ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები და კლინიკური გამოვლინებები პირველ რიგში დაკავშირებულია არტერიულ ჰიპერტონიასთან. ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილებს, გამოკვლევისას ადგილი აქვს გულის გადიდებას მარცხნივ, აორტაზე II ტონის აქცენტს, ცვლილებებს ეკგ – ზე. თვალის ფსკერზე აღინიშნება არტერიოლების შევიწროება. დიფერენცირებული დიაგნოზი ტარდება ქრონიკულ პიელონეფრიტთან და ჰიპერტონულ დაავადებასთან. ავადმყოფებში თანდათანობით ვითარდება ქრონიკული ურემია ან გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული გამოვლინებები.  ნეფროზული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება შეშუპებებით, გამოხატული პროტეინურიით, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატებით, შრატის ცილების შემცველობის შემცირებით, მისი ფრაქციის ურთიერთდამოკიდებულების დარღვევებით – დისპროტეინემია. (იხ. ნეფროზული სინდრომი). დამახასიათებელია თანდათანობითი დაწყება, ამასთან ერთად გარკვეული პერიოდი, დაავადების გამოვლინება, მოიცავს მხოლოდ ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებებს. არტერიულ ჰიპერტონიას ჩვეულებრივ ადგილი აქვს მხოლოდ ურემიის განვითარების შემდეგ. ზოგჯერ სიძნელეები ვითარდება იმ დაავადებებთან დიფერეციაცისას, რომლებიც იწვევენ ნეფროზულ სინდრომს. (მაგ. თირკმლების ამილოიდოზი). შერეული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება ჰიპერტონული და ნეფროზული ტიპის ნეფრიტების სიმპტომების შერწყმით. ამა თუ იმ სინდრომის გამოხატულება შეიძლება ფართოდ ვარიაციას განიცდიდეს. ლატენტური ნეფრიტი ჩვეულებრივ ვლინდება შარდის გამოკვლევის შედეგად, როცა მასში ნახულობენ ცილებს ან ერითროციტებს. ზოგჯერ აღნიშნული დაავადების აღმოჩენა ხდება ქრონიკული ურემიის სტადიაში. ავადმყოფები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაფერს უჩივიან. ლატენტური ნეფრიტის დიაგნოზის დადასტურება, კერძოდ კი მისი დიფერენცირება თირკმლების ამილოიდოზისგან, ორთოსტატიული პროტეინურიისგან და ზოგიერთი სხვა დაავადებებისგან, ზოგჯერ შესაძლებელია მხოლოდ თირკმლების ბიოფსიის შედეგად. ტერმინალური ნეფრიტი – ნებისმიერი ტიპის ნეფრიტის საბოლოო სტადია. ხასიათდება ქრონიკული ურემიით, არტერიული ჰიპერტონიით, დისპეფსიური მოვლენებით, ანემიით და ა.შ. ნეფრიტის გამწვავებების პროფილაქტიკა მდგომარეობს შრომის და დასვენების, დიეტის რაციონალური რეჟიმის დაცვაში, კეროვანი ინფექციების გამწვავებების აქტიურ მკურნალობაში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..