დღეა), ნაადრევს, როცა იბადება მოუმწიფებელი, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი 28 კვირიდან 40 კვირამდე, დაგვიანებულს, როცა იბადება გადამწიფებული ნაყოფი – ჩასახვიდან 40 – 41 კვირის შემდეგ.

მშობიარობის დაწყებას წინ უძღვის დედისა და ნაყოფის ორგანიზმში სტრუქტურული, ენდოკრინული და ნერვულ – რეფლექსური ხასიათის ცვლილებები. ამ დროს ორსულის სისხლში იზრდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების რაოდენობა, საშვილოსნოს კუნთის აგზნებადობა მატულობს, ხოლო თავის ტვინის ქერქისა კი პირიქით – კლებულობს. პერიოდულად მატულობს საშვილოსნოს ტონუსი, ნაყოფის გახშირებული მოძრაობის შედეგად ღიზიანდება საშვილოსნოს ინტერორეცეპტორები, იწყება საშვილოსნოს შეკუმშვა რომელიც თანდათან ძლიერდება, რიტმული ხდება.

საშვილოსნოს რიტმულ შეკუმშვებს მშობიარე აღიქვამს როგორც ტკივილს. შემთხვევათა 7 – 14% – ში ტკივილი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მშობიარე მას ვერც კი შეიგრძნობს. მშობიარობის ნორმალურ მიმდინარეობას განსაზღვრავს 3 ძირითადი ფაქტორი: სამშობიარო არხი (მცირე მენჯის ძვლოვანი რგოლი და რბილი სამშობიარო გზები), ნაყოფი და სამშობიარო ძალა.

მშობიარობა იყოფა 3 ძირითად პერიოდად: საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა, ნაყოფის დაბადება და მომყოლის გამოძევება. პირველ პერიოდში საშვილონოს რიტმული შეკუმშვის შედეგად საშვილოსნოს ყელი თანდათან სწორდება და იხსნება. ამას ხელს უწყობს სანაყოფო ბუშტი, რ – იც სოლისებრად აგანივრებს ყელის არხს. საშვილოსნოს ყელის 8 სმ – მდე გახსნის შემდეგ სანაყოფო ბუშტი იხევა და სანაყოფო წყლები იღვრება. სანაყოფო წყლები შეიძლება დაიღვაროს მშობიარობის დაწყებამდე ან საშვილოსნოს ყელის სათანადოდ გახსნამდე, ანდა პირიქით, სანაყოფო ბუშტი არ იხევა ნაყოფის დაბადებამდე. რაც სახიფათოა, ვინაიდან სანაყოფო წყალი შეიძლეა მოხვდეს სასუნთქ გზებში და ნაყოფი დაიღუპოს.

მშობიარობის II პერიოდში საშვილოსნოს შეკუმშვებს ემატება მუცლის წინა კედლის კუნთების შეკუმშა და ნაყოფის თავი იწყებს ბრუნვით და წინსვლით მოძრაობას (მშობიარობის ბიომექანიზმი).

ფიზიოლოგიური მშობიარობის ბიომექანიზმში გამოყოფენ 4 ძირითად მომენტს: ნაყოფის თავის მოხრა (მენჯის შესავლის სიბრტყეში); თავის ბრუნვა (იწყება ძვლოვანი მენჯის ფართო და ვიწრო ნაწილის საზღვარზე და მთავრდება მენჯის გამოსავალში), თავის გაშლა, როცა კეფისქვეშა ფოსო მიებჯინება სიმფიზის რკალის ქვემო კიდეს და შორისის მხრიდან იბადება შუბლი, სახე, ნიკაპი; ნაყოფის თავის გარეგანი და მხრების შინაგანი ბრუნვა.

დაბადების შემდეგ ახალშობილის ჭიპლარს გადაკვანძავენ, გადაკვეთავენ, დაამუშავებენ იოდით და დაადებენ ასეპტიკურ ნახვევს. რამდენიმე წუთის შემდეგ საშვილოსნო კვლავ იწყებს შეკუმშვას, მაგრამ შედარებით სუსტად. პლაცენტა თანდათან სცილდება საშვილოსნოს კედელს და სანაყოფო გარსებთან ერთად გამოიძევება. მშობიარობის საერთო ხანგრძლივობა პირველ მშობიარეებში 15 – 20 სთ.

მშობიარობის სწორად წარმართვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობიარობის გაუტკივარებას. მშობიარობის გაუტკივარების მეთოდებიდან აღსანიშნავია მედიკამენტური გაუტკივარება, შთაგონება, ჰიპნოზი, უმარილო დიეტა და გაუტკივარების ფსიქოპროპილაქტიკური მეთოდი, რომელიც უნდა დაიწყოს ქალთა კონსულტაციაში და გაგრძელდეს სამშობიარო განყოფილებაში.

ფსიქოპროფილაქტიკურ მეთოდთან და უმარილო დიეტასთან ერთად იყენებენ გაუტკივარების სხვა საშუალებებსაც (აზოტის ქვეჟანგს, ნეიროლეპტანალგეზიას და სხვ). მედიკამენტური გაუტკივარების გამოყენება შეიძლება საშვილოსნოს ყელის 3 – 4 სმ გახსნის შემდეგ, ჩამოყალიბებული სამშობიარო პროცესის ფონზე. მშობიარობის ნორმალური მიმდინარეობა შეიძლება დაირღვეს ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა სამშობიარო არხის ანომალია (ვიწრო მენჯი, რბილი ქსოვილების ნაწიბუროვანი გადაგვარება), სიმსივნე, განვითარების მანკი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, მომყოლის არასწორი მიმაგრება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და სხვ. მშობიარობის გართულების დროს შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგ. ჩარევა. პ. კინტრაია. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..