ინფარქტის შემდეგ

ცხოვრება ინფარქტის შემდეგ

არსებობს დაავადებები, რომლებისგანაც შეიძლება სრულად განვიკურნოთ, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს ისეთებიც, რომლებიც გაგვყვება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ასეთებს მიეკუთვნება მიოკარდის ინფარქტი. როგორია ცხოვრების წესი ინფარქტის შემდეგ? პირველ რიგში რჩევა მწეველებს: ,,თუკი თქვენ ეწეოდით ინფარქტამდე და არ დაანებეთ თავი ამ მავნე ჩვევას, ნამდვილად არ უნდა გქონდეთ სასიამოვნო სიურპრიზების მოლოდინი!“ – სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომლებმაც ინფარქტის გადატანის შემდეგ თავი დაანებეს სიგარეტს, 2-ჯერ მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც უარი არ თქვეს ამ მავნე ჩვევაზე.
იგივე ითქმის ალკოჰოლზეც. ცხადია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დაუშვებელია სპირტიანი სასმელის ,,დაყნოსვაც“ კი; ზოგჯერ ვახშმობისას, ან სტუმრად ყოფნისას შეიძლება ერთი ჭიქა წითელი ღვინის ან არყის დალევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამაზე მეტი! ამასთან, აუცილებელია მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაცია. ხშირად ექიმები წინააღმდეგები არ არიან; ითვლება, რომ მცირე დოზით ალკოჰოლი შესაძლოა სასარგებლოც იყოს, თუმცა მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა სავალალოდ იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაა აუცილებელი სპეციალისტის კონსულტაცია.
თუ თქვენ გადაიტანეთ ინფარქტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები იმოძრაოთ, მთელი დღე იჯდეთ ტელევიზორთან და არაფერი აკეთოთ. პირიქით, საუკეთესო გამაჯანსაღებელი საშუალებაა სუფთა ჰაერზე სეირნობა. უხშირესად განმეორებითი ინფარქტი ემართებათ იმ ადამიანებს, რომელთაც მომატებული აქვთ სისხლში ქოლესტერინისა და ზოგიერთი ცხიმის შემცველობა. თუკი ინფარქტის გადატანის შემდეგაც ქოლესტერინის შემცველობა იგივე რჩება, მოსალოდნელია გულის შეტევების კვლავ განმეორება.
მხოლოდ ქოლესტერინითა და ცხოველური ცხიმებით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვა (და საერთოდ აკრძალვა) ამცირებს ამგვარი შეტევების განვითარების რისკს. თქვენ საერთოდ უნდა დაივიწყოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ლორი, მაიონეზი, ნაღების კარაქი, რძე, არაჟანი, ყველი, ხაჭო, ცხიმიანი ხორცი. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, უცხიმო ძროხის ხორცს, ქათმის ხორცს.
კიდევ ერთი რჩევა – ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი. ამგვარი კვება საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ არტერიული წნევა და შეაჩეროთ გულის უკმარისობის განვითარება. თუ თვლით, რომ ამგვარ კვებასთან შეგუება გაგიძნელდებათ, გაიხსენეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – თქვენი ჯამრთელობა თუ გადაძღომა, რომლისგანაც თქვენ მხოლოდ დისკომფორტს ღებულობთ, და ესეც უკეთეს ვარიანტში…
რაც შეეხება ორგანიზმს – ის საკმაოდ ადვილად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეგუება მსუბუქ და სასარგებლო კვებას.
გულის პირველი შეტევის გადატანის შემდეგ ადამიანი უფრო დაკვირვებული უნდა გახდეს, მაგრამ თუკი მიოკარდის ინფარქტი მაინც მოხდა, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს აღარ განმეორდეს. ცხადია, წამლების გარეშე გართულებების თავიდან აცილება შეუძლებელია და ამიტომ აუცილებელია მათი რეგულარული მიღება, ექიმის რეკომენდაციის მკაცრი დაცვით. გამორიცხულია თვითშემოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აიცილებთ სერიოზულ გართულებებს!
გულის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია – ნორმალური არტერიული წნევა. როდესაც წნევა ნორმის ფარგლებშია, გული უკეთ უმკლავდება დატვირთვებს, ინფარქტის შემდეგ კი მუშაობა საგრძნობლად უძნელდება.
წნევის გაზომვა აუცილებელია დღეში 2-ჯერ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
წნევა არ უნდა აღემატეოდეს 140/90 მმ ვწყ. სვ., დამოუკიდებლად თქვენი ასაკისა.
თუკი წნევა ნორმაზე დაბალია, საშიში არაა, თუკი თქვენ ამ დროს არ გაწუხებთ სისუსტე და თავბრუსხვევა.
ასევე საჭიროა პულსის მუდმივი კონტროლი. ნორმალურ, მშვიდ მდგომარეობაში პულსი უნდა იყოს 50-60 დარტყმა წუთში.
მათ, ვისაც გული აწუხებთ, აუცილებლად უნდა აკონტროლონ სხეულის წონა, და თუკი ეს აღემატება ნორმას, აუცილებელია წონაში დაკლება, ვინაიდან ჭარბი წონისას გული ღებულობს დამატებით დატვირთვას და მუშაობა უძნელდება.
სისხლში ქოლესტერინისა და ცხიმების დონის გასაკონტროლებლად, აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ ანალიზის ჩატარება. ქოლესტერინის დონე არ უნდა აღემატებოდეს 5 მმოლ/ლ, ან 200 მგ/დლ.
ინფარქტის გადატანის შემდეგ კარგად უნდა დაფიქრდეთ თქვენი სამსახურის შესახებ – რამდენად მიზანშეწონილია თქვენი იქ დაბრუნება?
რასაკვირველია, უმჯობესია მუშაობა, ვიდრე ჯდომა და არაფრის კეთება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადატანილი პრობლემების შემდეგ, თქვენი დატვირთვა აღარ უნდა იყოს უწინდელი, ჰოსპიტალიზაციამდელი. ეცადეთ დაკავდეთ რაიმე სხვა საქმიანობით, რომელიც მძიმე არ იქნება თქვენთვის და ამავე დროს არ იქნებით უსაქმურად.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიკეტოთ ,,ოთხ კედელშუა“ – მეტი ურთიერთობა გქონდეთ ახლობლებთან, მეგობრებთან, იარეთ აუზზე, დაკავდით სპორტით (გადატვირთვის გარეშე), იცხოვრეთ ნორმალური, ჯანმრთელი ცხოვრების წესით და აკეთეთ ის, რაც მეტად გსიამოვნებთ. და მთავარი რეკომენდაცია – ჩაიტარეთ რეგულარული კონსულტაციები თქვენს მკურნალ ექიმთან, გაითავლისწინეთ მისი რჩევები და რეკომენდაციები.
იყავით ჯანმრთელები და იცოცხლეთ დიდხანს!

აღებულია http://digest.subscribe.ru/health/

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..