ყვითელი ცხელება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:
ყვითელი ცხელება – განსაკუთრებით სახიფათო ვირუსული დაავადება, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში. ინფექციის გამომწვევის წყაროა ადამიანები და მაიმუნები, გადამტანები – კოღოები. დაავადება ხასიათდება მაღალი ცხელებით, სიყვითლით, სისხლდენებით. მკურნალობის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს.
ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:
ყვითელი ცხელება (febris flava) – საკარანტინო ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება და ხასიათდება ინტოქსიკაციით, ჰემორაგიული სინდრომით, ღვიძლისა და თირკმლების დაზიანებით.
ყვითელი ცხელება გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში, სადაც შესაძლებელია მისი გადამტანის განვითარება, თუმცა შესაძლებელია სხვაგანაც გავრცელება ენდემური რაიონებიდან დაინფიცირებული პირების გადაადგილების შედეგად.
ეტიოლოგია
ყვითელი ცხელების გამომწვევია არბოვირუსი, რომელიც გამოირჩევა ანტიგენური მსგავსებით დენგესა და იაპონური ენცეფალიტის ვირუსებისადმი. 600C-ზე მაღალ ტემპერატურაზე და ჩვეულებრივი სადენზიფექციო საშუალებებით ზემოქმედებისას ვირუსი ადვილად იშლება, თუმცა დიდხანს ძლებს გაყინულ მდგომარეობაში და ლიოფილიზაცისას.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს მაიმუნები, ზოგიერთი ჩანთოსნები, მღრღნელები, ასევე ადამიანები. ინფექციის გამომწვევის გადამტანია კოღოები.
პათოგენეზი და პათოლოგიური ანატომია
ადამიანის ორგანიზმში კოღოს კბენის შედეგად მოხვედრილი ვირუსი ლიმფური ძარღვების მეშვეობით აღწევს და მრავლდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, რაც შეესაბამება ინკუბაციურ პერიოდს. ინკუბაციურ პერიოდს მოსდევს ვირუსემიის პერიოდი, როდესაც ვირუსი ხვდება ღვიძლში, ელენთაში, თირკმლებში, ძვლის ტვინში და თავის ტვინში და იწვევს ჰეპატოციტების, თირკმლის მილაკების ეპითელური უჯრედების დისტროფიული და ნეკროზულ ცვლილებებს, კაპილარების განვლადობის მატებას, შესაძლებელია ენცეფალიტის განვითარება.
ყვითელი ცხელების გადატანის შემდეგ ვითარდება მყარი სამუდამო იმუნიტეტი, ვაქცინაციის შემდგომ კი იმუნიტეტი ნარჩუნდება რამდენიმე წელიწადი.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ყვითელი ცხელების ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 3-6 დღეა, ზოგჯერ 10 დღემდე გრძელდება. ტიპიური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია ორი გამოხატული სტადია – ჰიპერემიისა და ვენური სტაზის. დაავადება იწყება მწვავედ შემცივნებით, ვლინდება ძლიერი თავის ტკივილი, ასევე ტკივილი წელის არეში, ზურგში, კიდურებში. სხეულის ტემპერატურა აღწევს 39-400-მდე. აღინიშნება სახის, ქუთუთოების შეშუპება და ჰიპერემია, სკლერის სისხლძარღვებისა და კონიუნქტივის ინექცია, ჰიპერემირებულია ასევე კისრის მიდამო და სხეულის ზედა ნაწილი. პულსი ხშირდება 120-130 დარტყმამდე წუთში. ავადმყოფი აღგზნებულია, გამოხატულია ძლიერი წყურვილის გრძნობა, გულისრევა და განმეორებადი ღებინება.
დაავადების 3-4 დღეს ვლინდება ციანოზი, სიყვითლე, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, სისხლიანი ღებინება და სისხლიანი ფეკალური მასები. აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება და პალპაციით მტკივნეულობა. ჰიპერემიის სტადია მთავრდება მე-4-5 დღეს და იწყება რემისია, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე. სხეულის ტემპერატურა ქვეითდება, მდგომარეობა უმჯობესდება, სუსტდება თავისა და კუნთების ტკივილი.
შემდეგ დაავადებულთა უმეტესობაში მდგომარეობა კვლავ პროგრესულად უარესდება, დაავადება გადადის ვენური სტაზის სტადიაში, იმატებს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება კანის საფარველის გაფერმკრთალება და ციანოზი, ვლინდება მრავლობითი ჰემორაგიები კანსა და ლორწოვან გარსებზე, განმეორებითი სისხლიანი ღებინება, უფრო გამოხატული ხდება სიყვითლე. ამ პერიოდში შეინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ანურია. შესაძლებელია ტოქსიკური ენცეფალიტის განვითარება. ჩვეულებრივ ყვითელი ცხელება ლეტალურად მთავრდება დაავადების მე-6-9 დღეს. კეთილსაიმედო გამოსავლის შემთხვევაში გამოჯანმრთელება სწრაფად ხდება და 5-7 დღის განმავლობაში გამოხატულია ასთენია.
დიაგნოსტირება
ყვითელი ცხელების დიაგნოზი ემყარება კლინიკურ სურათს, ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ლაბორატორიული კვლევების შედეგებს. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს ისეთ ინფექციურ დაავადებებთან, როგორიცაა დენგეს ცხელება, მალარია, ლეპტოსპიროზი, ვირუსული ჰეპატიტი, ჰემორაგიული ცხელება.
მკურნალობა და პროფილაქტიკა
დაავადებული პირები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას. ყვითელი ცხელების სპეციფიური მკურნალობის მიზნით გამოიყენება ინტერფერონი, მძიმე ფორმებისას მიმართავენ წყალ-ელექტროლიტური და ცილოვანი ხსნარების ინფუზიას, ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, აციდოზის მაკორეგირებელი პრეპარატები, დიურეტიკები, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას მკურნალობა სიმპტომურია.
პროფილაქტიკური ღონისძიებები გულისხმობს მკაცრ ეპიდზედამხედველობას ყვითელი ცხელების ენდემურ რაიონებში, ვაქცინაციას, კოღოებისაგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებას. ენდემური რაიონიდან ჩამოსული არაცრილი პირები ექვემდებარებიან კარანტინს ცხრა დღის განმავლობაში.
ყვითელი ცხელება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩺 ყვითელი ცხელება – განსაკუთრებით სახიფათო ვირუსული დაავადება, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში
🦟 ინფექციის გამომწვევის წყაროა ადამიანები და მაიმუნები, გადამტანები – კოღოები
🟡 ყვითელი ცხელების მიმდინარეობისას განარჩევენ ორ პერიოდს:
➡️ ინკუბაციური პერიოდი – ადამიანის ორგანიზმში კოღოს კბენის შედეგად მოხვედრილი ვირუსი ლიმფური ძარღვების მეშვეობით აღწევს და მრავლდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში
➡️ ვირუსემიის პერიოდი – ვირუსი ხვდება ღვიძლში, ელენთაში, თირკმლებში, ძვლის ტვინში და თავის ტვინში და იწვევს ჰეპატოციტების, თირკმლის მილაკების ეპითელური უჯრედების დისტროფიული და ნეკროზულ ცვლილებებს, კაპილარების განვლადობის მატებას
💬 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ყვითელიცხელება #რაარისყვითელიცხელება #ყვითელიცხელებისსიმპტომები #ყვითელიცხელებისნიშნები #ყვითელიცხელებისპროფილაქტიკა #ყვითელიცხელებისმკურნალობა #არბოვირუსი #ყვითელიცხელებისგამომწვევი #კოღოსმიერგავრცელებულიდაავადებები
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები:
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988